ტურისტულ სფეროში ჩართული ადამიანები, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად საუბრობენ, რომ საქართველომ მაღალმხარჯველიi ტურისტი უნდა მოიზიდოს, რათა ქვეყანაში ტურიზმის კუთხით არსებული შემოსავლები გაიზარდოს.
თუმცა, საინტერესოა, რამდენად არის ქვეყანა მზად, მიიღოს ასეთი ტურისტები და რას ვთავაზობთ მათ?
სასტუმრო Legends Tskaltubo Spa Resorts-ის დამფუძნებელი ანდრო ჯიშკარიანი bm.ge-სთან აცხადებს, რომ ტურისტები სეგმენტურად უნდა დავყოთ. თუ რესტორნებსა და სასტუმროებს ვგულისხმობთ, მისი აზრით, თბილისსა და ბათუმში ტურისტებს საკმაოდ კარგი ხარისხის სერვისისა და მომსახურების მიღება შეუძლიათ, თუმცა, არსებობს პრობლემური სფეროებიც.
“ზოგ მაღალმხარჯველუნარიან ტურისტს უნდა კარგი შოპინგი. კარგი შოპინგი საქართველოში არ არსებობს. იგივე ჩინეთზე როდესაც ვსაუბრობთ, ჩინეთის ბაზარი დიდი ბაზარია, თუმცა, მათაც ერთ-ერთ პრიორიტეტად აქვთ შოპინგი…და კაზინო. შოპინგის კუთხით არ ვართ მზად.
ამ ჭრილში მინდა სამედიცინო ტურიზმს შევეხო და მგონია, რომ საკმაოდ კარგი ალტერნატივა შეიძლება იყოს. გვაქვს ძალიან ბევრი კარგი რესურსი, როგორიცაა წყალტუბო, საირმე, ურეკი, რომლებიც ევროპელი ტურისტებისთვის საკმაოდ მიუწვდომელია, ამის მიზეზი კი რამდენიმეა. მათ შორის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ არ არის კარგად დაბრენდილი, არ ხდება სათანადო პიარი”,- აცხადებს ანდრო ჯიშკარიანი და აღნიშნავს, რომ კურორტების პიარის მიმართულებით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უნდა იმუშაოს.
ტურისტული კომპანია “ტრეფიკ ტრეველის” მმართველი პარტნიორი ცოტნე ჯაფარიძე კი მიიჩნევს, რომ ქვეყანა მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების მისაღებად მზად ნაკლებად არის, თუნდაც, ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ასევე, მისი შეფასებით, თუნდაც პროექტ Check In Georgia-ს ფარგლებში გვიან გამოცხადებული პროგრამა, მათ ტურების დაგეგმვის საშუალებას არ აძლევს.
“ტურისტი, რომელსაც აქვს მოგზაურობის მაღალი კულტურა, ჯავშნებს აკეთებს 6 თვით ადრე. ჩვენც ანალოგიურად ჯავშნებს ვიღებთ საკმაოდ ადრე. განრიგი კი, რომელიც ქვეყნდება გვიან არის საკმაოდ მიუღებელი, რადგან ვერ ვსვამთ უბრალოდ ტურებში, ყველაფერი გაწერილია ხოლმე და უბრალოდ თუ დაემთხვა, მაშინ შეიძლება მოახერხონ დასწრება”- აცხადებს ცოტნე ჯაფარიძე.
BM.GE