“წარმოების სფეროშია ყველაზე დიდი პრობლემა”, – აცხადებს საოჯახო მარან “ოდას” დამფუძნებელი ქეთო ნინიძე.
მისი თქმით, კვების ობიექტებს უჭირთ, მოიძიონ პროდუქტების მომწოდებლები, რომლებიც ხარისხზე პასუხისმგებლები იქნებიან.
როგორც ნინიძე bm.ge-თან ყვება, აგრარულ ბაზრებზე რთულია მოიძიო სტაბილური მომაწოდებელი, რომლის პროდუქტიც უსაფრთხო იქნება.
ამასთან, მარტვილის რეგიონში არსებული კვების ობიექტებისთვის ერთ-ერთ პრობლემას გაზიფიცირებაც წარმოადგენს.
“გზები ძირითადად გაყვანილია, თუმცა არის ჯერ სოფლები, სადაც ამ მიმართულებით პრობლემებია. გაზმომარაგება ჯერ-ჯერობით არ არის, თუმცა როგორც გვპირდებიან, 2019 წლის ბოლომდე მთლიანად მარტვილი იქნება გაზიფიცირებული; იმედია, რომ ეს დაპირება შესრულდება. გაზიფიცირება უკვე წლებია პრობლემაა მარტვილში და თუ ეს პრობლემა მოიხსნება, ძალიან დიდი ხელშეწყობა იქნება. ასევე ერთ-ერთი მთავარი პრობლემა კვების ობიეტებისთვის არის აგრარული ბაზარი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ხარისხის მოთხოვნებს, იმიტომ რომ პროდუქტები, რომელსაც ჩვენ ვყიდულობთ, არ ვართ დარწმუნებული რამდენად არის უსაფრთხო; შესაბამისად, ჩვენ თვითონ გვიწევს ამ პროდუქტების ხარისხის შემოწმება და დოკუმენტაციის გამოთხოვა, რაც ხშირად არ აქვთ მომწოდებლებს რაც დიდ პრობლემას გვიქმნის“, – ამბობს საოჯახო მარან “ოდას” დამფუძნებელი ქეთო ნინიძე.