ტემპერატურის მატება საქართველოში მთელ რიგ პრობლემებს ქმნის, ეს იქნება ხანძრების გაჩენის რისკის ზრდა, თუ გლობალური დათბობა, რომელიც მყინვარწვერების დნობას გამოიწვევს, რაც საბოლოოდ კატასტროფულ ვითარებას შექმნის.
სპეციალისტების ინფორმაციით, კატასტროფული დნობა 2050 წლისთვის იყო მოსალოდნელი, თუმცა, როგორც გარემოსდაცვითი საკითხების ექსპერტმა და ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები-დედამიწის მეგობრების” თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ „რეზონანსს” განუცხადა, პროცესი დაჩქარებულია, შესაბამისად, კატასტროფული დნობა უფრო ადრეა მოსალოდნელი.
„ვიცით, რომ კავკასიონზე მიდის კატასტროფული დნობა, თუმცა ეს პროცესი უფრო სწრაფი აღმოჩნდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. პროგნოზი იყო გაკეთებული, რომ ეს 2050 წელს მოხდებოდა, მაგრამ აშკრაა, რომ ძალიან სწრაფად მიმდინარეობს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული პრობლემები და მნიშვნელოვანია მოსახლეობამაც კარგად შეიგნოს,” – აღნიშნა ნინო ჩხობაძემ.
რაც შეეხება ხანძრებს საქართველოში, რისკი უფრო მეტად იზრდება, ტემპერატურის მატებასთან ერთად, რამაც შესაძლოა მასშტაბური სახეც კი მიიღოს. მაგალითად, ბოლოს, გორში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძის ლოკალიზება მოხდა, რაც გლობალური დათბობით იყო გამოწვეული.
მაღალი ტემპერატურა 3 სექტემბრის ჩათვლით შენარჩუნდება. საქართველოს ტერიტორიის მთიან რეგიონებში მოსალოდნელია თბური ტალღის გავრცელება, რაც მაღალ, +36, +38 გრადუსს განაპირობებს. ამის შესახებ მოსახლეობას გარემოს ეროვნული სააგენტო აფრთხილებს.
ნინო ჩხობაძე გარკვეულ რეკომენდაციებს იძლევა და მოსახლეობას მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს იმისათვის, რომ კატასტროფული ვითარება არ შეიქმნას.
„გლობალური კლიმატის ცვლილებას ახასიათებს მაღალი ტემპერატურები. პროგნოზის მიხედვით მოსალოდნელია, რომ ძალიან მაღალი სიცხეები იქნება, რომელიც ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოს ეხება, თუმცა, ამის შესახებ ბოლომდე პროგნოზირებას ვერავინ აკეთებს.
„მაღალი ტემპერატურების ხანგრძლივობა დიდია და ეს ინდიკატორია სწორედ კლიმატის ცვლილებისა, რაც მსოფლიოსთვის ერთ-ერთი ძალიან სერიოზული გამოწვევაა, რომელზეც მნიშვნელოვნად აპირებენ საუბარს.
„ხანძრები არის გახშირებული. რაც გლობალურად ძალიან სერიოზული პრობლემა გახდა. ეს პრობლემა ყოველთვის არსებობდა, მაგრამ ახლა ძალიან გამწვავებულია. თუკი გარემოსთან მიმართებაში ვიქნებით გაუფრთხილებლად, ხანძრების გახშირებას უნდა ველოდოთ. მოვუწოდებდი ყველას, რომ ამ დღეებში და შემდეგაც, მოვერიდოთ ცეცხლის დანთებას ტყეებში.
„მაქსიმალურად შევეცადოთ არ გადავდგათ ისეთი ის ნაბიჯები, რომელიც საბოლოო ჯამში უფრო სერიოზულ პრობლემებს გამოიწვევს. შევეცადოთ, რომ მოვერიდოთ კოცონისა და ცეცხლის დანთებას,” – განაცხადა ნინო ჩხობაძემ.
ტემპერატურის მომატების შესახებ საზოგადოებას აფრთხილებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძეც.
გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რეკომენდაციები, რომლის შესახებაც მან 23 აგვისტოს ისაუბრა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 65 წლის ასაკს ზემოთ ადამიანებისთვის, ახალშობილებისთვის და ბავშვებისთვის. ასევე, იმ ადამიანებისთვის, ვისაც აქვთ ქრონიკული დაავადებები.
Commersant.ge