სოფელი მახუნცეთი მაღალმთიან აჭარაში – დიდი ტურისტული პოტენციალით და სახელმწიფოსგან სრულიად მიტოვებული
ტურისტულად ყველაზე აქტიურ კუთხეში, აჭარაში ზაფხულის სეზონი დასასრულს უახლოვდება. ადგილი, სადაც ლურჯი ზღვა და მწვანე მთები ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის ტურისტების კლება უკვე შეიმჩნევა. ზღვისპირეთი ყოველდღიურად რომ ვითარდება და ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველი ხდება ეს დიდი ხანია ცნობილია, თუმცა „კომერსანტი“ დაინტერესდა რამდენად დიდი და მრავალფეროვანი ტურისტული პოტენციალი აქვს მაღალმთიან აჭარას.
ბათუმიდან ერთ საათში ქედის მუნიციპალიტეტში აღმოჩნდებით ვიწრო, ღრმა ხეობით, რომელიც გარშემორტყმულია ულამაზესი მთებით, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულ ჩანჩქერთან მოხვდებით – ჩვენი გაჩერების ადგილი სოფელი მახუნცეთია. ჩანჩქერიც ამ სოფლის სახელს ატარებს. მახუნცეთის ჩანჩქერი აჭარის ერთ-ერთ უმაღლეს ჩანჩქერად მიიჩნევა, წყლის ვარდნის სიმაღლე დაახლოებით 50 მეტრია. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ჩანჩქერი წელიწადის ყველა სეზონზე მნახველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს.
აქვეა განლაგებული რესტორნის ტიპის კვების ობიექტები და სუვენირების დახლები. აქვე არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, რომ თქვენი მოგზაურობა უფრო საინტერესო და თავგადასავლებით დატვირთული იყოს. „კომერსანტის“ მასპინძელი 25 წლის ნინო მიქელაძეა. ახალგაზრდა ქალი ნავით გასეირნებას გვთავაზობს. ტური აჭარისწყალზე 6 კმ მანძილის დაფარვას გულისხმობს. ნინო გვიყვება, რომ ტურისტულ სფეროში მას შემდეგ ჩაერთო, რაც დაოჯახდა და საცხოვრებლად მახუნცეთში გადავიდა.
„თავდაპირველად რაფტინგის ბიზნესი მახუნცეთში რუსებს ჰქონდათ და მათთან ვმუშაობდით, ჩემი მეუღლე ინსტრუქტორი იყო მე კი ტურისტებთან მქონდა კონტაქტი. ვუხსნიდი მათ, რომ ჯომარდობა უსაფრთხო აქტივობა იყო, დასამახსოვრებელი და ემოციებით დატვირთული. თუ ადგილობრივი არ ხარ აქ ბიზნესის გაკეთება რთულია, მუშაობა რუსებსაც გაურთულდათ, სწორედ ამიტომ მათ სოფელი დატოვეს. ამის შემდეგ ჩვენი კომპანია გავხსენით. მოველაპარაკეთ ტურისტულ კომპანიებს, ასევე ტაქსის მძღოლებს ბათუმში, რომ ტურისტები მოგვიყვანონ. ბილეთი ღირდა 40 ლარი, თუ ისინი ტურისტებს მიგვიყვანდნენ 40 ლარიდან მათ 15 ლარი ერგებოდათ, სარგებელს პოულობდნენ ისინიც და მეც“, – ამბობს ნინო მიქელაძეა.
მასპინძელი, რომელიც 5 ენაზე საუბრობს გვიყვება, რომ ნავით გასეირნებით უამრავი ტურისტი ინტერესდება. ამბობს, რომ უკმაყოფილო ვიზიტორი ჯერ არ ჰყოლია, ყველა აღფრთოვანებულია იმ სანახაობით, რომელიც აჭარისწყლის ხეობაში ხვდებათ. ნინო მიქელაძე ამბობს, რომ წინა წელთან შედარებით, წელს მახუნცეთი ტურისტების რიცხვი საგრძნობლადაა შემცირებული.
