„წელს სვანეთში სეზონისთვის მოსამზადებელი სამუშაოები გასულ წელთან შედარებით უკეთესად მიმდინარეობს. კურორტზე დღის განმავლობაში 500-დან 1000-მდე დამსვენებელს ველოდებით“, - აცხადებს მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კახა ჟორჟოლიანი „კომერსანტთან“ საუბრისას.
სვანეთში (თეთნულდი, ჰაწვალი) დღეს, 17 დეკემბერს სამთო-სათხილამურო სეზონი იხსნება. კურორტი ახალ სეზონს სიახლეებით ხვდება. 23 დეკემბერს მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი 1200 მეტრი სიგრძის საბაგიროც გაიხსნება, რისი დახმარებითაც მესტიიდან ჰაწვალში მოხვედრა ექვს წუთში იქნება შესაძლებელი. საბაგიროს სიგრძე 1200 მეტრია და ის ექვსადგილიანი, ღია სავარძლის ტიპისაა.
სამთო–სათხილამურო ტრასა ჰაწვალი მესტიიდან 8 კილომეტრში მდებარეობს. აქამდე მესტიის ცენტრიდან ჰაწვალში ავტომანქანით მოხვედრა 30 წუთში იყო შესაძლებელი, ახალი საბაგირო გზის საშუალებით კი ეს 6 წუთში მოხერხდება. კურორტზე სიახლეა ისიც, რომ წელს სვანეთს კიდევ ოთხი საბაგირო შეემატება. კერძოდ, მესტიის მაღალმთიან სოფლებში უშხვანარში, მაზერში, ეცერსა და უშგულში. ამ დრომდე საბაგირო მხოლოდ ჰაწვალსა და თეთნულდზე იყო.
კახა ჟორჟოლიანის თქმით, წელს კურორტი დღის განმავლობაში 500-დან 1000-მდე ტურისტს მიიღებს.
„ჰაწვალზე სულ ოთხი საბაგიროა, ორი დიდი და ორი პატარა. ხოლო თეთნულდზე კი ხუთი, სამი დიდი და ორი პატარა. თეთნულდის საბაგირო საათში 6 000 ადამიანს ატარებს, ხოლო საათში 1 000 ადამიანის გატარება შეუძლია ჰაწვალის საბაგიროს.
წელს სვანეთში სეზონისთვის მოსამზადებელი სამუშაოები გასულ წელთან შედარებით უკეთესად მიმდინარეობს. აქვე აღვნიშნავ იმას, რომ დღის განმავლობაში 500-დან 1000-მდე დამსვენებელს ველოდებით. ეს რიცხვი გაზრდილია, რადგან შარშან დღის განმავლობაში კი 200-დან 400-მდე ტურისტს ვიღებდით“, - განაცხადა ჟორჟოლიანმა.
კერძო სექტორზე საუბრისას მესტიის მერი აცხადებს, რომ სასტუმროების დიდი რაოდენობით ტურისტების მიღებისთვის მზად არიან. მისივე თქმით, წელს ტურისტებს სხვადასხვა თემში მდებარე 277 სასტუმრო უმასპინძლებს.
„სასტუმროები მზად არიან, რომ ამ სეზონზე დღის განმავლობაში 1 200 ტურისტი მიიღონ. ამჟამად ჩვენ უშგულში, მესტიაში, მულახში, ლენჯერში, ლატალში, ბეჩოში, ადიშსა და წვირმში სულ 277 სასტუმრო გვაქვს. მესტიაში ხშირი სტუმრები არიან - რუსები, უკრაინელები და გერმანელები“, - განმარტა კახა ჟორჟოლიანმა.
რაც შეეხება ელექტროენერგიის პრობლემას, რაზეც კერძო სექტორი საუბრობს, კახა ჟორჟოლიანიც აღიარებს, თუმცა აქვე განმარტავს, რომ 2018 წლის დეკემბრიდან მესტიას ელექტროენერგიის მიწოდების ალტერნატიული გზა ექნება.
„ელექტროენერგიის დანაკლისს ალტერნატიული საშუალებით, ახალი ჰესით შევავსებთ. მესტია ჰესი მომავალი წლის დეკემბრიდან ნაწილობრივ ამოქმედდება. სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, 2 ჰესის მშენებლობა მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო . „მესტიაჭალა1“ და „მესტიაჭალა2“ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის პროექტს „სვანეთი ჰიდრო“ ახორციელებს. ეს ალტერნატიულ ელექტოენერგიის წყაროს გააჩენს. მშენებლობაში დაახლოებით 50 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა“, - განაცხადა მესტიის მერმა.
ამასთან ჟორჟოლიანის თქმით, წელს კურორტზე მთელი სეზონის განმავლობაში იმუშავებს 2 ტრავმატოლოგი. „ჯანდაცვის სამინისტროს დახმარებით როგორც ჰაწვალში, ასევე თეთნულდში სასწრაფო დახმარების მანქანა ექიმების ბრიგადით იქნება“, - განაცხადა ჟორჟოლიანმა.
ავტორი: ლიკა გურაბანიძე
commersant.ge