ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რა ღირს მთავრობის მიერ ბახმაროში „ორბი ჯგუფისთვის“ 1 ლარად გადაცემული მიწა?
10 ივნისი, 2019

კურორტ ბახმაროში „ორბი ჯგუფისთვის“ სიმბოლურ 1 ლარად, 50 მილიონიანი საინვესტიციო ვაალდებულებით გადაცემული 43,269 კვ.მიწის და მასზე განთავსებული შენობა ნაგებობების საბაზრო ღირებულება 7,123,400 ლარია.აღნიშნული ინფორმაცია bm.ge-მ საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან ოფიციალურად გამოითხოვა.

გარდა ამისა, ეკონომიკის სამინისტროს სსიპ-ს დამატებით რამდენიმე კითხვა გავუგზავნეთ და პასუხებს უცვლელად გთავაზობთ:

– რატომ გადასცა სახელმწიფომ “ორბი ჯგუფი ბახმაროს” სიმბოლურ 1 ლარად 50-მილიონიანი საინვესტიციო ვალდებულებით 43,269 კვ.მიწა და შენობა ნაგებობები?

– კურორტ ბახმაროში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია დაეკმაყოფილებინა შპს „ორბი ჯგუფი ბახმაროს“ მიერ სააგენტოში წარმოდგენილი წერილობითი განცხადება, რომლის მიხედვითაც, კომპანია იღებდა ვალდებულებას კურორტზე მოეწყო მრავალფუნქციური კომპლექსი, მათ შორის არანაკლებ 120-ნომრიანი სასტუმრო(ები), კომერციული ფართი(ები), კვების ობიექტი(ები) და სპორტული მოედნები, რისთვისაც მინიმუმ 50 მილიონის ინვესტიციას განახორციელებდა.

– რატომ არ გამოაცხადა ქონების სააგენტომ აუქციონი?/რატომ შეიზღუდა კონკურენცია?

– შპს „ორბი ჯგუფი ბახმაროს“ სააგენტოში წარმოდგენილი განცხადების მიხედვით დაინტერესებული იყო აღნიშნული მიწის ნაკვეთების პირდაპირი წესით მიყიდვით, ვინაიდან კურორტზე კომპანია გეგმავდა 50 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელებას და ბახმაროში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც ხელს შეუწყობდა კურორტის ტურისტული პოტენციალის ამაღლებას როგორც ზამთრის, ასევე ზაფხულის სეზონზე.

– არის თუ არა სხვა კომპანიების მიერ წარმოდგენილი განცხადება აღნიშნული მიწის ნაკვეთების გაყიდვასთან დაკავშირებით და თუ – კი, რომელი კომპანიების და რა პირობებით?

– სააგენტოში წარდგენილი იყო მხოლოდ ერთი კომპანიის განცხადება მითითებული უძრავი ქონების გარკვეული ნაწილის სიმბოლურ ფასად პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების თაობაზე, სასტუმრო ინფრასტრუქტურის მშენებლობის და 2 000 000 (ორი მილიონი) ევროს ეკვივალენტი ლარის ინვესტიციის განხორციელების პირობით. ასევე სხვადასხვა პერიოდში სააგენტოში წარდგენილი იყო აღნიშნული უძრავი ქონებების მცირე მონაკვეთებით (100.00 კვ.მ.-200.00 კვ.მ.) დაინტერესების გამომხატველი არაერთი განცხადება. კურორტ ბახმაროს განვითარების პერსპექტივის, ასევე შპს „ორბი ჯგუფის“ მიერ შემოთავაზებული პროექტის მასშტაბებისა და მოსალოდნელი საინვესტიციო თანხების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის მიერ მხარდაჭერილ იქნა ამ უკანასკნელის ინიციატივა.

