რატომ არ მუშაობს ტურისტული საინფორმაციო ცენტრების ნაწილი - მედეა ჯანიაშვილის განმარტება
რატომ არ მუშაობს ქვეყნის მასშტაბით ტურისტული საინფორმაციო ცენტრების ნაწილი - ეს კითხვა გადაცემა „ქალების ნარატივის“ წამყვანმა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელ მედეა ჯანიაშვილს ზაფხულის ტურისტულ სეზონზე მესტიაში დახურული ტურისტული საინფორმაციო ცენტრის მაგალითზე დაუსვა.
მედეა ჯანიაშვილი ტურისტული ცენტრების უმოქმედობას არ უარყოფს დ ამბობს, რომ სხვადასხვა ქალაქში საინფორმაციო ცენტრები ტურისტული აქტივობიდან გამომდინარე იხსნება.
„პანდემიის გავრცელების პერიოდში, მაშინ როდესაც ტურისტული ნაკადები ძალიან დაბალი იყო, საინფორმაციო ცენტრების ფუნქციონირება ფიზიკურად შეჩერებული გვქონდა, თუმცა ეს არ გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ონლაინ არ ვმუშაობდით და ჩვენი ტურისტებისთვის ინფორმაციის სხვა წყაროებით მიწოდებას არ უზრუნველვყოფდით. მას შემდეგ, რაც ტურისტული ნაკადი წამოვიდა, აღდგენის ნაწილი აეროპორტებიდან დავიწყეთ და ეტაპობრივად ყველა ტურისტულ ქალაქში, სადაც მოთხოვნა იზრდება და რეალურად არის საინფორმაციო ცენტრები, მუშაობა ახლდება“, - განმარტა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა.
bm.ge