საქართველოში აღრიცხულია 11 765 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, მათგან 7 505 კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლია, 4 221 კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლი, 39 არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, 978 ძეგლს განსაზღვრული აქვს ეროვნული კატეგორია.
UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში დღეისათვის, შეტანილია კულტურული მემკვიდრეობის 3 ძეგლი: მცხეთის ისტორიული ძეგლები, გელათის სამონასტრო კომპლექსი, ზემო სვანეთი.
UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მსოფლიო ნუსხაში ნომინირებულია სამი ძეგლი: ქართული მრავალხმიანობა, ქართული ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი, ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა.
UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შეტანის მიზნით, წარდგენილია „ქართული ჭიდაობა“.
ძეგლებისა და ღირსშესანიშნაობათა საერთაშორისო საბჭოს (ICOMOS) ინიციატივით 1983 წელს, გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ (UNESCO) 18 აპრილი მსოფლიო მემკვიდრეობის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.
„საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა ქვეყნის სულიერი და მატერიალური განვითარების მატიანე, ერის თვითშეგნების ჩამოყალიბებისა და თვითმყოფადი ეროვნული კულტურის უწყვეტობის წინაპირობა და კაცობრიობის საერთო საგანძურის განუყოფელი ნაწილია“ (საქართველოს კანონი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ).
www.travelingeorgia.ge