ბოლო დროს ხშირად მოისმენთ მოსაზრებას, რომ თბილისში ავტომობილების რაოდენობა ძალიან გაიზარდა და სატრანსპორტო პრობლემების მოსაგვარებლად საჭიროა სხვადასხვაგვარი შეზღუდვებისა და რეგულაციების დაწესება. თუმცა ეკონომიკის ზრდასა და კეთილდღეობის გაუმჯობესებასთან ერთად ავტომობილების რიცხვის ზრდა გარდაუვალი პროცესია. თუ ამჟამად თბილისში ავტომობილი, საშუალო სტატისტიკური მონაცემებით, ყოველ მესამე მოქალაქეს ჰყავს, განვითარების შედარებით მაღალ საფეხურზე მყოფი ქვეყნების მაჩვენებელი გაცილებით მაღალია. პრობლემას წარმოადგენს არა რაოდენობა, არამედ ავტომობილის გამოყენების ინტენსივობა ქალაქის ფარგლებში გადაადგილებისას. ამავე კონტექსტში განიხილება მიკროავტობუსების, “მარშრუტკების” სიმრავლეც.
ავტომობილებით მგზავრობის ინტენსივობის შესამცირებლად ევროპის ქალაქებში - მათ შორის პოსტსაბჭოთა და პოსტკომუნისტური ქვეყნების დედაქალაქებში - აქცენტს აკეთებენ ტევადი საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაზე. უპირველეს ყოვლისა, ასეთი ტრანსპორტია თანამედროვე ტიპის ტრამვაი.
ტრამვაის უპირატესობები
უპირველეს ყოვლისა, ეს არის მაღალი გამტარუნარიანობა. ერთი თანამედროვე საშუალო სტატისტიკური ტრამვაის შემადგენლობა იტევს 218 მგზავრს. ამ რაოდენობის მგზავრის გადაყვანას სჭირდება ორი დიდი ზომის ავტობუსი ან 145 პერსონალური ავტომობილი. შესაბამისად, ტრამვაი, ავტომობილთან შედარებით, ერთი მგზავრის გადაყვანისას 8-ჯერ ეფექტიანად იყენებს გზის ფართობს. ის გამოყოფილი სავალი ნაწილის მეშვეობით გვერდს უვლის რთულ საავტომობილო კვანძებს და, შესაბამისად, იშვიათად ხვდება საცობებსა თუ ხერგილებში. თბილისში ტრამვაის ოპონენტები ხშირად იმიზეზებენ გადატვირთულ ქუჩებს, რის გამოც ტრამვაი თითქოს კიდევ უფრო გაართულებს ქალაქში მოძრაობას. მაგრამ ტრამვაი დიდი ტევადობის მეშვეობით, პირიქით, იწვევს მოძრაობის შემცირებას, რასაც ემატება სავალი ნაწილის გამოყენების მაღალი ეფექტიანობა.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა, რომელიც თანამედროვე ტრამვაის ახასიათებს, არის ეკოლოგიურობა. როგორც ცნობილია, თბილისის ჰაერის დაბინძურების დაახლოებით 71% ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვზე მოდის. დაბინძურებული ჰაერი უამრავი დაავადების გავრცელების მიზეზია, ხოლო ტრამვაის სისტემის შექმნა ამ ეკოლოგიური თუ ჯანდაცვის პრობლემის შემსუბუქების ერთგვარ საშუალებასაც წარმოადგენს. მით უმეტეს, რომ მერების კონვენციის საფუძველზე თბილისის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულების მიხედვით, 2020 წლისთვის ატმოსფეროში CO2-ის (ნახშირორჟანგის) გამოტყორცნა 20%-ით უნდა შემცირდეს. ტრამვაის ქსელის განვითარება ამ ვალდებულების შესრულებასაც წაადგება.
ტრამვაის სისტემა თბილისს სახსრების დაზოგვაშიც დაეხმარება. იმის მიუხედავად, რომ თანამედროვე ტრამვაის ხაზის მშენებლობა მნიშვნელოვან ინვესტიციას მოითხოვს, მეტროსთან შედარებით ის მაინც შეიძლება განვიხილოთ ეკონომიურ პროექტად. სხვადასხვა გათვლით, ტრამვაის ხაზის ერთი კილომეტრის მშენებლობა მეტროს მშენებლობაზე 8-10-ჯერ ნაკლები ჯდება, მაშინ როდესაც ტრამვაის არანაკლები მოცულობის მგზავრების გადაყვანა შეუძლია, ვიდრე მეტროს სისტემას.
ტრამვაი, ენერგოდანახარჯების თვალსაზრისით, ეკონომიურია ავტობუსთან შედარებითაც. არასამთავრობო ორგანიზაცია "თბილისის ტრამვაის" მიერ 2015 წელს ჩატარებული კვლევის შედეგად გაირკვა, რომ თბილისში ერთ კონკრეტულ მარშრუტზე მოძრავი 11 ავტობუსი 1 დღის მანძილზე 1050 ლარის საწვავს მოიხმარს. იმავე რაოდენობის ტრამვაის ვაგონების ექსპლუატაციის შემთხვევაში ენერგოდანახარჯები 858 ლარი იქნება, ხოლო იმის გამო, რომ ტრამვაის ყველაზე მცირე ზომის ვაგონიც კი ავტობუსზე მეტს იტევს, ამ მარშრუტზე 11 ავტობუსის მგზავრთა რაოდენობის გადასაყვანად საჭირო იქნებოდა 9 ტრამვაი და, შესაბამისად, 709 ლარის ენერგოდანახარჯი.