– ბახმაროში აღნიშნული მიწის ნაკვეთი გასაყიდად სააგენტომ მოამზადა თუ ჯერ ინვესტორმა გამოხატა ინტერესი? რამდენ ხანში მიიღო სააგენტომ/მთავრობამ მის სიმბოლურ ფასად გადაცემაზე გადაწყვეტილება?

– უძრავი ქონების პირდაპირი წესით განკარგვა შპს „ორბი ჯგუფი ბახმარომ“ სააგენტოში 2018 წლის 27 დეკემბერს წარმოდგენილი განცხადებით მოითხოვა, რის შემდგომაც სააგენტომ დაიწყო დადგენილი საპრივატიზებო პროცედურების განხორციელება, მათ შორის მიწის ნაკვეთების ადგილზე მოკვლევა და შესაბამისი უწყებებიდან პრივატიზებასთან დაკავშირებული მოსაზრებების გამოთხოვება. საპრივატიზებო პაკეტის მომზადების შემდგომ, 15 მაისს, აღნიშნული საკითხი დადებითად გადაწყდა მთვრობის სხდომაზე.

– პრემიერის განკარგულებიდან გამომდინარე, 10 წლის შემდეგ “ორბი ჯგუფს” ბახმაროში მრავალბინიანი სახლის/კორპუსის აშენების უფლება ექნება?

– საპრივატიზებო პირობების მიხედვით, შპს „ორბი ჯგუფს“ ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 წლის მანძილზე ეკრძალება მრავალბინიანი სახლების მშენებლობა, ხოლო შემდგომ პერიოდში მსგავსი ტიპის მშენებლობა უნდა დარეგულირდეს საქართველოს მთავრობის 2017 წლის 3 ივლისის N314 დადგენილებით დამტკიცებული ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

– დეპუტატ ნინო წილოსანის ინფორმაციით, ბახმაროში ინვესტირებით კიდევ ორი კომპანიაა დაინტერესებული და მოლაპარაკებები აქვთ ქონების სააგენტოსთან. შეგიძლიათ, კომპანიების ვინაობა გვითხრათ? ასევე რა პროექტებზეა საუბარი და რა საინვესტიციო ვალდებულებით?

– მიმდინარე პერიოდში, სააგენტო ოცამდე დაინტერესებული პირის წინადადებების ფარგლებში განიხილავს 25-მდე ობიექტის (მიწის ნაკვეთის) პრივატიზების საკითხს. დასახელებული მიწის ნაკვეთების ფართობი არ აღემატება 100.00 -300.00 კვ.მ.-ს. ობიექტების საპრივატიზებოდ მომზადების პროცესის დასრულების შემდგომ, ისინი ინიცირებული იქნება ელ. აუქციონის ფორმით. ამასთან, გარდა ზემოთ დასახელებული სუბიექტებისა, სააგენტო მსხვილ საინვესტიციო პროექტებთან დაკავშირებით აწარმოებს მოლაპარაკებებს რამდენიმე (სამი) კომპანიასთან. გამომდინარე იქიდან, რომ ზემოაღნიშნული პროექტები დამუშავების ეტაპზეა, ინვესტორის ინტერესების გათვალისწინებით, სააგენტოს არ მიაჩნია მიზანშეწონილად გაამხილოს მათი ვინაობა და საინვესტიციო პირობები.

– გურიის გუბერნატორის ზურაბ ნასარაიას განმარტებით, რწმუნებულის აპარატი მოლაპარაკებების პროცესში კომპანია “ორბთან”ჩართული არ იყო, გქონდათ თუ არა მათი წერილობითი ან ზეპირი თანხმობა აღნიშნული მიწების 1 ლარად გასაყიდად?

– აღნიშნული უძრავი ქონების განკარგვამდე, ლანჩხუთის, ოზურგეთის და ჩოხატაურის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატს სააგენტოსგან წერილობით ეცნობა კურორტ ბახმაროში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთბის საპრივატიზებოდ მომზადების შესახებ.

bm.ge

ფოტო : გიორგი ნიკოლავა


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.