რამდენიმე თვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ სომხური ავიაკომპანია Armenia საქართველოს ავიაბაზარზე ბრუნდება
რამდენიმე თვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ სომხური ავიაკომპანია Armenia საქართველოს ავიაბაზარზე ბრუნდება. როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული იანვრის ფრენების განრიგიდან ირკვევა ერევანი-თბილისი-ერავანის საჰაერო ხაზზე Aircompany Armenia ფრენებს 5-დან 15 იანვრის ჩათვლით პერიოდში განახორციელებს.
გამორიცხული არ არის ავიაკომპანიამ რეისები 15 იანვრის შემდეგაც განახორციელოს, რასაც სავარაუდოდ მოგვიანებით დაანონსებს.
5-8-10-13-15 იანვარს, ერევანი-თბილისი-ერევანის საჰაერო ხაზზე Aircompany Armenia დღეში ორი სიხშირით მოახდენს ოპერირებას. ანუ 5 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით პერიოდში Aircompany Armenia ერევანი-თბილისი-ერევანის მიმართულებაზე ფრენებს 10 სიხშირით შეასრულებს.
აღსანიშნავია, რომ Aircompany Armenia მგზავრებს როგორც ერევანი-თბილისის, ასევე თბილისი ერავანის მიმართულებაზეც მოემსახურება.
რამდენიმე კვირის უკან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი Aircompany Armenia მგზავრებს თბილისიდან ერევნის გავლით რუსეთის სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით და პირიქით, სთავაზობდა მგზავრობას. აღნიშნული ტრანზიტული მიმართულება რუსეთ-საქართველოს შორის გადაადგილებისთვის აქტიური მას შემდეგ გახდა, რაც ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, 2019 წლის 8 ივლისიდან, ორ ქვეყანას შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა აიკრძალა, რასაც თავის მხრივ, ტრადიციისამებრ, პოლიტიკური სარჩული ჰქონდა.
ერევნის და სხვადასხვა ტრანიზტულ მიმართულებებზე ბილეთების შეძენა შესაძლებელია ავიაკომპანიის ოფიციალური ვებგვერდიდან https://www.armeniafly.com/hy
აღსანიშნავია, რომ სომხური ავიაკომპანია Aircompany Armenia -ს ერთ-ერთი დამფუძნებელი ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე თამაზ გაიაშვილია.
რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა აკრძალვის შემდეგ, რუსეთის მიმართულებით ფრენების შეჩერება მოუხდა ქართულ ავიაკომპანია Georgian Airways-საც.
მალევე, Georgian Airways-მა Aircompany Armenia -სთან ერთად გადაწყვეტილება მიიღო რუსეთ-საქართველოს შორის მგზავრთგადაყვანის განხორციელებისათვის თბილისი-ერევანი-მოსკოვი ტრანზიტული რეისები აემოქმედებინა, რომლის შეჩერებაც, 2020 წლის დასაწყისში, COVID-19-ის პანდემიის ფონზე მოუწია.
avianews.ge