საქართველოში შიდა ტურისტები უცხოელებზე 7,2-ჯერ ნაკლებ ფულს ხარჯავენ. როგორც სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე განმარტავს, შიდა მოსახლეობას არ აქვს ის რესურსი, რომ ეკონომიკური კუთხით უცხოური ტურიზმის პოტენციალი ჩაანაცვლოს.
გარდა ამისა, როგორც სტატისტიკოსი აღნიშნავს, პანდემიის პერიოდში უცხოეთში გამგზავრებულმა ქართველმა ტურისტებმა $400 მლნ–ით ნაკლები დახარჯეს, ვიდრე ისინი პანდემიის არარსებობის შემთხვევაში დახარჯავდნენ.
,,მართალია, ჩვენი მოსახლეობა იმ მასშტაბით და ინტენსივობით ვერ გავიდა, როგორც 2020 წლამდე ახერხებდა, მაგრამ მათ მიერ დაზოგილი თანხა 7-8-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ის ფული, რომელიც საქართველომ ვერ მიიღო უცხოელი ტურისტების საქართველოში არჩამოსვლის გამო. ამ თვალსაზრისით, საქართველომ 3,1 მლრდ დოლარით იზარალა. აღსანიშნავია, რომ უცხოელი ტურისტები საქართველოში ხარჯავენ 7,2-ჯერ მეტ თანხას, ვიდრე ადგილობრივი მოგზაური შიდა ტურიზმის ფარგლებში. პირობითად, ქუთაისის მოსწავლეები კახეთში ღირშესანისაობებს თუ მოინახულებენ, მათ მიერ გაწეული ხარჯის სიდიდე 7,2-ჯერ ნაკლებია, ვიდრე შეიძლება უცხოელ ტურისტებს დაეხარჯათ“, - ამბობს ,,კომერსანტთან“ სოსო არჩვაძე.
როგორც სტატისტიკოსი აღნიშნავს, ქართველები უცხოეთში მოგზაურობისას ფულს ძირითადად ხარჯავენ მგზავრობაში, განთავსების ობიექტებში, კვებაში, სუვენირებისა და ტანსაცმლის შესაძენად და ასევე საინტერესო ადგილების მონახულებაში.
,,მთლიანობაში, 1 ქართველი შედარებით ნაკლებს ხარჯავს, ვიდრე 1 უცხოელი ტურისტი საქართველოში, თანაფარდობა დაახლოებით 85%-ის დონეზეა. არ ვართ ის ქვეყანა, რომლის მოქალაქეებს შეუძლიათ დიდი ფულის დახარჯვა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში“, - ამბობს არჩვაძე.
სტატისტიკოსის შეფასებით, ეროვნულ მეურნეობაში, სხვა დარგებთან კავშირის მიხედვით, ტურიზმს კონკურენციას მხოლოდ მშენებლობა გაუწევს. მისი თქმით, ტურიზმზე არის ბევრი დარგი გადაჯაჭვული, ამიტომ იმისდა მიხედვით, როგორია ტურისტული ნაკადები, შეიძლება რიგ დარგებს დამატებითი იმპულსი მისცეს განვითარებისა და პირიქით, როცა ტურისტული ნაკადები იწრიტება (რასაც 2020 წელს ჰქონდა ადგილი), გავლენას ახდენს სხვადასხვა დარგეზე - ჯაჭვური რეაქციის სახით ამცირებს წარმოებას და მაკროეკონომიკურ პარამეტრებს აუარესებს.
რაც შეეხება ტურიზმის გავლენას საქართველოს ეკონომიაკზე, არჩვაძის ინფორმაციით, 2019 წელს ცოტა აკლდა, რომ 15%-იანი მიჯნა გადაელახა. ეს წილი 10,3 პუნქტით - 11,6%-დან 4,3%-მდე შემცირდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ივლისში საქართველოში 230 902 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, რაც თითქმის 74%-ით ნაკლებია 2019 წელთან შედარებით, ხოლო პანდემიური 2020 წლის მაჩვენებელს 403%-ით აღემატება. აქედან 213 545 ტურისტული, ხოლო 17 357 ერთდღიანი ვიზიტი იყო.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტატისტიკიდან ირკვევა, რომ ივლისის განმავლობაში ვიზიტორთა ნახევარზე მეტი - 138,412 საჰაერო გზით შემოვიდა ქვეყანაში, რაც გააქტიურებულ საჰაერო მიმოსვლას უკავშირდება.
ყველაზე მეტი ვიზიტი 35 045 თურქეთიდან იყო, გასულ წელთან შედარებით ზრდა 91.3%-ია, თუმცა ეს მაჩვენებელი 77%-ით ნაკლებია 2019 წელთან შედარებით.
commersant.ge