ენერგოდანახარჯების გარდა, ტრამვაის ეკონომიურობა მისი ექსპლუატაციის ხანგრძლივობაშიც გამოიხატება. თუ თბილისის ავტობუსები მწყობრიდან გამოვა 7-10 წლის შემდეგ, ტრამვაის ექსპლუატაციის ხანგრძლივობა 20-30 წელს შეადგენს. მოდერნიზაციის შემთხვევაში, უცხოეთში უფრო ხანდაზმულ ვაგონებსაც იყენებენ.
მეტი უსაფრთხოება და კომფორტი
ტრამვაი მეტად უსაფრთხოა როგორც მგზავრებისთვის, ასევე საგზაო მოძრაობის სხვა წევრებისთვის, რადგან ის დაფიქსირებულია სავალ ნაწილზე და გამოყოფილი ზოლიდან მცირედი გადაცდომაც კი შეუძლებელია, მაშინ როდესაც თბილისის ქუჩებში, ავტომობილების გარდა, სამარშრუტო ტაქსები და ავტობუსებიც კი არ იცავენ მათთვის განკუთვნილ ზოლს, მანევრირებენ პირველსა და მესამე ზოლს შორის და არცთუ იშვიათად შემხვედრ მიმართულებაზეც გადადიან, რაც დიდ საფრთხეს უქმნის როგორც მგზავრების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ისე საგზაო მოძრაობის სხვა წევრების უსაფრთხოებას.
ტრამვაი ქალაქში საგზაო მოძრაობის მოწესრიგების ერთგვარი წყაროცაა. ის ქმნის საგზაო მოძრაობის წესების დაცვის აუცილებლობას.
რაც შეეხება კომფორტს, ეს თანამედროვე ტრამვაის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა. სწორედ ეს აქცევს მას პერსონალური ავტომობილისა თუ სამარშრუტო ტაქსების გამოყენების ალტერნატივად. ტრამვაი გადაადგილდება მკაცრად განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით, ამიტომ მისი მეშვეობით მგზავრებს შეუძლიათ წინასწარ დაგეგმონ სამსახურში, სკოლაში თუ რომელიმე შეხვედრაზე დროულად მისვლა. ამასთან, მგზავრობა ხორციელდება ზედმეტი დაძაბულობისა და საფრთხეების გარეშე. თანამედროვე ტრამვაი მეტად მეგობრულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, ასევე ეტლიან ჩვილ ბავშვთა მშობლებისთვის, ანდაც ხანდაზმული მოქალაქეებისთვის. ისინი პირდაპირ, საფეხურებისა და სხვა დაბრკოლების გარეშე შეძლებენ ამ ტრანსპორტით სარგებლობას.
დიდხანს შეიძლება ტრამვაის უპირატესობებზე საუბარი, მაგრამ საინტერესოა, რა პერსპექტივა აქვს მას თბილისში.
ტრამვაის სისტემის პერსპექტივა
ორგანიზაცია „თბილისის ტრამვაის“ წევრებს და ტრანსპორტის სხვა ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ტრამვაის სისტემას თბილისში დიდი პერსპექტივა აქვს. ის შეიძლება გახდეს სატრანსპორტო სისტემის შემკვრელი რგოლი, რაც იმას გულისხმობს, რომ ტრამვაი ერთმანეთთან დააკავშირებს მეტროსა და სხვა სატრანსპორტო კვანძებს და ასევე ისეთ უბნებს, რომლებიც ტრანსპორტის დეფიციტს განიცდის.
ამ მხრივ პერსპექტიულია როგორც ვაკე-საბურთალოს რაიონი და ძველი თბილისი, რომლის დამაკავშირებელი ხაზის წინასაპროექტო სამუშაოები 4-5 წლის წინ მომზადა კომპანია „სისტრამ“, ასევე პერსპექტიულია დიდი დიღმისა და დიღმის რაიონების მეტროს სადგურ დიდუბესთან დაკავშირებაც.
თბილისში ტრამვაის პერსპექტიულობაზე ისიც მეტყველებს, რომ რამდენიმე საფინანსო ინსტიტუტი - მათ შორის “აზიის განვითარების ბანკი”, “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი” - ღიად გამოთქვამს ინტერესს ასეთი პროექტებისადმი. ასევე, წლების წინ არაერთ ინვესტორს გამოუთქვამს სურვილი ტრამვაის პროექტში მონაწილეობის მიღების შესახებ.
მაგრამ ჯერჯერობით თბილისის მთავრობა ტრამვაის არც კი ახსენებს და ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ავტობუსების პარკის განახლებაზე. არადა, თანამედროვე ტრამვაი თბილისს აქცევს უფრო კომფორტულ, საცხოვრებლად, საქმიანობისა თუ დასვენებისთვის უფრო უსაფრთხო, ჯანმრთელ და მიმზიდველ ქალაქად.
წყარო: რადიო თავისუფლება