ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რას სთავაზობს თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი მომხმარებლებს?
26 დეკემბერი, 2023

თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის  შექმნის ისტორია თბილისის ძველი უბნის - აბანოთუბნის ცხელ გოგირდიან წყლებთანაა დაკავშირებული. 1924 წელს ცნობილმა კურორტოლოგმა - მიხეილ ზანდუკელმა ქალაქის საბჭოს სხდომაზე შეიტანა წინადადება ერეკლეს აბანოს ბაზაზე გახსნილიყო ამბულატორიული ცენტრი აბაზანებითა და სამკურნალო  ტალახით. ჩატარებული კვლევების საფუძველზე გადაწყდა თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის დაარსება . 1930 წელს შეიქმნა თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის მშენებლობის კომიტეტი, ტერიტორია განისაზღვრა ქალაქის  სამხრეთ -აღმოსავლეთ ნაწილში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე  მაიდანის, ორთაჭალა -კრწანისის ბაღების, თაბორის შემაღლების , ნარიყალასა და ბოტანიკური ბაღის საზღვრებში 200 ჰა ფართობით.

„თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი დღეისათვის  წარმოადგენს ქალაქის ცენტრში განთავსებულ მძლავრ სამკურნალო -დიაგნოსტიკურ სარეაბილიტაციო დაწესებულებას ანუ ეს გახლავთ კურორტი ქალაქში, სადაც მკურნალობა ტარდება ორი მძლავრი ბუნებრივი სამკურნალო  ფაქტორით, როგორიც არის თბილისის თერმული გოგირდოვანი (სულფიდური) მინერალური წყალი და  ფხოვ-ზეარის  ფსევდოვულკანური სამკურნალო ტალახი, რითაც იგი განსხვავდება ქალაქის  სხვა სამკურნალო დაწესებულებისაგან.“ - გვიყვება თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის ხარისხისა და ინოვაციების მენეჯერი - ნანა გულუა.

შენობას 2017 წელს მთლიანად ჩაუტარდა რესტავრაცია, რომ ისტორიული ძეგლისთვის დაებრუნებინათ თავდაპირველი ავთენტური იერსახე არქივში დაცული პროექტის შესაბამისად.

ნანა გულუას თქმით, დღეს თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტს ადგილობრივი მოსახლეობის გარდა აქტიურად სტუმრობენ საერთაშორისო მოგზაურებიც:

„კურორტს მომართავს უცხოელი ტურისტის 35%. მათ შორის არიან როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ისე ევროპის სხვადასხვა ქვეყნისა და მეზობელი აზერბაიჯანისა და სომხეთის მოქალაქეებიც.“

კურორტს ადგილობრივი მოსახლეობა ძირითადად სამკურნალოდ მიმართავს:

„თბილისის   ბალნეოლოგიურ  კურორტზე  დიდი მოთხოვნით სარგებლობს ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური განყოფილება. კურორტის ძირითადი სამკურნალო ფაქტორებია: მინერალური თერმული წყალი და ტალახით (პელოიდი) მკურნალობა.“ - აღნიშნავს ნანა გულუა.

მისი თქმით, კურორტი მომხმარებლისთვის ახალ პროდუქტებს შექმნის:

„საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს, ვართ მუდმივი განვითარების პროცესში:  ვამატებთ ახალ სერვისებს,  ჩვენი თანამშრომლები არიან მაღალკვალიფიციური კადრები და  მუდმივად ვზრუნავთ მათთვის  კვალიფიკაციის ამაღლებაზე.“

ამჟამად თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი მომხმარებლებს გამაჯანსაღებელ პროცედურებს სთავაზობს: მინერალური, გოგირდოვანი წყლის აბაზანებს, ვულკანური წარმოშობის სამკურნალო ტალახის აპლიკაციებს, ფიზიოთერაპიას, გამაჯანსაღებელ და სამკურნალო მასაჟებს. ცენტრი ფუნქციონირებს სამედიცინო მიმართულებითაც, რომელიც  სხვადასხვა პროფილის ექიმებსა და დიაგნოსტიკური აპარატურას აერთიანებს.

ნანა გულუა თვლის, რომ ბალნეოლოგიური კურორტების ინდუსტრიის განსავითარებლად სახელმწიფოს მხრიდან მეტი მხარდაჭერა და ცნობადობის გაზრდისთვის საჭირო მექანიზმების შემუშავებაა აუცილებელი.

ანა შენგელია

travelingeorgia.com


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.