რა შედეგს მოუტანს საქართველოს დენდროლოგიური პარკი - მინისტრი უპირატესობებზე საუბრობს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმი ლევან დავითაშვილი ირწმუნება, რომ საქართველოს უნიკალური დენდროლოგიური პარკი ექნება და მისი მოწყობა კანონმდებლობის შესაბამისად ხორციელდება.
„ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებით, ჩვენს ქვეყანაში მორიგი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. ფაქტობრივად, ბუნების ახალი ძეგლი იქმნება”, - აღნიშნავს მინისტრი და დარწმუნებულია, რომ მოსახლეობა სწორად აფასებს მოვლენებს და გარკვეული ნეგატივი, მართული პროცესია.
მინისტრი მსგავსი პროექტების განხორციელების შედეგად სოციალური და ეკონომიკურ ეფექტს ელის, რამდენადაც პროცესებში ჩართულია კერძო კომპანიები, რომლებიც შესაძლებლობებს ზრდიან, ქვეყანაში შემოდის ისეთი სპეცტექნიკა, რომელიც მომავალში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტში ჩაერთვება; მრავალი მილიონი ლარი იხარჯება იმისთვის, რომ საგზაო-საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა მოეწყოს იმ ადგილებში, საიდანაც ხდება ხეების გადატანა. ლევან დავითაშვილი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვან სარგებელს იღებს მოსახლეობაც, რადგან ეს ხეები, ხშირ შემთხვევაში, კერძო საკუთრებაა.
მინისტრი მადლიერებით იხსნებს ჯიღაურას მეურნეობა და აღნიშნავს, რომ ქართული ვაზის გენოფონდი სწორედ ბიძინა ივანიშვილმა გადაარჩინა.
„ეს არის უნიკალური წყარო მეღვინეობის დარგის განვითარებისთვის. ჩვენი მოსახლობის დიდმა ნაწილმა და, პრაქტიკულად, ყველა ფერმერმა კარგად იცის, რომ ჯიღაურას მეურნეობა აგრო ბიომრავალფეროვნების მთავარი ცენტრია. მოგვეცა საშუალება და გადაშენების პირას მყოფი ჯიშები გადავარჩინეთ. ჯიღაურას მეურნეობა ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) მიერ მსოფლიოში საუკეთესო კოლექციად არის აღიარებული. დღეს ეს მეურნეობა, ეს უნიკალური საცავი სახელმწიფოს საკუთრებაა,”- აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
www.travelingeorgia.ge