მიმდინარე ზამთრის საკურორტო სეზონზე ბრენდული სასტუმროები სრული დატვირთვით მუშაობენ, ხოლო შედარებით პატარა ან საოჯახო ტიპის სასტუმროები მომხმარებელთა ნაკლებობას უჩივიან. ამის მიზეზად ტურიზმის სფეროს სპეციალისტი, პროფესორი მანანა ალადაშვილი მომხმარებლის მხრიდან ბრენდული სასტუმროების მიმართ მაღალ ნდობას ასახელებს. ალადაშვილის თქმით, მის მიერ გამოკითხული მომხმარებლები ამბობენ, რომ ბრენდულ სასტუმროებში კორონავირუსის გავრცელების რისკი ნაკლებია, რადგან ისინი რეგულაციებს უკეთ იცავენ.
„როდესაც ჩვენ ვიზიტორებს გავესაუბრეთ, მათ აღნიშნეს, რომ ბრენდულ სასტუმროებში უსაფრთხოების წესები უფრო დაცულია და თავს უსაფრთხოდ გრძნობენ. ისინი ამბობენ, რომ რეგულაციებს საოჯახო სასტუმროებში ნაკლებად იცავენ. რაც შეეხება ისეთ დასასვენებელ ადგილებს, სადაც კორპუსში ერთ იზოლირებულ ბინას აქირავებენ, ვიზიტორთა მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია და მარტის ბოლომდე თითქმის 100% დაჯავშნილია“, - აღნიშნა მანანა ალადაშვილმა „კომერსანტთან“ საუბარში.
მისივე თქმით, საქართველოში ტურიზმის სექტორში ტენდენცია დადებითია და უცხო ქვეყნებიდან შემოსული ტურისტების ნაკადები განსაკუთრებით მაღალი ბათუმშია.
„ისეთ დასასვენებელი ადგილები, სადაც კორპუსში ერთ იზოლირებულ ბინა ქირავდება, ძალიან კარგად მუშაობს და მარტის ბოლომდე თითქმის 100% დაჯავშნილია, ასე რომ ტენდენცია ნამდვილად გამოსწორებისკენ მიდის და ეს განსაკუთრებით ბათუმში შეინიშნება. თუმცა, იგივეს ვერ ვიტყვი კახეთზე, ამჟამად კახეთის სასტუმროები ტურისტებით არა, მაგრამ ქართველებით დაკავებულია, აქაც მომხმარებლები არჩევანს ბრენდულ სასტუმროებზე აკეთებენ.
ბათუმიდან ახლახან ჩამოვედი და იმდენად ბევრი ტურისტია, გვერდს ვერ აუვლი, ძირითადად არიან რუსები და უკრაინელები და ბრენდულ სასტუმროებზე აკეთებენ არჩევანს. საოჯახო ტიპის სასტუმროებს ცოტა უჭირთ. იგივე ხდება ბაკურიანსა და გუდაურშიც, ზამთრის კურორტებზე ხომ ძალიან ბევრი ხალხია, მაგრამ უმეტესობა არჩევანს ცნობილ სასტუმროზე აჩერებს, ვიდრე საოჯახოზე. თუმცა ზამთრის კურორტები ძირითადად შიდა ტურიზმზე მუშაობს, ბათუმში გვერდს ვერ აუვლი იმდენი ტურისტია“, – აღნიშნა მანანა ალადაშვილმა.
ტურიზმის სპეციალისტის თქმით, ევროპელი ტურისტების რაოდენობა ისევ დაბალია. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ზღვის სეზონი არ არის, მანანა ალადაშვილი ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით ამბობს, რომ ქობულეთში ტურისტების 7% ევროპელია.
„ამ ეტაპზე საქართველოში შემოდიან რუსეთიდან, უკრაინიდან, ასევე შემოდიან თურქეთიდანაც, თუმცა თურქები ტურისტებად არ მოიაზრებიან, რადგან ძირითადად ტრანზიტისთვის შემოდიან. ტურისტების უმეტესობაც დასასვენებლად ბრენდულ სასტუმროს ირჩევს, აი მაგალითად თბილისში თითქმის სრული დატვირთვით მუშაობს ბილტმორი. თუმცა მანდ ძირითადად არაბეთის ქვეყნებიდან შემოსული ტურისტები არიან განთავსებული.
საკმაოდ კარგი ტენდენცია წავიდა დეკემბერ-იანვარში, რაც მარტის ბოლომდე გაგრძელდება, შემდეგ უკვე სეზონთაშორისი შედარებით მკვდარი პერიოდი იწყება და მერე ნაკადები ისევ გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ უმეტესობა, ვინც საქართველოში ჩამოდის, ბუსტერ დოზითაც არის აცრილი“, - აღნიშნა მანანა ალადაშვილმა.
2021 წელს საქართველოში შემოსულმა საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ 1.881 მლნ შეადგინა, რაც 2020 წლის მაჩვენებელს 7.7%-ით აღემატება, 2019 წლის მაჩვენებელს კი 80%-ით ჩამორჩება. მოგზაურებიდან 1.721 მლნ ვიზიტორად აღირიცხა ხოლო მათგან 1.577 მლნ ტურისტად, ეს ადამიანები საქართელოში მინიმუმ 24 საათი დარჩნენ. ტურისტების რაოდენობა 2020 წელთან შედარებით 45.1%-ით გაიზარდა, მაგრამ 2019 წელთან შედარებით მაინც 69%-იანი კლება ფიქსირდება.
commersant.ge