ვაკის რაიონში, რამიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა.
პროექტის ფარგლებში, 5 000 კვ.მ ფართობზე ასფალტის ახალი საფარი დაიგო, მოეწყო ბორდიური და ტროტუარი, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მონაწილეობით კი, მიწისქვეშა საკომუნიკაციო სისტემას, როგორც სასმელი წყლის, ასევე წყალარინების ქსელს, რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
სამუშაოების ფარგლებში, გამოიცვალა ჭები, ხოლო საკომუნიკაციო საჰაერო სადენები მიწის ქვეშ განთავსდა.
რეაბილიტაციის ფარგლებში, გაიმართა გარე განათების ახალი ქსელი: 17 საყრდენი ბოძი და 17 ლედ დიოდური სანათი.
„მუშაობა სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ლამაზი ქუჩა გამოვიდა. სამუშაოების ფარგლებში, მოეწყო ტროტუარი, რადგან აქ ფეხით გადაადგილება შეუძლებელი იყო. შესაბამისად, მოხდა გზის სავალი ნაწილის შემცირება, რათა ფეხით მოსიარულეებს ტროტუარი ჰქონოდათ. ასევე, მთლიანად შეიცვალა გარეგანათება. ჩვენი მიდგომაა, რომ ყველა პროექტი, რომელსაც განვახორციელებთ, სრულყოფილი იყოს, რათა შემდგომი წლების განმავლობაში, წყალარინების, წყლის, სანიაღვრეების ან ბორდიურის პრობლემამ თავი არ იჩინოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანია „ენ სიმ“ შეასრულა, პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 300 000 ლარამდე დაიხარჯა.
www.travelingeorgia.ge