ათობით უკრაინელი უკვე დასაქმდა, ქართველებს ამ სფეროში მუშაობა არ სურთ - რესტორატორთა ასოციაცია
პანდემიური პრობლემით დამძიმებულ ჰორეკა სექტორს ძალების აღდგენა უჭირს. მთავარ გამოწვევად დასაქმება რჩება. შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, დარგი დასაქმების მაძიებელთათვის არასტაბილურად მიიჩნევა, რის გამო ადგილობრივები სარესტორნო ბიზნესში დასაქმებას არც ცდილობენ. სამაგიეროდ, საქართველოში ჩამოსული უკრაინელები მუშაობის დაწყებას ყველაზე მეტად სწორედ ამ სფეროში ახერხებენ.
როგორც ,,რესტორატორთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი შოთა ბურჯანაძე ,,კომერსანტთან“ ამბობს, ვინც რესტორნებში ვაკანსიაზე განაცხადი შეიტანა, ყველა უკრაინელი დასაქმდა.
,,დასაქმების კუთხით რესტორნებში ძალიან ცუდი სიტუაციაა. პარადოქსია, მაგრამ საქართველოში ჩამოსული უკრაინელები უფრო ცდილობენ დასაქმებას, ვიდრე ადგილობრივი მოსახლეობა. ვინც დასაქმების მიზნით მოგვმართა, ყველა დავასაქმეთ. ერთი მხრივ კარგია, რომ ადამიანებს შანსს ვაძლევთ, მაგრამ ტრენდი ნამდვილად არ არის სახარბიელო. საქართველოში არსებობს მაღალი უმუშევრობა და ხალხი არ საქმდება, ხშირ შემთხვევაში გასაუბრებაზეც კი არ მოდიან, ეს არის მძიმე რეალობა“, - ამბობს ბურჯანაძე.
მისი თქმით, შეზღუდვების მოხსნის შემდეგ სარესტორნო მომსახურებაზე მოთხოვნამ მკვეთრად მოიმატა და კადრები ვერ უმკლავდებიან.
,,პანდემიურ პერიოდში ბევრი რესტორანი გაკოტრდა. ობიექტების შემცირებასთან, ასევე შეზღუდვების გაუქმებასთან ერთად, მოხდა მომხმარებლის დაწოლა სფეროზე, ხოლო რესტორნების უმეტესობას არ აქვს რესურსი მოზღვავებულ ნაკადს გაუმასპინძლდნენ. დამატებით ბევრი თანამშრომელი სჭირდება. გარკვეულ პოზიციაზე 3 ადამიანის ნაცვლად 1 ან 2 მუშაობს. ამ დროს ფაქტობრივად ყველა რესტორანს აქვს მოქალაქეების დასაქმების შესაძლებლობა“, - დასძენს ბურჯანაძე ,,კომერსანტთან.
მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე რესტორნებში დაახლოებით 35 უკრაინელია დასაქმებული და სურვილის შემთხვევაში, მეტს დაასაქმებენ.
გარდა ამისა, ,,რესტორატორთა კავშირსა“ და ერთ-ერთ უკრაინულ ორგანიზაციას შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება უკრაინელი მოქალაქეების საქართველოში დასაქმებასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლება მათ ქართულმა მხარემ შესთავაზოს.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლიდან დღემდე რესტორნების 40% გაკოტრდა და ვერ აგრძელებს საქმიანობას.
რაც შეეხება უკრაინელ მოქალაქეებს, უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ანდრი კასიანოვის ინფორმაციით, 23 მარტის მდგომარეობით, საქართველოში უკრაინის დაახლოებით 20 ათასი მოქალაქეა.
commersant.ge