ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რაში ეყოფათ უკრაინის მოქალაქეებს საქართველოს მთავრობის მიერ 45 ლარიანი დახმარება
03 აგვისტო, 2022

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეთათვის სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამა ამოქმედდა, რომლის ფარგლებში, ოჯახზე თვეში 300 ლარი, ხოლო ოჯახის თითოეულ წევრზე - 45 ლარი გაიცემა.

ივნისში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 255.3 ლარს შეადგენდა. სახელმწიფოს მიერ საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეზე გაცემული 45 ლარით და ოჯახზე - 300 ლარით მათ საქართველოში ცხოვრება საკმაოდ გაუჭირდებათ, მით უმეტეს საცხოვრებელი ფართითაც უზრუნველყოფა.

და კიდევ ერთი, გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისარიატი (UNHCR) უკრაინიდან ლტოლვილებს, სამთავრობო პროგრამასთან ერთად, სულზე 235 ლარით, ორი თვის განმავლობაში დაეხმარება.

როგორც „კომერსანტს“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, უკრაინის მოქალაქეები საქართველოს მთავრობისგან იგივე დახმარებას მიიღებენ, როგორც ქართველი დევნილები. ჯადაცვის მინისტრმაც ისაუბრა დღეს ამ თემაზე:

„მსურს განვმარტო, თუ საიდან მივედით ამ თანხებამდე და როგორი პრაქტიკაა დღეისათვის ეს. მოგეხსენებათ, უკრაინელი ლტოლვილები არიან სხვადასხვა ქვეყნებში გადანაწილებული და ყველა ამ ქვეყნის პრაქტიკა და მაგალითები ვნახეთ. ასევე გასათვალისწინებელი იყო, რომ ქვეყანაში გვყავს 300 000-მდე ჩვენი დევნილი თანამემამულე. ასევე მნიშვნელოვანია, ახლოს ყოფილიყო მათი დახმარების პაკეტთან და აქედან გამომდინარე ჩვენ ავიღეთ ის მაქსიმუმი, რასაც ვაკეთებთ ჩვენი თანამემამულე დევნილებისთვის. აქედან გამომდინარე, ყველა სპეკულაცია და ამ საკითხის პოლიტიკურ თემებში გადაყვანა მიზანშეუწონელია და მოვუწოდებ იმ პოლიტიკოსებს, თითქოს ჩვენზე მეტად შესტკივათ გული ამ პრობლემის მიმართ, თავი დაანებონ პროვოკაციებს.

ახლა სასტუმროების დიდი ნაწილიდან ლტოლვილები უკვე გამოვიდნენ. უდიდეს ნაწილს უკვე ჩაერიცხათ დახმარება. დევნილთა სააგენტოს თანამშრომლები დადიოდნენ 3 კვირის განმავლობაში ამ 40 სასტუმროში და ყველა იმ დევნილს, რომელიც აღრიცხეს და შესაბამისი განაცხადები შეავსეს, ბანკთან შეთანხმებით გაუხსნეს ანგარიშები და უკვე ჩარიცხული აქვთ ყველას შესაბამისი დახმარებები. სპეკულაციაა, თითქოს ქუჩაში ვტოვებთ ლტოლვილებს და ასე ნამდვილად არ არის. ჩვენი მხრიდან ხდება ამ თანხების ფარგლებში ბინების შეთავაზება სხვადასხვა რაიონებში. ჩვენმა თანამშრომლებმა მოიძიეს ასეთი ბინები“, - განაცხადა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა.

ეკონომიკის ექსპერტი ზვიად ხორგუაშვილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მიერ გაცემული დახმარება ამ ადამიანებს, არსებული მზარდი ინფლაციის ფონზე, საკვებშიც არ ეყოფათ. ექსპერტის აზრით, მათთვის მთავარი პრობლემა საცხოვრებელი ადგილი და მისი ფასია. უძრავი ქონების ფასი საქართველოში მკვეთრადაა გაზრდილი და ის სექტემბრიდან კიდევ უფრო გაიზრდება.

„ეს თანხა რაც დაანონსდა ძალიან დაბალია. ინფლაცია საქართველოში მეორე წელია თითქმის 14%-ია. ფასები იზრდება. აქ მნიშვნელოვანია საცხოვრებელი ადგილი, ბინებზე ფასები კი საქართველოში მკვეთრადაა გაზრდილი და სამწუხაროდ, კიდევ უფრო გაიზრდება. სექტემბრიდან სტუდენტების მიგრაციის პროცესი დაიწყება და მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება. გაზრდილი მოთხოვნის ფონზე ფასები კიდევ უფრო მაღლა აიწევს. აგვისტოს დასაწყისშიც ფასები ძალიანაა აწეული, ამას ეხმარება ისიც, რომ ათიათასობით ადამიანი შემოდის უკრაინიდან, რუსეთიდან, ბელარუსიდან, რაც ამ ბაზარზე ფასებს ზრდის.

