აჭარაში მდებარე კურორტი "გოდერძი რიზორთსი" ზამთრის სეზონს სიახლეებით ხვდება. კურორტის ხელმძღვანელი ზურაბ ჭურკვეიძე აცხადებს, რომ ადგილზე მოეწყობა სივრცე დამწყები მოთხილამურეებისა და ბავშვებისთვის, სადაც ისინი სრიალის შესწავლას შეძლებენ და გამოცდილ მოთხილამურეებს ხელს არ შეუშლიან.
მისივე თქმით, კურორტზე ასევე გაყვანილია 1761-მეტრიანი შიდა გზა, რომელიც გადაადგილებას კომფორტულს ხდის.
ჭურკვეიძის ინფორმაციით, გოდერძიზე ასევე გაქირავდება მიწის ნაკვეთი კერძო პირებზე, შედეგად, კურორტს ბორანის გაქირავების სერვისიც დაემატება.
რაც შეეხება კურორტამდე მისასვლელ ცენტრალურ გზას, ჭურკვეიძის თქმით, პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს. მისივე ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებულია - კერძოდ, მოსახლეობის ნაწილთან მიწის გამოსყიდვის სამუშაოები დაწყებულია. პროექტის განხორციელებას 2 წელი და 103 მილიონი ლარი სჭირდება.
გოდერძის მიმდებარედ ასევე მოეწყობა ალპური ბოტანიკური ბაღი. ზურაბ ჭურკვეიძის თქმით, ტერიტორია უკვე შემოღობილია და ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა მიმდინარეობს. ბოტანიკური ბაღი ვიზიტორებისთვის მიმზიდველი ზაფხულის პერიოდში იქნება. ზურაბ ჭურკვეიძე ამბობს, რომ ბაღში გაერთიანებული იქნება ალპური კლიმატისა და აჭარის ამ რეგიონისთვის დამახასაითებელი ხე-მცენარეები.
რაც შეეხება მწვანე ტბას, რომელიც მიმდებარედ მდებარეობს, ზურაბ ჭურკვეიძის ინფორმაციით, უკვე გამოცხადებულია ტენდერი, რომლის მიხედვითაც გამარჯვებულმა კომპანიამ მწვანე ტბა უნდა დააგეგმაროს.
„მომავალი წლის ბიუჯეტში უკვე ჩადებულია, რომ გოდერძიდან მწვანე ტბამდე გზა მოეწყობა. სამუშაოები დაიწყება მაშინვე, როგორც კი კლიმატური პირობები ამის საშუალებს მოგვცემს“,-აცხადებს „გოდერძი რიზორთსის“ ხელმძღვანელი.
www.bm.ge