რაჭაში სასტუმრო “სანსეტ შოვი“ დაიხურა. ადგილობრივების ინფორმაციით, ევროსტანდარტების მქონე სასტუმროს მიმდინარე წლის ზაფხულშიც არ უმუშავია. რეალურად, რატომ აღარ იღებს რეგიონში ერთადერთი მაღალი კლასის სასტუმრო სტუმრებს, ამის გასარკვევად „ბიზნესპარტნიორმა“ „სანსეტ შოვის“ ადმინისტრაციას მიმართა, თუმცა, უშედეგოდ.
ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩიკვაიძე ადასტურებს, რომ „სანსეტ შოვი“ ამ დროისთვის არ მუშაობს, მიზეზი კი სარეკონსტრუქციო სამუშაოებია. რაც შეეხება იმას, თუ როდის განაახლებს ევროსტანდარტების მქონე სასტუმრო ფუნქციონირებას, ინფორმაცია ონის მუნიციპალიტეტის მერს არ აქვს.
„ეს სასტუმრო რეგიონისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა, მაინც კერძო საკუთრებაა და ჩვენ არ გვითანხმებენ არც სეზონის დაწყებას, არც გახსნას ან დახურვას.
ჩემი ინფორმაციით, მიდის „სანსეტ შოვის“ მეორე კორპუსის სარეკონსტრუქციო სამუშაოები. ჩემი ვარაუდია, რომ შესაძლოა ამის გამო ჩათვალეს, რომ დროებით დაიხურონ, დაასრულონ სარემონტო სამუშოები და შემდეგ გაიხსნან. ზოგადად, ეს სასტუმრო სეზონურად იღებდა დამსვენებელს და მაქვს ინფორმაცია, რომ მიმდინარე წლის ზაფხულშიც იმუშავეს, თუმცა, რესტორნის გარეშე. ოქტომბერ-ნოემბერში სასტუმრო ისედაც იხურებოდა ხოლმე,“ - აცხადებს ჩიკვაიძე.
სასტუმრო "სანსეტ შოვი" პირველი ევროსტანდარტების შესაფერისი სასტუმროა, რომელიც სტუმრებს 2013 წლის ივნისიდან მასპინძლობდა.
business-partner.ge