რა იქნებოდა, დავბადებულიყავი მიქელანჯელოსავით ერთდროულად რამოდენიმე ტალანტით დაჯილდოებული! ეს აზრი მოძრაობის თეატრის ბოლო წარმოდგენაზე დამებადა. სპექტაკლს ,,ინტრო” ერქვა. რატომ, ჯერ არც გამირკვევია, მერე გავარკვევ, აქ მხოლოდ იმ განწყობის გადმოცემას ვლამობ, მოძრაობის თეატრმა რომ მისახსოვრა... მოკლედ, იმდენად მრავლისმომცველი და ბევრი ტალანტის შემკრები აღმოჩნდა წარმოდგენა, რომ ერთდროულად მომინდა, ვყოფილიყავი აკრობატი, ტანმოვარჯიშე, მომღერალი, მუსიკოსი, მოცეკვავე და კიდევ არ ვიცი... ერთი სიტყვით უნივერსალი მსახიობი... ხო, კიდევ: პროფესიონალი ფოტოგრაფი ან კინორეჟისორიც მინდოდა ვყოფილიყავი, რომ ასე დეტალურად გადმომეცა ის, რისი თქმაც უსიტყვოდ მოინდომა სპექტაკლის ავტორმა. გასაკვირი არც ის უნდა იყოს, რომ დიდი სურვილი გამიჩნდა, გამეხსენებინა ჩემი ძველი პროფესია, ჟურნალისტობა, რომ მომეყოლა ყველა აქაურ არტისტზე, ყველა აქაურ უნიკალურ მომენტზე, ყველა მუსიკოსზე ანუ აქაურ ,,არანორმალურზე”. ,,ნორმალური” კი აქ არავინ მეგულებოდა (ხუმრობით)...
იქნებ ეს არანორმალურობაა გამოწვევას რომ ჰგავს და იზიდავს მაყურებელს. იქნებ ეს იყო ის, რამაც ამ თეატრში ჯერ კიდევ კასტინგის გამოცხადებისას მიმიყვანა. თეატრის შენობის მშენებლობა ჯერ არც ჰქონდათ დასრულებული. მსახიობებს ეძებდნენ, მე კი არც მსახიობი ვიყავი, არც აკრობატი, არც მომღერალი... სხვა გზა არ იყო, რაღაც უთქმელი კი დამრჩა, მაგრამ სახლში დავბრუნდი. მერე კი გამოვუტყდი თავს, რომ თეატრის ნამდვილი მაყურებელი-ქომაგი ვიყავი. არც ეს იყო ცოტა...
მართლაც, ბევრი რამაა აქ უჩვეულო: მოძრაობის თეატრში არ საუბრობენ, წარმოდგენის დამთავრებისას აქ ფარდაც არ ეშვება. აქ, ღია კულისებში დგას კაცი, რომელიც ძალიან ცოტას მოძრაობს, მაგრამ, ამავდორულად ყველაზე ბევრს ცეკვავს. ეს რეჟისორია. ჩვეულ ამბავად ითვლება აქ ის, რომ თეატრის ხელმძღვანელი, წარმოდგენის დაწყებისას გამოვა პუბლიკის წინაშე და წარადგენს თავს. ეს კახა ბაკურაძეა. იგია ამ თეატრის მთავარი ხასიათი, მისი ტვინი და ღვიძლი... როგორც ვიცი, თეატრის მშენებლობაშიც თავად აწყობდა აგურებს ...
გავიდა დრო და აგერ, ტურისტული სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ და მეც მოვხვდი პირველად მათ სპექტაკლზე. ამჯერად, მათივე თეატრში. ადრე თუ მხოლოდ მაყურებლის სტატუსს დავყაბულდი, ეხლა, ყველაფრის მუზა ერთად მომაწვა თავის ტვინის ყველა სისხლძარღვში... განწყობაა და განწობაც... ეხ, მიქალანჯელო!!!...
ნამთვრალევი ადამიანის ბოდვასავით იყო ჩემი ფიქრები სპექტაკლის მანძილზე, რომელმაც ახალი არაფერი მითხრა თეატრზე, მხოლოდ გამიმართლა ის მოლოდინი, რომელიც კარგა ხანია მისდამი გამაჩნდა. მანამდე მხოლოდ ღია ცის ქვეშ მქონდა მოძრაობის თეატრის წარმოდგენები ნანახი: ,,შატილობის დღესასწაულზე”, შავისზღვისპირეთში - გონიოს პლაჟზე... სანახავებიდან კი, ქუჩის წარმოდგენებით მოტანილი ემოცია იყო ის, რაც დღემდე, არცერთ სხვა თეატრს არ უჩუქნია ჩემთვის...
ამ რამოდენიმე წლის უკან, რუსთაველზე, სამასკარადო კოსტიუმებში, ოჩოფეხებით, რაღაც ტიპიური რიტმით მომავალ მსახიობებს შევეჩეხე... მოდიოდნენ უხმოდ და მოჰქონდათ ის სადა და ამავე დრო ანცი სიხარული, რაც შეიძლება მხოლოდ ბავშვობაში განიცადო. არა მგონი რაიმემ გადმოსცეს იმ სახის სიხარული, ასეთს თავად უნდა შეხვდე, უფრო სწორედ, უნდა შეეჩეხო სადმე ქუჩის ჩრდილში, თუნდაც მოსახვევში, ჩაფიქრებული და მთელი დღის განაწამები სახლისკენ რომ მოლასლასებ...
ვფიქრობ, თეატრის მიზანიც ეს უნდა იყოს, ლამის ელდანაცემი სიხარული მიიღო მაშინ, როცა არ ელი და წამით მაინც ახტე საკუთარ თავზე მაღლა მაშინ, როცა ჩვეულებრივზე ჩვეულებრივია ირგვლივ ყველაფერი.