რა სიახლეებს სთავაზობს Ajara Boat სტუმრებს – ტურისტული გემი ტურისტების მისაღებად მზადაა
ბათუმში ჩასულ ტურისტებს Adjara Tour-ი სასიამოვნო სიახლეს სთავაზობს. ბათუმის პორტში მდგარი, ქართული დროშის ქვეშ მცურავი, ტურისტული გემი Ajara Boat უკვე სტუმრების მოლოდინშია, რომელიც ტურისტულმა კომპანია Adjara Tour-მა ფრახტით Antalya Boat-სგან აიღო.
Adjara Tour-ის ხელმძღვანელი ამბობს, რომ Ajara Boat-ზე რესტორანი, მოსასვენებელი სივრცე და კლუბი იქნება განთავსებული და სტუმრებს ბათუმის პორტთან დაელოდება, კორპორატიული დაკვეთების შემთხვევაში კი სტუმრების მცირე დისტანციებზე კრუიზულ მომსახურებებსაც უზრუნველყოფს.
„Adjara Tour -ი კიდევ ერთი ინიციატივით გამოდის. ჩვენ შემოვიყვანეთ 400 ადამიანზე გათვლილი სამგზავრო გემი, რომელიც მოკლე დისტანციებზე იმოძრავებს. გემზე არის 3 სივრცე: აქ განთავსებულია სარესტორნო, მოსასვენებელი სივრცე და კლუბი, რომელიც მთელი ზაფხულის განმავლობაში იფუნქციონირებს და შავი ზღვის ბათუმის აკვატორიაში იმოძრავებს და ტურისტების სიამოვნებასა და გართობაზე იზრუნებს. ჩვენს სტუმრებს ექნებათ საშუალება გემზე დააგემოვნონ ქართული სამზარეულო, შავი ზღვის თევზი“, – აცხადებს Adjara Tour-ის გენერალური დირექტორი ირაკლი თავართქილაძე.
როგორც თავართქილაძე განმარტავს, Ajara Boat-ი ზღვაში მხოლოდ მრავალრიცხოვან ტურებს მოემსახურება, დანარჩენ დროს მასზე რესტორანი და კლუბი იფუნქციონირებს.
„გემი არის დიდი და ჩვენ გაგვიჭირდება ზღვაში 5-10 ადამიანი ჯგუფების გაყვანა. ჩვენ ძირითადად ვითანამშრომლებით ტურისტულ სააგენტოებთან, დიდ სასტუმროებთან და დიდ ტურისტულ ჯგუფებთან, რომელთაგან მივიღებთ შეკვეთებს და დიდი რაოდენობით ტურისტების ზღვაში გავიყვანთ“, – განმარტავს Adjara Tour-ის ხელმძღვანელი.
Ajara Boat-მა, რომ მცირე დისტანციაზე ზღვაში სტუმრების გაყვანა უზრუნველყოს, ამისათვის მინიმუმ 50 კაციანი ჯგუფია საჭირო.
www.bpi.ge