ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
"ერთი კოშკის ჩამონგრევის გამო, არ შეიძლება ასეთი აჟიოტაჟი ატყდეს" - რატომ ჭიანურდება ისტორიული ძეგლების რესტავრაცია
29 ივნისი, 2017

გადაუღებელი წვიმების შედეგად, რამდენიმე დღის წინ უშგულსა და შატილში ორი კოშკი ჩამოინგრა. უშგულში მეთოთხმეტე საუკუნით დათარიღებული კოშკის ჩამონგრევის შემდეგ, ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია გამართეს და უშგული-მესტიის დამაკავშირებელი მთავარი გზა გადაკეტეს. ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსგან შესაბამისი ზომების მიღებას ითხოვენ, რომ ისტორიული კოშკები განადგურებას გადაარჩინონ. 

როგორც სააგენტოს დირექტორი ნიკა ანთიძე „კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს, კოშკების ჩამონგრევის ფაქტი სამწუხაროა, თუმცა ამის გამო ასეთი აჟიოტაჟი არ უნდა ატეხილიყო.

„სამწუხაროდ, მსგავსი ფაქტი შეიძლება როდესმე სადმე, სხვა სოფელში ისევ განმეორდეს, მაგრამ ეს არ გვაძლევს საშუალებას, რომ შევეგუოთ ამას და წინ არ წავიწიოთ. რაც მოხდა, სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ერთი კოშკის ჩამონგრევის გამო, არ შეიძლება ასეთი აჟიოტაჟი ატყდეს. აქ საზოგადოება არა კრიტიკისთვის, არამედ ამ ისტორიული ადგილების გადარჩენისთვის უნდა გაერთიანდეს. კულტურული მემკვიდრეობა მხოლოდ სახელმწიფოს საზრუნავი არ არის, თითოეული ადამიანის საზრუნავია", - აღნიშნა ანთიძემ.

მისი თქმით, უშგულში სპეციალისტთა ჯგუფი უკვე ადგილზეა და სარებილიტაციო სამუშაოები მალე დაიწყება. რაც შეეხება შატილს, მისი თქმით, შატილში ჩამონგრეული კოშკის რეაბილიტაციისთვის უახლოეს დღეებში ტენდერი გამოცხადდება.

„შატილში ჩამონგრეული კოშკის რეაბილიტაციისთვის ტენდერს უახლოეს დღეებში გამოვაცხადებთ და მისი შეკეთება მალე დაიწყება. რაც შეეხება უშგულს, სპეციალისტთა ჯგუფი უკვე ადგილზეა და მზად არიან, პირველადი გაწმენდითი სამუშაოები დაიწყონ. ეს კონკრეტული კოშკი, შეიძლება ითქვას, რომ თითქმის დანგრეულია და მხოლოდ რაღაც ნაწილი გადარჩა, მაგრამ აღდგენას ექვემდებარება. სპეცილისტები ადგილზე ვითარებას შეისწვალიან. გაწმენდენ, დაადგენენ, ნგრევა რამ გამოიწვია და შემდეგ უკვე აღდგენის მეთოდოლოგია გამოიკვეთება. ჩვენი სააგენტო როგორც, ფორსმაჟორულ, ასევე, დაგეგმილ სამუშაოებს მუდმივად ახორციელებს. სვანეთში 160-მდე კოშკი და ისტორიული ძეგლია მსგავს მდგომარეობაში. ზოგს მცირეოდენი, ზოგს მასშტაბური რეაბილიტაცია სჭირდება. ფინანსურ და ადამიანურ რესურსს, რისი შესაძლბელობაც გვაქვს, მაქსიმალურად ვიყენებთ. იმ კრიტიკას, რომ სახელმწიფო არაფერს აკეთებს, ნამდვილად ვერ გავიზიარებ", - აღნიშნა ანთიძემ.

