ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
შაორის განაშენიანების გეგმა, რომელიც წლებია მზადდება, დასრულებულია – ცნობილია პირველი ინვესტორიც
31 მაისი, 2019

შაორის ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსის განაშენიანების გეგმა, რომელიც ჯერ კიდევ 2008 წლიდან მზადდებოდა, ახლა უკვე  საკრებულოს დეპუტატების მხრიდან დამტკიცებას ელოდება. დამტკიცების შემდეგ გეგმა  ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ ოფიციალურად გამოქვეყნდება. ამბროლაურის მერიამ „კომერსანტს“ ის 125 გვერდიანი დოკუმენტი მიაწოდა, რომელიც მოიცავს ყველა იმ ინფრასტრუქტურულ, თუ სხვა ობიექტებს,  რომლებიც  4 წელიწადში შაორის წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება. 

შაორის ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსის საპროექტო საზღვარში სულ განხლულია 995 ნაკვეთი, სადაც რეგისტრირებულია 805 ნაკვეთი. საპროექტო ტერიტორიის 6% ტყის ფონდის მიწებია, ხოლო 47% ნაკვეთებით დაფარული ფართობებია.

პროექტი მოიცავს საბაგირო გზის მშენებლობას, ტყიბულიდან შაორზე ამომავალი მაღალი გამტარიანობის (2500 კაც/სთ-ში) 6 კმ-იანი გონდოლებიანი საბაგირო გზა, რომელიც წარმოდგენილია სამი (ტყიბულის ქვედა, ნაქერალას შუალედური და შაორის ზედა) სადგურით.

შაორის ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსის მსოფლიოში არსებული ანალოგები

გეგმის მიხედვით, წყალსაცავის სამხრეთ-დასავლეთ ნაპირზე, გზასა და სანაპიროს შორის მოწყობილია ე.წ. ,,მარინა“. შაორის წყალსაცავისათვის შესაფერისი (ბათიმეტრიული მოცემულობები) ტიპის ნავსადგომებით (900-მდე ნავი); აქვე მოწყობილია იახტ-კლუბი, ნავების გაქირავება, სპორტული სანაოსნო სკოლა და რესტორანი დამსვენებლებისათვის. მარინას ჩრდილოეთ გაყოლებაზე განთავსებულია სპორტულ-სარეკრეაციო არეალი სპორტული მოედნებით. მარინასა და სპორტულ ზონას შორის განლაგებულია ავტოპარკინგი (400-მდე მანქანაზე და 10 ავტობუსზე), წყალსაცავსა და გზას შორის, მდებარეობს აქტიური დასვენების ზონები, სადაც განათავსებულია სასტუმროები და საცხოვრებელი სახლები.

წყალსაცავის აღმოსავლეთით, სოფელ თლუღისა და სხარტალის მიმართულებებით, განთავსდება ფერმა-სახლებისა და რანჩოების ზონა.

შაორის გენგეგმაში სარეკრეაციო ზონის სახით გამოიყო ტერიტორია ღია ფესტივალების, საზაფხულო კონცერტებისა და სხვა ღონისძიებების ჩასატარებლად. ეს ადგილი მოშორებულია საცხოვრებელ ზონებს. შაორის წყალსაცავის ირგვლივ მოწყობილია ფეხით სასიარულო და ველო-ბილიკი. რაც შეეხება აუცილებელი ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას – ეს პროექტები განხილულ იქნა საჯარო-კერძო პარტნიორობის (PPP) ჭრილში და სახელმწიფოს თანამონაწილეობა 20%-ით განისაზღვრა.

შაორის ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსის განვითარების პროექტის განხორციელების შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ, სავარაუდოდ, განსახორციელებელი ინვესტიციების რაოდენობა პროექტის პირველ ეტაპზე 21,182,500 ლარს შეადგენს.

პროექტის მეორე ეტაპის განხორციელების შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ სავარაუდოდ განსახორციელებელი ინვესტიციების რაოდენობა დამატებით 86,580,000 ლარს, ხოლო ორივე ეტაპზე საერთო დანახარჯები 107,762,500 ლარს შეადგენს.

„ინვესტორების მხრიდან დიდი ინტერესია შაორის მიმართ.   მათი მხრიდან დიდი მოლოდინია, თუ როდის დამტკიცდება ოფიციალურად გეგმა, რომ განახორციელონ ინვესტიცვიები ამ ტერიტორიაზე.  შესაბამისად,  ჩვენც ველოდებით გამოქვეყნებისთანავე აქტიურობას. ამ ეტაპზე ქართულ-ფრანგულმა კომპანიამ გამოთქვა სასტუმროს აშენების სურვილი.

მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს შაორის ტურისტულ კომპლექსს.  ყველასთვის ცნობილია აქ აშენებული უნიკალური კავკასიური სოჭის ტყის კორომები, იქვე შაორის მიმდებარედ არის ცნობილი  ნიკორწმინდა და ულამაზესი ტაძარი, მახლობლად არის ძალიან საინტერესო მღვიმეები, ახლად აღმოჩენილი „მურადის“  ხეობა და ძალიან ბევრი საინტერესო ბუნებრივი თუ ისტორიული ძეგლები.

ვიზიტორების რაოდენობა,  რომლებიც აკითხავენ ტურისტულ-საინფორმაციო ცენტს წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.  შაორის ტერიტორიაზე სტუმრები ძირითადად ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან ჩამოდიან  ,“ – განაცხადა რაჭის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ „კომერსანტთან“ ინტერვიუში.

შაორის ტერიტორიაზე ღამის გათენებაა 2800 ადამიანს შეუძლია.

არსებული დაგეგმარების დოკუმენტის მიხედვით, ზამთრის პერიოდში, შაორის წყალსაცავსა და მის ირგვლივ ტერიტორიაზე შეიძლება:  ყინულის მოედნის  მოწყობა, ყინულის ქვეშ თევზაობა, სკი-ტური, სარბენი თხილამური, მარხილით გასეირნება, თოვლში სასიარულო თხილამური-ჩოგანი და სხვა.

საქართველოში, და კონკრეტულად რაჭაში, ისტორიულად ჩამოყალიბებული ტრადიციული სპორტული მიმართულებების გარდა, წინა პლანზე წამოწეულია სპელეოტურიზმი, როგორც ამ ადგილთან უპირობო და უპირატესი გარემოება, რომელიც უკავშირდება უნიკალური და სარეკორდო შესაძლებლობების მქონე ნაქერალა-შაორის კირქვულ მასივს, მასზე მიმდინარე კარსტულ პროცესებს და ცნობილ (მათ შორის ახლად აღმოჩენილ) მღვიმეებს. ტურისტულ-სარეკრეაციო ზონაში არსებობს სპელეო-სკოლა და სპეციალური ტურისტული ცენტრი.

Commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.