„ივნისის თვეში ყველაზე მეტი ტურისტი რუსეთიდან იყო, ალბათ 50 პროცენტზე მეტი მაგრამ განვითარებული მოვლენების შემდეგ მათი რიცხვი 5 პროცენტამდე შემცირდა, ყოფილა ისეთი დღეები, რომ მხოლოდ 2 რუსი ტურისტი მყავდა. ამის შემდეგ ყველაზე მეტი ტურისტი საუდის არაბეთიდან გვყავდა, მათი წილი დაახლოებით 50 პროცენტი იყო. ზოგადად, წინა წელთან შედარებით კი საშინელი წელია, შარშან აგვისტოში ჩვენი ნავაჭრი 37 000 იყო, წელს კი მოგება სადღაც 6 000 ლარამდეა“- გვიყვება ნინო მიქელაძე.
როგორც ნინო მიქელაძე ამბობს, მაღალმთიან აჭარას უდიდესი პოტენციალი აქვს იმისთვის, რომ ქართველი და უცხოელი ტურისტები მიიზიდოს და მოაჯადოვოს. თუმცა მისი თქმით, ტურისტებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა ტრანსპორტია.
„ძალიან ბევრ ტურისტს არ მოსწონს მარშუტკით მგზავრობა, რადგან არ არის მოწესრიგებული და გამართული. ეს ტრანსპორტი განსაკუთრებით არ მოსწონთ არაბებს, რაც განპირობებულია მათი ტრადიციებიდან. ერთადერთი ტრანსპორტი რჩება ტაქსი, ტაქსები კი ძალიან მაღალ ფასად დადიან. როდესაც სამარშუტო ტაქსით ამოსვლა ღირს 2 ლარი, ტაქსი ბათუმიდან 150 ლარზე ნაკლებად არ გამოდის. ძალიან კარგი იქნება თუ ტურისტები შედარებით დაბალ ფასად შეძლებენ კომფორტულად ამოსვლას , რის შემდეგაც ჩემი აზრით, მათი რიცხვი გაცილებით გაიზრდება“,– აცხადებს ნინო მიქელაძე.
მახუნცეთის განვითარების გეგმის პროექტზე მუშაობა 2017 წელს დასრულდა. პროექტი რომლის მომზადებაშიც 55 000 ლარი დაიხარჯა გულისხმობდა სოფელში კემპინგის, დაბის პარკის, სკვერების, ფასადების კეთილმოწყობას, სასტუმროების, საკონცერტო სცენის და სხვადასხვა დანიშნულების ობიექტების მშენებლობას. თუმცა ადგილობრივების თქმით, ქედის გამგეობას ჩამოთვლილი პროექტებიდან არაფერი განუხორციელებია. ნინო მიქელაძე განმარტავს, რომ ადგილობრივი მთავრობა აჭარის პოტენციალის წარმოჩენისთვის, განვითარებისთვის და ტურისტების მოზიდვისთვის არაფერს აკეთებს.
„ადგილობრივი მთავრობა არაფერს აკეთებს სოფლის განვითარებისთვის, პირიქით, ჩვენ უფრო მაქსიმალურად ვცდილობთ პოპულარიზაციას და განვითარებას. ძალიან ბევრი პროექტი იყო დაგეგმილი თუმცა, არაფერი გაკეთებულა, ბევრი მშენებლობა იგეგმებოდა, მაგალითად, ჩანჩქერის თავზე რესტორანი უნდა გაკეთებულიყო. ერთადერთი რაც მათ გააკეთეს არის ის, რომ უფასო ტუალეტი ფასიანი გახადეს“, – განმარტავს ნინო მიქელაძე.
დღეს ნინოს და მის მეუღლეს ორი ნავი ჰყავთ, რაც მათი თქმით, საკმარისი არ არის. ახალგაზრდები ამბობენ, ნავების არ ქონის გამო ძალიან ბევრ ტურისტს კარგავენ. სანამ ადგილობრივი მთავრობა მახუნცეთის პოტენციალის წარმოჩენისთვის და განვითარებისთვის ქმედით ნაბიჯს გადადგამენ, ოჯახში ფიქრობენ, რომ პროექტი მოამზადონ და დაფინანსება პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ დახმარებით მოიპოვონ, რათა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ მახუნცეთიდან უფრო მეტი ტურისტი გაუშვან აღფრთოვანებულები, ემოციებით დატვირთულები და მომსახურებით კმაყოფილები.
Commersant.ge