რა შედეგს მოუტანს საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის გენერალური ასამბლეის საქართველოში ჩატარება ქართულ ღვინოს
საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი ანდრეს როზბერგი მიიჩნევს, რომ ასოციაციის გენერალური ასამბლეის საქართველოში ჩატარება საუკეთესო შესაძლებლობაა ქართული ღვინისა და მისი კულტურის გასაცნობად.
საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის გენერალური ასამბლეა, რომელიც თბილისში რამდენიმე დღეა მიმდინარეობს, მუშაობას 22 ივნისს დაასრულებს.
„გენერალური ასამბლეის ფარგლებში ჩვენ რამდენიმე დღეს გავატარებთ საქართველოში, რათა გავიგოთ უფრო მეტი საქართველოს, ქართული ღვინისა და სამზარეულოს შესახებ. მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ქართული ღვინის მასტერ-კლასი, რაც ემსახურება ქართული ღვინის შესახებ ცოდნის გაუმჯობესებას. ამ მასტერ-კლასს დაესწრებიან ქართველი სომელიეები, რაც მნიშვნელოვანია გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებისთვის“ - აღნიშნა მან.
საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტის, შალვა ხეცურიანის თქმით, საქართველო დიდი ხანია ემზადებოდა ამ პრესტიჟული ღონისძიების მასპინძლობისთვის.
„ჩვენს ქვეყანას კიდევ ერთხელ ეძლევა ასეთი შეთხვევა, რომ ის ადამიანები, ვინც პირადად იღებენ გადაწყვეტილებას ღვინის ახალი ტრენდების ჩამოყალიბებაში, ადგილზე გაეცნობიან ქართული ღვინის უსაზღვრო შესაძლებლობებს. მოხარულები ვართ, რომ საქართველოს სომელიეთა ასოციაციას და თბილისის ღვინის სკოლას, რომლებიც უკვე 15 წელია ცდილობს ღვინის მაღალი კულტურის ჩამოყალიბებას საქართველოში, ასეთი მაღალი რანგის ღონისძიების მასპინძლობის პატივი ერგო“- აღნიშნა შალვა ხეცურიანმა.
როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ ანდრო ასლანიშვილმა განაცხადა, ასამბლეის საქართველოში გამართვა კიდევ ერთი აღიარებაა იმისა, რომ საქართველო დღესაც ღირსეულ ადგილს იკავებს განვითარებული მეღვინეობის ქვეყნების გვერდით.
„სომელიეთა ინსტიტუტი არის უმნიშვნელოვანესი საკომუნიკაციო არხი, რათა კიდევ უფრო გაიზარდოს ქართული ღვინის ცნობადობა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ 80-ზე მეტ პროფესიონალს შესაძლებლობა ეძლევა ადგილზე დააგემოვნოს ქართული ღვინო და გაეცნოს მისი დამზადების უნიკალურ მეთოდებს, კულტურასა და ტრადიციებს. ასამბლეის მრავალფეროვანი პროგრამა ჩვენი ქვეყნის სტუმრებისთვის თვალსაჩინოს გახდის ქართული ღვინის კულტურის რვაათასწლიან ისტორიას.“- აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ.
საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის 49-ე ყოველწლიური გენერალური ასამბლეა ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში პირველად იმართება. ასამლეის ფარგლებში გაიმართება საუკეთესო ქვევრის ღვინოების თემატური დეგუსტაცია, საფერავის ძირითადი მახასიათებლების დადგენის საერთაშორისო სესია, მასტერ-კლასი ქართულ ღვინოზე, პროფესიული დეგუსტაცია “სრულიად საქართველოს საუკეთესო ღვინოები ერთ სივრცეში”, ნანა ჯორჯაძის ფილმის “ღვინის ნულოვანი მერიდიანი” ეროვნული პრემიერა და სხვა ღონისძიებები.
2018 წლის გენერალური ასამბლეის ჩატარების უფლება საქართველოს სომელიეთა ასოციაციამ რამდენიმე წლის წინ მოიპოვა. საერთაშორისო სომელიეთა ასოციაცია დაარსდა 1969 წელს საფრანგეთში და აერთიანებს მსოფლიოს 62 ქვეყნის სომელიეთა ეროვნულ ასოციაციებს. საქართველოს სომელიეთა ასოციაცია მათ რიცხვს 2014 წელს შეუერთდა.
www.travelingeorgia.ge