შესაძლოა, აცრილ მოქალაქეებს „კომენდანტის საათის“ აკრძალვა და სხვა შეზღუდვები არ შეეხოთ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, შემდეგ კვირაში, ორჯერადად აცრილი მოსახლეობისთვის შეღავათების დაწესების მოთხოვნით საკოორდინაციო საბჭოს მიმართავს. ამის შესახებ NCDC-ის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ facebook-ლაივის დროს განაცხადა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი იმ შეღავათებს ამუშავებს, რომლითაც 2-ჯერადად აცრილი მოქალაქეები ისარგებლებენ.
„დღეისთვის საქართველოში Pfizer-ით ორჯერადად 4 400-მდე ადამიანია აცრილი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მომავალ კვირაში ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოში შესაბამისი ინიციატივით შესვლას აპირებს, რომ ამ ადამიანებს შეზღუდვების პერიოდში შესაბამისი შეღავათები ჰქონდეთ. რამდენიმე პუნქტი, რაც საერთაშორისო გამოცდილებით არის, იგივე „კომენდანტის საათის“ დროს თავისუფალი გადაადგილება, უცხოეთში მგზავრობისას შესაბამისი დოკუმენტი... რამდენიმე პუნქტზე ვმუშაობთ, რომელსაც წინასწარ ვერ გავაჟღერებ, რომ მოსახლეობას ჰქონდეს მეტი დაინტერესება, სწრაფად და სრულად აიცრას.
მთელ რიგ ქვეყნებში ადამიანებს, რომლებიც სრულად არიან აცრილები, გარეთ პირბადეები არ მოეთხოვებათ, ასევე შეღავათები აქვთ "კომენდანტის საათის" და სხვა შეზღუდვებთან მიმართებით.
ჩვენ 15 მაისამდე 14 000-მდე ორჯერადად აცრილი მოქალაქე დაგვიგროვდება და მათ მეტი სტიმული და შეღავათი უნდა ჰქონდეთ ქვეყნისგან", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ და დასძინა, რომ პანდემია აცრის გარეშე არ დამთავრდება და რაც უფრო მეტი ადამიანი აიცრება, მით სწრაფად დასრულდება ქვეყანაში ეპიდემია.
bm.ge