კითხვაზე, დამატებითი რესურსის მოზიდვა ხომ არ არის საჭირო, რომ კოშკების რეაბილიტაცია კომპლექტურად მოხდეს, ნიკა ანთიძე პასუხობს, რომ მხოლოდ ფინანსური რესურსი კი არა, ადამიანური რესურსის მოზიდვაა საჭირო, თუმცა ამ დარგში სპეციალისტების ნაკლებობა არსებობს.

„დღეს სპეციალისტების, კერძოდ, რესტავრატორების ნაკლებობას განვიცდით. ფინანსური რესურსი რაც არ უნდა ბევრი იყოს, ადამიანური რესურსიც შესაბამისი თუ არ იქნება, არაფერი გამოვა. საქართველოში ამ დარგში, დაახლოებით 30-მდე მოთამაშეა, ვისაც რესტავრაციის კვალიფიციურად წარმოება შეუძლია. ეს 30 მოთამაშე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გადანაწილებული გვყავს. იმდენად ბევრი ძეგლია სარეაბილიტაციო, რომ ყველას ერთდროულად ვერ გავაკეთებთ", - განაცხადა ანთიძემ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე სააგენტო რამდენიმე დაგეგმილ პროექტზე მუშაობს: „უშგულის თემის სოფელ ჩაჟაშში მთელი სოფლის რეაბილიტაცია უკვე მესამე წელიწადია მიმდინარეობს. ასევე, შატილის სრული რეაბილიტაციის პროექტი მზად გვაქვს. ამჟამად ხუთ სოფელში სხვადასხვა ძეგლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. გარდა ამისა ახალ მშენებლობებზე მორატორიუმი გამოცხადდა, რათა უშგულისთვის შესაბამისი ქალაქგეგმარებითი დოკუმენტაცია მომზადდეს."

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს დირექტორის თქვით, წელს მუცოს რეაბილიტაცია დასრულდება, რის შემდეგაც ადგილობრივებს საკუთარი ბიზნესის განვითარების საშუალებაც მიეცემათ. მისი თქმით, მუცოში ერთ-ერთმა ადგილობრივმა კაფე გახსნა.

„წელს, მუცოს რეაბილიტაციას ვამთავრებთ. თითქმის განადგურების პირას მყოფი ძეგლები ნანგრევებიდან ამოვიყვანეთ. ისინი სრულფასოვნად აღდგა და მუზეუმ-ნაკრძალიც გაიხსნა. 2014 წლიდან, ყოველწლიურად, მუცოში ერთი ოჯახის ნაცვლად, სამიდან ოთხ ოჯახამდე იზამთრებს. ამ ადამიანებს საშუალება მიეცათ, რომ შემოსავლის წყარო გაიჩინონ. მაგალითად, ერთმა ოჯახმა გასულ წელს კაფე გახსნა და საკუთარი ბიზნესი აქვს", - აღნიშნა ანთიძემ.

მისივე შეფასებით, მათი სააგენტო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მაღალმთიანი რეგიონები ტურისტებისთვის მიმზიდველი იყოს.

„საქართველოს ყველა ტერიტორია მიმზიდველია. უბრალოდ აქ საჭიროა სწორი აქცენტების გაკეთება - შეიქმნას ის ტურისტული პოტენციალი და გარემო, რომ ადგილზე მისულებს სანახაობასთან ერთად, დასვენების საშუალება მიეცეთ და კიდევ ერთხელ დაბრუნების სურვილი გაუჩნდეთ. რასაც ჩვენ ვაკეთებთ, სწორედ ამას ემსახურება. სოფელ ჩაჟაშის რეაბილიტაცია ზუსტად იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ მთელი სოფელი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეყვანილი. ის ერთ-ერთი მათ შორის, რომელიც პირვანდელი სახით არის შემორჩენილი და რეაბილიტაციის შემდეგ, მისით ტურისტები უფრო მეტად დაინტერესდებიან", - განაცხადა სააგენტოს თავმჯდომარემ.

ავტორ(ებ)ი: თეონა კენჭიაშვილი

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.