ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რამდენად მაღალია რესტორნებში დაინფიცირების რისკი?
16 დეკემბერი, 2020

დაინფიცირების შემთხვევების ზრდის შეჩერების მიზნით ქვეყნების მთავრობები პირველ რიგში რესტორნებს კეტავენ, რაც ამ ბიზნესს დიდი ზიანს აყენებს.

არის თუ არა ეს ნაბიჯი გამართლებული? ვინ იცის, რამდენად მაღალია რესტორნებში დაინფიცირების რისკი და არის თუ არა ეს დარგი პანდემიის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა? ან იქნებ მილიონობით ადამიანმა სამუშაო და შემოსავალი სულ ტყუილად დაკარგა?

კვლევა ამ საკითხზე კალიფორნიაში ჩატარდა. სპეციალური კომპიუტერული მოდელის მეშვეობით, სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გააანალიზეს ყველაზე მეტად რომელ ადგილებში დადიოდნენ დაინფიცირებული, რამდენი ხანი იმყოფებოდნენ იქ და კონტაქტი რამდენ ადამიანთან ჰქონდათ. შედეგი ცალსახა აღმოჩნდა - დაინფიცირების უმეტესობა ვირუსის ე.წ. სუპერგავრცელების ადგილებში მოხვდა, სადაც ხანგრძლივი დროის მანძილზე დახურულ სივრცეში ბევრი ადამიანი იმყოფება, მათ შორისაა ფინტეს-კლუბები და რესტორნები.

მოდელი დემოგრაფიულ, ეპიდემიოლოგიურ და სატელეფონო გამოკითხვებით მიღებულ მონაცემებს ეყრდნობოდა. შესწავლის ობიექტი შტატების 10 მსხვილი ქალაქი, მათ შორის ნიუ-იორკი, ლოს-ანჯელესი და ჩიკაგო იყო. შესაბამისად, საქმე გვაქვს ძალიან მასშტაბურ კვლევასთან.

მსგავსი კვლევა ჯერ კიდევ სექტემბერში აშშ-ს დაავადებათა პროფილაქტიკის და კონტროლის ცენტრმა ჩაატარა. კერძოდ, კორონავირუსით დაავადებულებს რამდენიმე კითხვა დაუსვეს: იყავით თუ არა დაავადების გამოვლენამდე 2 კვირის მანძილზე რესტორანში, მაღაზიაში? სარგებლობდით თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით? მუშაობდით თუ ოფისში? იყავით თუ არა სილამაზის სალონში?

როგორც აღმოჩნდა, დაავადებულები რესტორნებს 2-ჯერ ხშირად სტუმრობდნენ, ვიდრე ჯანმრთელები. ეს ასევე ბარებს, კაფეებს და ღამის კლუბებს ეხება. კვლევის თანახმად, ასეთ ადგილებში თითქმის შეუძლებელია უსაფრთხოების ზომების და დისტანციის დაცვა, ამიტომაც, საჭიროა სხვა მეთოდების გამოყენება, მაგალითად, ფართის ხშირი განიავება.

ზაფხულის თვეებში ბრიტანეთის მთავრობამ გაკოტრების პირას მისული რესტორნებისთვის დახმარების გაწევა გადაწყვიტა, კერძების და სასმელების ფასების 50%-ს სუბსიდირების შემდეგ პაბებში და რესტორნებში კლიენტების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. მაგრამ ეს გადაწყვეტილება ბუმერანგი აღმოჩნდა, პროგრამის ამოქმედებიდან შემდგომ კვირაში დაავადებულების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, ხოლო სუბსიდირების შეწყვეტის და შესაბამისად, კლიენტურის შემცირებიდან 2 კვირაში - ისევ იკლო.

New York Times-მა 700 ეპიდემიოლოგს შორის გამოკითხვა ჩაატარა, რომელ მოქმედებას თვლიან ისინი ყველაზე რისკიანად პანდემიის პირობებში? ყველაზე ხშირი პასუხი იყო - რესტორნებში სიარულს, შემდეგ მოდის ქორწილები, პანაშვიდები, კონცერტები და თეატრალური დადგმები.

ყველაზე ნაკლებ საფრთხეს ისეთი ქმედებები შეიცავს, როგორიცაა საფოსტო ყუთის შემოწმება, გასეირნება და მეგობრებთან შეხვედრა ქუჩაში, ასევე სასურსათო მაღაზიაში ან აფთიაქში შესვლა, შესაბამისი უსაფრთხოების ზომების დაცვით.

რამდენიმე კვლევამ ნათლად დაადასტურა, რომ საზოგადოებრივი კვების ობიექტები დაინფიცირების მაღალ რისკს ნამდვილად შეიცავენ, თუმცა, გადამწყვეტი მნიშვნელობა ერთ საკითხს აქვს, სტუმრები რესტორნის შიგნით თუ გარეთ იმყოფებიან?

თუ ადამიანები დიდი ხნის მანძილზე დახურულ სივრცეში, პირბადის გარეშე იმყოფებიან, რისკი იზრდება, ამას ისიც ემატება, რომ რესტორანში ადამიანები ერთმანეთთან ახლოს სხედან და საუბრობენ, ხშირად ხმამაღლა. ამ დროს დაინფიცირების რისკი მკვეთრად მატულობს, განსაკუთრებით ცივ თვეებში, როდესაც გარე ვერანდაზე ყოფნა შეუძლებელია.

ასე რომ, მთელი მსოფლიო სწორი მიმართულებით მიდის - საზოგადოებრივი კვების ობიექტების დახურვას პანდემიის მასშტაბების შემცირება ნამდვილად შეუძლია. გარდა ამის, კვლევებმა ცხადყო, რომ რესტორნებში სტუმრების რაოდენობის 80%-ით შემცირების შემთხვევაში, დაინფიცირების რისკი 20%-ით მცირდება.

Tages-Anzeiger

თენგიზ აბლოთია

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.