ბიზნესმენის სოსო ორჯონიკიძის განმარტებით, ბათუმში სასტუმრო “კემპინსკის” დასასრულებლად 130 მილიონი ამერიკული დოლარია საჭირო.
როგორც ორჯონიკიძემ BM.GE-სთან შემაფერხებელ ფაქტორებზე საუბრისას აღნიშნა, პროექტის გაჭიანურება მისმა შეცვლამ გამოწვია.
მისი განმარტებით, თავდაპირველ პროექტში გათვალისწინებული იყო, რომ სასტუმრო დატვირთული უნდა ყოფილიყო კაზინოებით, თუმცა ეს ბიზნესი “კემპინსკის” შემდგენელი ნაწილი აღარ იქნება.
“ბათუმის “კემპინსკის” პროექტი ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული და დიდი პროექტია საქართველოში. ეს არის 100 ათასი კვადრატული მეტრი, რომლის დამთავრებას პრაქტიკულად სჭირდება დაახლოებით 130 მილიონი დოლარი. ამჟამად ინვესტირებულია 65 მილიონი, სადაც შედის „თიბისის“ და „საქართველოს ბანკის“ სესხები. პირველი ეტაპი რომ დავამთავრეთ, შემდეგ ვიფიქრეთ, რომ პროექტი გადაგვეყვანა თვითდაფინანსებაზე. ჯერ გაკეთდა აპარტამენტების ნაწილი. ისინი გაიყიდა და აქედან შემოსული ფულით დაფინანსდა მომდევნო ეტაპი, მაგრამ კომპლექსი ისე იყო დაპროექტებული, რომ მისი ძალიან დიდი ნაწილი არის გასართობ ინდუსტრიასთან დაკავშირებული.
2008 წლის ომის შემდეგ ჩვენგან ინვესტორები წავიდნენ, იმიტომ რომ მათ შორის რემდენიმე იყო რუსეთიდან. შემდეგ შეიცვალა ოპერატორი, რამაც პროექტის შეცვლა გამოწვია. ამიტომ გადავწყვიტეთ პროექტი შეგვცვალა, თუმცა მივიღეთ პრინციპული გადაწყვეტილება, რომ სათამაშო ბიზნესი ჩვენი ბიზნესი არ არის. ესეც უნდა გადაკეთდეს და ეს ფუნქციაც უნდა მოსცილდეს პროექტს. ეს ბიზნესი ჩემი არ არის და არც არასდროს ყოფილა, არც მინდა”, – აცხადებს ბიზნესმენი სოსო ორჯონიკიძე.
სოსო ორჯონიკიძე BM.GE-ის სამომავლო გეგმებზეც ესაუბრა და აღნიშნა, რომ 2020 წლის ბოლოს 128–ნომრიანი სასტუმრო სრულიად დასრულებული იქნება.
“2020 წლის ბოლოს 128–ნომრიანი სასტუმრო უნდა იყოს გაშვებული, მიმდებარე ტერიტორია და ფასადი – მთლიანად დამთავრებული, ასევე, აპარტამენტების ორივე ბლოკი ექსპლუატაციაში გაშვებული და მთელი კომუნიკაციები დამთავრებული”, – ამბობს სოსო ორჯონიკიძე.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში კემპინსკის კომპლექსის მშენებლობა 2009 წელს დაიწყო. მისი დასრულების თარიღმა კი რამდენჯერმე გადაიწია.