შესაბამისად, დაქირავება/დაგირავება/ყიდვის ფასები უძრავ ქონებაზე კიდევ უფრო გაიზრდება. ყოველთვიური დახმარება, რომელიც საკვებზეც შესაძლოა არ ეყოთ ადამიანებს, საკმარისი არ იქნება იმისათვის, რომ იპოვონ ადგილი და იქ იცხოვრონ. ეს დახმარებები, რაც მთავრობის მიერ გაიცემა უბიძგებს მათ, რომ ნაკლები დრო გაჩერდნენ საქართველოში და წავიდნენ“, - აღნიშნა ხორგუაშვილმა.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს ლადო კახაძეს მიაჩნია, რომ აღნიშნული დახმარების მოცულობა მცირეა, მაგრამ თუ კი ბიუჯეტს საშუალება ექნება, მოხდება მისი გადახედვა.

„რამდენადაც ვიცი სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამა ეკონომიკურ გათვლებს ეფუძნება, სახელმწიფოს კეთილი ნება და თანადგომაა უკრაინელი ხალხის მიმართ. თუმცა ამას ემატება, როგორც მე ვიცი, საერთაშორისო დახმარებაც. რასაკვირველია მისი კმარობა-უკმარობის საკითხი დასათვლელია. ცხადია დღევანდელ გამოწვევებში ამ თანხის გადახედვა და გაზრდა მიზანშეწონილიც იქნებოდა თუ ამის შესაძლებლობა ჩვენს ბიუჯეტს ექნება. არც ერთი ადამიანი ვისაც ხელეწიფება დახმარება, ამაზე უარს არ იტყვის.

განათლების უზრუნველყოფა, ჰუმანიტარული დახმარება, მათი ჯანდაცვის პროგრამებში ჩართვა - ეს ჩვენმა სახელმწიფომ საკუთარ თავზე აიღო. ჩვენ ვართ ქვეყანა, როდესაც ძალიანაც გვიჭირს, მაშინაც კი სხვებს ვეხმარებით. უკრაინაში მიმდინარე პრობლემა არის გლობალური. მშვიდობის ინკვიზიტორ ქვეყანას - რუსეთს მსოფლიოში მშვიდობა არ მოსწონს, არ მოსწონს ქვეყნების განვითარება, არ მოსწონს თუ მისი დომინაცია არ არის და ეს პრობლემა მხოლოდ საქართველოს მოსავლელი არ არის. საერთაშორისო ორგანიზაციებმა, ევროკავშირმა ყველამ უნდა გაიღოს წილი ამ პრობლემის მოგვარებაში.

მე როგორც ვიცი, საქართველოს ეს მცირე ეკონომიკის ქვეყანა ჰუმანიტარული დახმარების კუთხით პირველ ადგილზეა. სადმე გაგიგონიათ რომ, ცალკე სექტორი შექმნა საგანმანათლებლო: სკოლამდელი ასაკის, სკოლის ასაკის, უმაღლესი და ასე შემდეგ. მათ ენაზე მიწოდება განათლების. მესმის, რომ შეიძლება ეს დიდი საქმე არ არის მაგრამ რაც შეგვიძლია, ვცდილობთ“, - განუცხადა ლადო კახაძემ „კომერსანტს“.

ეკონომიკის დოქტორი ირაკლი მაკალათია მიიჩნევს, რომ მთავრობამ ბიუროკრატიული ხარჯი შეკვეცოს და ამ ადამიანებს მაქსიმალურად დაეხმაროს.

„მთავრობა რა დახმარებებსაც გასცემს საქართველოს მოქალაქეებზე ესეც კი მცირეა. თუმცა როდესაც უკრაინის მოქალაქეებს ეხება საქმე და მით უმეტეს ომის პერიოდში, მაქსიმალური ზრუნვა უნდა გამოიჩინოს მთავრობამ და თუნდაც თავისი ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებით შესაძლებელია, რომ მაქსიმალურად დაეხმარონ. ის თანხები რასაც გასცემენ, მართლაც მიზერულია. რადგანაც მათ საქართველოზე გააკეთეს არჩევანი, ჩვენ მაქსიმალური უნდა გაგვეკეთებინა რომ დავხმარებოდით“, - აცხადებს მაკალათია.

თბილისის მერიაში „კომერსანტს“ უთხრეს, რომ მერიამ თავის დროზე 5 100 უკრაინელი დევნილის მიღება/ დაბინავება უზრუნველყო, ხოლო ბოლო მონაცემებით მერიის „პატრონაჟის“ ქვეშ 2300 დევნილი იმყოფებოდა. თუმცა, მერიამ თბილისში მცხოვრები უკრაინელი მოქალაქეების თავშესაფრითა და კვებით უზრუნველყოფის პროგრამა დაასრულა, რომელიც წინასწარ დაანონსებული ერთი თვის ნაცვლად, ოთხ თვეზე მეტხანს გაგრძელდა. ამ მიზნით, დედაქალაქის ბიუჯეტიდან 14 მილიონი ლარი დაიხარჯა.

რაც შეეხება თბილისში მყოფი უკრაინელი დევნილებისთვის არსებულ უფასო მუნიციპალურ სერვისებს, კვლავ ძალაში რჩება საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობა, მუნიციპალური საბავშვო ბაღების, სახელოვნებო და სპორტული სკოლების მომსახურება.

commersant.ge

 

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.