2017 წელს საქართველოში სასტუმროებმა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებმა 3,4 მლნ-მდე სტუმარს უმასპინძლეს.
"საქსტატის" მონაცემებით, ქვეყანაში 2017 წელს სულ 1595 სასტუმრო და სასტუმროს ტიპის დაწესებულება ფუნქციონირებდა 67 000 ადგილით. ნომრების საერთო რაოდენობა 30.7 ათასით განისაზღვრა, საიდანაც 9.9% ლუქსია, 13.1%– ერთადგილიანი, 57.2% – ორადგილიანი, 19.8% სამი და მეტი ადგილის მქონე ნომრებია.
2017 წელს საქართველოში მოქმედი სასტუმროების და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საერთო ფართობი 1790.3 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენდა (6.9%-ით მეტი, 2016 წელთან შედარებით). აქედან იჯარით გაცემულია 30.2 ათასი კვადრატული მეტრი, ხოლო ყველა ნომრის საცხოვრებელმა ფართობმა 882.1 ათასი კვადრატული მეტრი შეადგინა (7.4%-ით მეტი, 2016 წელთან შედარებით).
საქართველოს სასტუმროებს სტუმართა 69.7% საზღვარგარეთის ქვეყნებიდან სტუმრობდა, 30.3% - საქართველოდან. "საქსტატის" მონაცემების მიხედვით, საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოს სასტუმროებს უმეტესად სტუმრობდნენ რუსეთიდან (16.9%) შემოსული სტუმრები.
ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსულ სტუმართა შორის უმეტესობას პოლონეთიდან (20%) და გერმანიიდან (17.9%) შემოსული სტუმრები შეადგენდნენ, სხვა ქვეყნებიდან შემოსულ სტუმართა შორის უდიდესი წილი თურქეთიდან (27.5%) და ირანიდან (20.1%) შემოსულ სტუმრებს უკავია.
საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოს სასტუმროებს უმეტესად სტუმრობდნენ რეკრეაციისა და დასვენების მიზნით 78.4%, საქმიანი და პროფესიული მიზნით - 13.8%, მკურნალობის მიზნით - 1.9%, 5.9% სხვა მიზნებზე მოდის.
www.travelingeorgia.ge