როგორც ცნობილია, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ საქართველოს მარკეტინგისთვის განსაზღვრული 17 მლნ ლარიდან წელს რუსეთში 1 ლარიც კი არ იხარჯება, მაშინ როცა 2013-2018 წლებში რუსეთის ფედერაციაში საქართველოს ტურიზმის მარკეტინგის გამპანიებისთვის 13 მლნ ლარია დახარჯული. მხოლოდ 2018 წელს ტურიზმის ადმინისტრაციამ მარკეტინგის ჯამური 16.5 მლნ-დან 6 მლნ ლარი მხოლოდ რუსეთში დახარჯა, ხოლო დარჩენილი თანხა – სხვა ქვეყნებში.
ცნობისთვის: 2014-2018 წლებში ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას გიორგი ჩოგოვაძე ხელმძღვანელობდა; ის ახლა საქართველოს გაერთიანებული აეროპორტების ხელმძღვანელია.
რატომ დახარჯა მთავრობამ 6 წელიწადში 13 მლნ ლარი რუსეთში – ამ კითხვის დასმა bm.ge-ის გიორგი ჩოგოვაძისთვის სურდა, მაგრამ იგი ამჟამად, საქართველოში არ იმყოფება.
ბუნებრივია, ჩვენ ასევე დავინტერესდით – რატომ არ ხარჯავს ტურიზმის ადმინისტრაცია 2019 წელს რუსეთში საქართველოს მარკეტინგზე ფულს და შესაბამისი კითხვებით ტურიზმის ადმინისტრაციის მოქმედ ხელმძღვანელს მარიამ ქვრივიშვილს მივმართეთ.
მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ადმინისტრაციას 20 ივნისის მოვლენების შემდეგ არ მიუღია და ამაზე ჯერ კიდევ 2019 წლის დასაწყისიდან ღიად საუბრობდნენ.
მარიამ ქვრივიშვილი ამბობს იმასაც, რომ მათ გაზომეს იმ მარკეტინგული კამპანიების ეფექტი, რომელიც ამ წლების განმავლობაში რუსეთში ხორციელდებოდა და ნახეს, რომ საქართველოს ცნობადობა იქ საკმაოდ მაღალია.
„ციფრი იმ ადამიანების, ვინც ბოლო წლებში საქართველში რუსეთიდან ჩამოვიდა, რამდენიმე მლნ-ს აღემატება. ჩვენ ასევე ვნახეთ, რომ პროდუქტის ცნობადობაც მაღალია და ქვეყნის პოზიციონირებაც არის ისე, რომ ადამიანები, რომლებიც ჩამოდიოდნენ და მერე უკან ბრუნდებოდნენ, როგორც ე.წ. ქვეყნის ელჩები და უკვე ისინი საქართველოზე უყვებოდნენ მეგობრებს, მეზობლებს, კოლეგებს, რომ ჩამოსულიყვნენ საქართველოში. გარდა ამისა, მნიშვნელოვან როლს ასრულებდა კერძო სექტორის ძლიერი პოზიციები რუსულ ბაზარზე… შესაბამისად, გაზომვა მოხდა ბოლო წლებიდან გამომდინარე, ამიტომ დაჯამდა ციფრი და ჩავთვალეთ, რომ ჩვენი ტურიზმის ჯამურ ინდუსტრიაში 25% არის რუსეთის მოქალაქეების წილი, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ 25% არაა დამოკიდებულების პროცენტი, ეს არაა დომინანტი წილი ანუ ვერცერთი ადამიანი ვერ იტყვის, რომ ქვეყანა იყო დამოკიდებული კონკრეტულ ბაზარზე, რადგან დანარჩენ 75%-ზე ასევე ციფრები მეტყველებს გამჭვირვალედ“, – განაცხადა ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
ამასთან, ქვრივიშვილის შეფასებით, რუსეთში მარკეტინგზე თანხა იხარჯებოდა იმიტომ, რომ ქვეყნის სწორი პოზიციონირება მომხდარიყო.
„შევჯერდით, რომ ეს სწორად გაკეთდა, რადგან ქვეყანა პოზიციონირებულია, როგორც თავისუფალი, დემოკრატიული, ევროპული ქვეყანა და შესაბამისად, რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც ამ ქვეყანაში ჩამოდიოდნენ, მოსწონდათ საქართველო, უკან ბრუნდებოდნენ და კიდევ ჩამოდიოდნენ და ასევე, რეკომენდაციებს სხვებსაც უწევდნენ; ეს არის ის, რაც მუშაობს და მუშაობდა ჩვენი ქვეყნის საკეთიდლღეოდ“, – განმარტა მან და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსეთის 25%-იანი წილი საქართველოს ტურიზმის ჯამურ ინდუსტრიაში იყო ის ძირითადი ინდიკატორი, რომ „ეს ბაზარი დღეს კიდევ უფრო მეტ ჩართულობას არ საჭიროებს“.
„25% უკვე საკმაოდ მდგრადად შემდგარი ციფრია და ბოლო წლების განმავლობაში დინამიკა მზარდი იყო. ჩვენ თუ შევხედავთ, თვიდან თვემდე იყო 30%-იზანი ზრდის ტედენცია რუსეთიდან ჩამოსული ვიზიტორების“, – აღნიშნა მან.
ცნობისთვის: 2013 წლიდან მოყოლებული რუსეთიდან ვიზიტორების რაოდენობა მუდმივად იზრდებოდა და გასულ წელს 1.4 მლნ ვიზიტორს მიაღწია.
ამ წლების განმავლობაში იზრდებოდა რუსი ტურისტების/ვიზიტორების მიერ საქართველოში დახარჯული თანხის მოცულობა. მაგ.: 2018 წელს რუსების მთლიანმა ტურისტულმა ხარჯმა 1.9 მლრდ ლარი შეადგინა, ხოლო 2019 წლის პირველ კვარტალში – 318.5 მლნ ლარი, თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რუსი ტურისტები ვერც 2018 წელს და ვერც 2019 წლის პირველ კვარტალში ვერ მოხვდნენ იმ TOP-10 ქვეყანას შორის, რომლის მოქალაქეებიც საქართველოში ყველაზე მეტ ვალუტას ხარჯავენ. უფრო მეტიც, თუ შარშან რუსეთიდან ერთმა ვიზიტორმა ერთ ვიზიტზე 1326 ლარი დახარჯა, წელს პირველ კვარტალში უფრო ნაკლები – 1135 ლარი დახარჯა, მაშინ როდესაც ამერიკელი, ჩინელი, ფრანგი თუ ირანელი ტურისტი 2000 ლარს და მეტს ტოვებს ქვეყანაში.