ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რა პრობლემები ექმნებათ ტურისტებს საქართველოს დაცულ ტერიტორიებში?
06 მაისი, 2019

საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაციის თავმჯდომარე ლაშა ბერეკაშვილი bm.ge-სთან დაცულ ტერიტორიებზე არსებულ პრობლემებზე საუბრობს. “ოკაცეს კანიონი”, “სათაფლია”, “პრომეთეს მღვიმე” და “მარტვილის კანიონი” – ეს ის ტურისტულად აქტიური ადგილებია, სადაც როგორც ბერეკაშვილი აღნიშნავს, მომსახურების სერვისთან და ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით სიტუაცია გამოსასწორებელია.

ბერეკაშვილი ასევე დაცულ ტერიტორიებზე მაღალ საფასო პოლიტიკაზე საუბრობს და განმარტავს, რომ ფასების კორექტირება უნდა მოხდეს.

სერვისის პრობლემა

“ყველა დაცულ ტერიტორიაზე უნდა იყოს გამოკრული, რომ WI-FI ხელმისაწვდომია და ის უფასოა, ხოლო თუ ფასიანია, ინფორმაცია ამის შესახებაც უნდა იყოს მითითებული. აუცილებელია, რომ ამ ლოკაციებზე ვიზიტორებისთვის უკაბელო ინტერნეტი ხელმისაწვდომი იყოს, რადგან თითეულ ადგილზე გადაღებული და ატვირთული ფოტო ქვეყნისთვის რეკლამაა.

ასევე, თუ არსებობს უკაბელო ინტერნეტი, ეს მხოლოდ კონკრეტული პირებისთვის კი არა, არამედ ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს”, – განმარტავს ლაშა ბერეკაშვილი.

“ორშაბათი ქუთაისელებისთვის ჩავარდნილია, რადგან ეს დასვენების დღეა და ამ დროს ყველაფერი იკეტება, ხოლო როდესაც ტურისტი ქვეყანაში ერთი კვირით არის ჩამოსული, მისთვის ყველა დღე მნიშვნელოვანია. როდესაც მისი მოგზაურობის დროს ორშაბათი ემთხვევა, ქუთაისს აღარ ირჩევს. ორშაბათს, დასვენების დღის გამო, კანიონები დაკეტილია. კარგი იქნება, თუ მორიგეობას შემოიღებენ და თითოეული დაცული ტერიტორია სტუმრებს სათითაოდ მიიღებს. რესურსების გადანაწილება სწორად უნდა მოხდეს”, – აღნიშნავს ბერეკაშვილი.

ინფრასტრუქტურის პრობლემა

“კინჩხას” ჩანჩქერი შარშან მაისში უკვე უნდა გახსნილიყო, თუმცა ჯერ არ გახსნილა. ასევე წყალტუბოში მღვიმე – თეთრა, რომელიც ასთმით დაავადებული ადამიანებისთვის სამკურნალოდ კარგი საშუალებაა და რომელიც ასევე არ არის გახსნილი”, – განაცხადა ლაშა ბერეკაშვილმა.

დაცულ ტერიტორიებზე შესასვლელ ბილეთებთან დაკავშირებით არსებული პრობლემა

“დაცულ ტერიტორიებზე გვეუბნებიან, რომ ისეთი კომპანია შემოჰყავთ, რომელიც ინტერნეტის მეშვეობით ელექტრონულ ბილეთებს გაყიდის. ერთი მხრივ, ეს კარგია, რადგან ვიზიტორთა რიგებს მოაწესრიგებს და ბევრად კომფორტულია, მაგრამ ჩვენთვის ჯერ გაურკვეველია, რომელი კომპანია შემოდის, როდის შემოდის და ინდივიდუალურ ტურისტებთან როგორი სერვისი ექნებათ. უნდა ყოფილიყო პრეზენტაცია, თუ რას აპირებენ ელექტრონულ ბილეთებთან დაკავშირებით. ინფორმაციასთან წვდომა ყველას უნდა ჰქონდეს”, – აღნიშნა ლაშა ბერეკაშვილმა.

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.