თბილისის ცენტრალურ ტურისტულ უბანში, აღმაშენებლის გამზირზე, ძველი ფოსტის შენობაში, Radisson Red-ის ბრენდის სასტუმროს გახნსა ჯერ კიდევ 2020 წელს იგეგმებოდა. როგორც „კომერსანტს“ შპს. ტელეგრაფის დირექტორმა ვარლამ მიღდისელმა განუცხადა, RED-ის პირველი ბრენდის სასტუმრო საქართველოში, სტუმრებს 2022 წლის მეორე ნახევრიდან მიიღებს.
„ეს არის 111–ნომრიანი სასტუმრო. როგორც იცით, ძველი ფოსტის შენობა აღმაშენებლის გამზირზე იყო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და შენარჩუნდა ყველაფერი, რაც შეიძლებოდა. შუშაბანდები, სადარბაზოები, ფასადები, კიბეები - ყველაფერი დარჩა იგივე, უბრალოდ მოხდა რესტავრაცია. ფასადების განახლება ახლაც მიმდინარეობს. სასტუმროში იქნება საკონფერენციო დარბაზები, ღია კაფეები, რესტორანი, ფიტნეს კლუბი. ასევე, ხელშეკრულებით ვალდებულება გვაქვს, რომ საქართველოს ფოსტის ექსპონატებისა და ნივთებისთვის უნდა გამოვყოთ 50 კვადრატული მეტრი და უნდა გაკეთდეს მუზეუმი. მოლოდინი გვაქვს, რომ პანდემია დასრულდება და ტურისტი მონატრებული იქნება მოგზაურობას. დიდ იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი გახსნის პერიოდისთვის ეს ყველაფერი პრობლემა აღარ იქნება“, - ამბობს შპს ტელეგრაფის დირექტორი.
პროექტის საინვესტიციო მოცულობის შესახებ ვარლამ მიღდისელი ინფორმაციას არ ასაჯაროებს. კომპანიამ ფოსტის ყოფილი შენობა ჯერ კიდევ 2016 წელს აუქციონის აუქციონის წესით 5,75 მლნ ლარად შეიძინა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, აღმაშენებლის 44/ჭოროხის 9 ნომერში განთავსებულ შენობებში 130, 200 და 336 (სულ 666) კვ.მეტრი ფართი პირდაპირი მიყიდვით შპს ტელეგრაფს 2018 წლის დასაწყისშიც გადასცა. შენობა, რომელიც საქართველოს ფოსტის ყოფილი ოფისის გაყოლებაზეა და კულტურული ძეგლის სტატუსი აქვს, კომპანიამ 415 453 ლარად იყიდა. ერთადერთი მოთხოვნა რაც მთავრობამ კომპანიას წაუყენა, ძეგლის მოვლა-პატრონბაზე, 3 თვის ვადაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან ხელშეკრულების გაფორმება იყო.
„რედისონის სასტუმროების ჯგუფი“ არის მსოფლიოს ერთი-ერთი უმსხვილესი კომპანია, რომელიც აერთიანებს სასტუმროების რვა გამორჩეულ ბრენდს და წარმოდგენილია 1,400-ზე მეტი მოქმედი და მშენებარე სასტუმროთი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჯგუფის პორტფელი მოიცავს შემდეგ ბრენდებს: „Radisson Collection“, „Radisson Blu“, „„Radisson RED“, „Radisson“, „Park Inn“, „Country Inn&Suites“ და „Prizeotel“.
commersant.ge