ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რა მიზნით მოგზაურობენ საქართველოში?
19 აგვისტო, 2019

საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის II კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 2.2 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც 13.4 %-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.

შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 45%, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ. აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.9 მილიონი შეადგინა, რაც 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 13%-ით არის გაზრდილი.

2019 წლის II კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 378.2 ათასი ვიზიტორი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც მთლიანი ვიზიტორების 24.9 %-ს შეადგენს და წარმოადგენს 36.8 %-იან ზრდას 2018 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით.

2019 წლის II კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი, 46.6 %, განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით. გარდა ამისა საქართველოს ყველაზე ხშირად ნათესავებისა და მეგობრების მოსანახულებლად სტუმრობენ.

საქართველოს არარეზიდენტი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების გადანაწილება ვიზიტის მიზნის მიხედვით კი, ასე ნაწილდება:

დასვენება, გართობა, რეკრეაცია: 884,2 ათასი (46,6%)

მეგობრების/ნათესავების მონახულება: 324,4 ათასი (17,1%)

ტრანზიტი სხვა ქვეყანაში გადასასვლელად: 298,3 ათასი (15,7%)

პროფესიული/ეკონომიკური საქმიანობა: 203,9 ათასი (10,8%)

შოპინგი: 109,2 ათასი (5,8%)

მკურნალობა, გაჯანსაღება: 27,2 ათასი (1,4%)

სხვა: 48,9 ათასი (2,6%)

სულ: 1, 896.1 ათასი (100.0%)

ვიზიტების უმრავლესობა თბილისსა და აჭარაში განხორციელდა.

საანგარიშო პერიოდში საქართველოში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 2.4 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 24.6 %-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2018 წლის II კვარტალთან შედარებით 10.3 %-ით გაიზარდა და 1 261.6 ლარი შეადგინა.

BM.GE


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.