ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რა ვალდებულება ეკისრებათ ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელის მწარმოებლებს
16 მარტი, 2022

მთავრობამ „ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმლისა და სპირტის წარმოების ზოგადი წესისა და ნებადართული პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ” დადგენილება მიიღო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განმარტებით, ტექნიკური რეგლამენტის მიზანია, ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმლისა და სპირტის წარმოებისა და რეალიზაციის ეტაპებზე რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრა.

რეგლამენტი ადგენს ზოგად წესსა და მოთხოვნებს ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმლისა და სპირტის ეტიკეტირების, წარდგენის, ბაზარზე განთავსებისა და ოფიციალური დასახელების გამოყენების მიმართ, აგრეთვე, განსაკუთრებულ მოთხოვნებს ღვინის კომპანიებისადმი, ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობის კონტროლის განმახორციელებელი პირების ჩამონათვალს. ასევე, დადგინდა ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმლისა და სპირტის წარმოების ნებადართული პროცესების მასალები და ნივთიერებები.

ახალი რეგლამენტით, სამომხმარებლო ბაზარზე დაუშვებელია ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმლის განთავსება სამომხმარებლო ტარაში დაფასოების გარეშე, შესაბამისად, სამომხმარებლო ტარაში დაფასოებული სპირტიანი სასმლის ფაქტობრივ მოცულობით სპირტშემცველობასა და ეტიკეტზე აღნიშნულ სპირტშემცველობას შორის გადახრა არ უნდა აღემატებოდეს ± 0,3%-ს.

ტექნიკური რეგლამენტით ასევე განსაზღვრულია ბრენდის კატეგორიები ასაკის ან დავარგების მიხედვით.

ტექნიკური რეგლამენტი შემუშავებულია  „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და მისი მოთხოვნების დაცვა სავალდებულოა ყველა იმ ღვინის კომპანიისთვის, რომელთა სამეწარმეო საქმიანობა მოიცავს ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმლისა და სპირტის წარმოებას.

business-partner.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.