ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რატომ გაუორმაგეს Gem Fest-ს სუბსიდირება 4მლნ-მდე
02 ოქტომბერი, 2017

Check in Georgia-2017-ის 20 მლნ-იანი ბიუჯეტიდან 13 მლნ 237 ათასი ლარი უკვე გაიხარჯა. აღნიშნული ინფორმაცია „საქმის კურსს“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან მიაწოდეს. 

მისივე ცნობით, 13 მლნ 237 ათასი ლარიდან 12 მლნ გადაერიცხა პირდაპირ შპს „ბლექსი არენა ჯორჯიას“, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მიერ სახელმწიფოსთვის ნაჩუქარი „ბლექ სი არენას“ მართვისთვის შეიქმნა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაშია. 

დანარჩენი თანხა, დაახლოებით, 1 237 000 გამოიყო სხვადასხვა ღონისძიებებისთვის: 

SOU Fest - 500 000 
თბილისის საერთაშორისო საბალეტო ფესტივალი - 300,000 ლარი 
სარეკლამო ფესტივალი Ad Black Sea - 200,000 ლარი 
ზუბინ მეტა, ხატია ბუნიათიშვილი (კონცერტი) - 150 000 ლარი 
ფოლკლორული ფესტივალი - 70,800 ლარი 
Sofar Sounds Tbilisi- 5,900 ლარი 

რაც შეეხება Gem Fest-ს, თავდაპირველად ამ ფესტივალისთვის 1.9 მლნ ლარი იყო განსაზღვრული, მაგრამ ჯამში, 4 მლნ 10 ათასი ლარი გადაერიცხა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან შპს „ბლექსი არენა ჯორჯიას“ გავლით. 

რატომ გაუორმაგეს Gem Fest-ს ბიუჯეტიდან სუბსიდირება, კონკრეტული პასუხი ვერც ფესტივალის ორგანიზატორ გიორგი სიგუასგან და ვერც ეკონომიკის სამინისტროსგან მივიღეთ, მაგრამ რამდენადაც გავარკვიეთ, ეს თანხა ფესტივალის ჰედლაინერებს გადაურიცხეს ტურიზმის ადმინისტრაციიდან შპს ბლექსი არენას გავლით. 

გიორგი სიგუა აცხადებს, რომ მას „ბიუჯეტის ფულზე წვდომა“ არ ჰქონია. სრულყოფილი განმარტება ვერც ტურიზმის ადმინისტრაციისგან მივიღეთ. 

"საბოლოო ჯამში, პროექტ Gem Fest-ისთვის სახელმწიფოდან გადაირიცხა 4 მლნ 10 ათას ლარამდე. თანხის გაზრდას თავისი მიზეზები ჰქონდა და შეგვიძლია მაგაზე დამატებით მოგახსენოთ, მაგრამ ზუსტად ის მიზნობრიობა, თუ რამდენი დაიხარჯა რომელი ჰონორარისთვის, არ ვიცი და გამიჭირდება დეტალურად ჩაშლა“, - აღნიშნა გიორგი ჩოგოვაძემ. 

ცნობისთვის: GEM fest-თან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური გამოძიებას სსკ-ის 185-ე მუხლის მეორე ნაწილით აწარმოებს, რაც გულისხმობს ქონების მესაკუთრის ან მფლობელის ქონებრივ დაზიანებას მოტყუებით. რამდენჯერმე გამოიკითხა ფესტივალის ორგანიზატორი გიორგი სიგუა. საგამოძიებო სამსახურის უფროსი ლევან გამყრელიძე გიორგი სიგუას პასუხისმგებლობის საკითხს არ გამორიცხავს. 

www.bm.ge




© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.