„საპარტნიორო ფონდი“ რაჭის განვითარების კონცეფციაზე მუშაობს.
რაჭის საინვესტიციო პოტენციალით საფრანგეთის მთის კურორტების განვითარების კომპანია Compagnie des Alpes-ისა და მთის კურორტების დაგეგმარებისა და დიზაინის კომპანია Géode დაინტერესდა. კომპანიების წარმომადგენლები რაჭას „საპარტნიორო ფონდის“ მოწვევით ესტუმრნენ და რეგიონის საკურორტო ზონები დაათვალიერეს.
„საპარტნიორი ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფრანგულ მხარეს ფონდის მიერ შემუშავებული რაჭის განვითარების კონცეფციის დეტალები გააცნო და რეგიონის საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
„რაჭის ტურისტული რესურსი აუთვისებელია. ეს ის მხარეა, რომელიც გამორჩეულად მდიდარია საკურორტო პოტენციალით. ტურიზმის სექტორის განვითარება „საპარტნიორო ფონდის“ პრიორიტეტია, სწორედ ამიტომ ფონდი რაჭის განვითარების კონცეფციაზე მუშაობს, რომლის ფარგლებშიც ვცდილობთ მაქსიმალურად მოვიცვათ რეგიონი და გავიზიაროთ ევროპული გამოცდილება. რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის გავაჩინოთ დამატებითი შემოსავლის წყარო და სოფლებში მათი დამაგრების მოტივაცია“, განაცხადა დავით საგანელიძემ.
ფრანგ სპეციალისტებს რაჭის სივრცითი მოწყობის გეგმა კომპანია „გეოგრაფიკმა“ და „არტსტუდიომ“ გააცნეს.
„რაჭის რეგიონს აქვს ტურისტული რესურსების სრული კომპლექტი, რომ ევროპის წამყვან სამთო კურორტებს კონკურენცია გაუწიოს. ჩვენი მიზანია, გაგიზიაროთ ევროპული გამოცდილება საუკეთესო შედეგების მისაღწევად“, - განაცხადა Compagnie des Alpes-ის საერთაშორისო პროექტების დირექტორმა ფრედერიკ მარიონმა.
„აქაურობა მაგონებს საფრანგეთში იმ ადგილებს, სადაც მე ვცხოვრობ. მოხარულები ვართ, რომ ამ პროექტში ჩართულია „საპატრნიორო ფონდი“, რომელთანაც ვგეგმავთ გამოცდილების გაზიარებას ეროვნული საგანძურის, ინფრასტრუქტურისა და ბუნების დაცვის მიმართულებით“, განაცხადა საფრანგეთის ეკონომიკური სამსახურის წარმომადგენლელმა იულია სოტიემ.
„საპარტნიორო ფონდმა” საკონსულტაციო კომპანია BDO-სთან ერთად, რაჭის ტურისტული შესაძლებლობების კვლევა განახორციელა და რეგიონის განვითარების ზოგად კონცეფციაზე განაგრძობს მუშაობას. კონცეფცია, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ინვესტიციას მოიცავს და მიზნად ისახავს რეგიონში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას.
www.travelingeorgia.ge