ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რა რჩევებს აძლევს ინვესტორთა საბჭოს ფარგლებში შექმნილი ტურიზმის სპეციალური ჯგუფი მთავრობას
11 აპრილი, 2017

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის დავალებით, ინვესტორთა საბჭოში ტურიზმის სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით, შექმნილი სპეციალური ჯგუფის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები საბჭოზე განხილვის მოლოდინშია. 

როგორც „საქმის კურსისთვის“ გახდა ცნობილი, სპეციალური ჯგუფი მიმდინარე წლის თებერვალში შეიქმნა და მისი მიზანი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2017 წლის მარკეტინგის ბიუჯეტის გადანაწილებაში მონაწილეობა და ზოგადად, კერძო სქტორის რეკომენდაციების გაზიარებაა. 

სპეციალურ ჯგუფში როგორც სასტუმროების, ისე ტურ-ოპერატორების და სხვადასხვა ბიზნეს-ასოციაციების წარმომადგენლები შედიან. 

თებერვლიდან მოყოლებული რამდენიმე შეხვედრა გაიმართა, რომლის შემდეგაც ბიზნესმა ტურიზმის მარკეტინგში რამდენიმე მთავარი პრობლემა გამოყო: 

რაციონალურობის ნაკლებობა ღონისძიებების კალენდრის შედგენაში; გაუთვლელი გეგმა პოპულარული სეზონის განმავლობაში და კითხვები “Check-in Georgia”-ს ეფექტიანობის შესახებ, რადგან კერძო სექტორს მიაჩნია, რომ არტისტების შერჩევისას გაჭვირვალობა ნაკლებია. 

"საქმის კურსის" ინფორმაციით, უკვე 7 მარტისთვის ბიზნესს საქართველოს ტურიზმის სააგენტოსა და ტურიზმის ბიუჯეტთან დაკავშირებით, საკუთარი რეკომენდაციებიც ჩამოყალიბებული ჰქონდა: 

1) დაზოგეთ თანხები მასობრივ მარკეტინგულ სტრატეგიებზე ისეთ დიდ ქვეყნებში, როგორიც არის რუსეთი და ამის ნაცვლად, რესურსები მიმართეთ ალტერნატიულ ეფექტიან არხებში. ეს სტრატეგიები მიმართეთ ახალგაზრდა მოგზაურებზე და იმ სეგმენტზე, რომელიც შემდეგ ქვეყნის შესახებ ინფორმაციას გაავრცელებს. შედეგად, ხარისხიანი მოგზაურების მოზიდვას შეძლებთ და ამით ხელს შეუწყობთ ქვეყნის სწორი იმიჯის დამკვიდრებას. 

2) მასობრივი ღონისძიებები, როგორიც არის მაგალითად, კონცერტები, გამოიყენეთ მწირ ტურისტულ სეზონებზე იმის ნაცვლად, რომ ეს ღონისძიებები დაგეგმოთ ისეთ დროს, როცა ტურისტების რაოდენობა ისედაც ბევრია ქვეყანაში. ამით ინდუსტრიაში სეზონურობის დაბალანსებას შეძლებთ. 

3) "Check-in Georgia"-ს დარჩენილი გაუნაწილებელი თანხები მიმართეთ უფრო მიზანმიმართულ რეკლამაზე ისეთ ქალაქებში, სადაც მოსახლეობა 1 მილიონზე მეტია და სადაც პირდაპირი რეისები სრულდება საქართველოში. მაგალითად, თბილისი, ქუთაისი, ბათუმი.

4) საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უნდა შექმნას მარკეტინგის მრჩეველთა საბჭო, რომელიც შემოქმედებითი მიდგომებით გამორჩეული, ქვეყნის წამყვანი მარკეტინგის სპეციალისტებისგან იქნება დაკომპლექტებული და რომლებიც რეგულარულ კონსულტაციებს გაუწევენ ადმინისტრაციას იმისთვის, რომ თანმიმდევრულად განახლდეს ბრენდინგის და მარკეტინგის სტრატეგიები. 

აღსანიშნავია, რომ ეს მხოლოდ ნაწილია. რეკომენდაციები შეეხებოდა ასევე პრეს-ტურების ეფექტიანობას, დამოუკიდებელი ექსპერტების ჩართვას მარკეტინგის ბიუჯეტის განხილვის პროცესში და ა.შ. 

"საქმის კურსი“ დაინტერესდა, რა ბედი ეწევა აღნიშნულ რეკომენდაციებს. ინვესტორთა საბჭოს ბიზნეს-ანალიტიკოსი ერეკლე კოკაია აცხადებს, რომ ბიზნესის რეკომენდაციებს ინვესტორთა საბჭოს შემდეგ სხდომაზე განიხილავენ, რომელიც სავარაუდოდ, აპრილის ბოლოს გაიმართება და შესაბამისად, მაშინ გაირკვევა, მთავრობა რას გაიზიარებს და რას - არა, თუმცა დიდი ნაწილი რომ წელს ვერ იქნება გათვალისწინებული, ისედაც ფაქტია და ამას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძეც ადასტურებს, რადგან ზაფხულის მარკეტინგული კამპანია უკვე დაიწყეს და შესაბამისად ბიუჯეტიც გადანაწილებულია. 

"მარკეტინგული კამპანიების დაგეგემვა 2.5 თვის წინ დავიწყეთ. ამიტომ ეს რეკომენდაციები გათვალისწინებული არ ყოფილა, თუმცა ჩვენ გავიზიარეთ Google-ის რეკომენდაციები. ასევე, ძალიან აქტიურად ვაგრძელებთ კომუნიკაციას საქართველოში არსებულ კერძო სექტორთან, მათ შორის ინვესტორთა საბჭოსთანაც რომ ერთის მხრივ, იყს მეტი იყოს ჩართულობა კერძო სექტორის მხრიდან და მეორეს მხრივ, გავითვალისწინოთ ის მოსაზრებები და შენიშვნები რაც კერძო სექტორს გააჩნია“, - აცხადებს გიორგი ჩოგოვაძე. 

ცნობისთვის: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ზაფხულის სეზონის მარკეტინგულ კამპანიას 14 ქვეყანაში განახორციელებს, რისთვისაც, ჯამში, 7.5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.

www.bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.