ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რატომ ვერ ჩაყლაპა რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთი
06 დეკემბერი, 2021

გავიდა 1 წელი იმის შემდეგ, რაც რუსეთმა და აფხაზეთმა კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროგრამა დაამტკიცეს, თუმცა მასში ჩადებული არც ერთი პუნქტი არ შესრულდა, გარდა რუსეთის მიერ აფხაზებისთვის მოქალაქეობის მინიჭების პროცესის გამარტივებისა.

აფხაზეთს არაფრის შეცვლა არ სურს საგადასახადო, საბიუჯეტო, ენერგეტიკულ,საბანკო, სამედიცინო, სოციალურ და სხვა სფეროებში, მით უმეტეს, სოხუმი რუსი ინვესტორებისთვის საკანონმდებლო პროცედურების გამარტივებას, მათთვის ბინადრობის მიღებისა და უძრავი ქონების ყიდვის უფლების მიცემას არ აპირებს.

ეს ბოლო გარემოება ყველაზე მეტად აღიზიანებს რუსეთს აფხაზეთში, რომელსაც მოსკოვისგან არაფრის სანაცვლოდ ყველაფრის მიღება უნდა.

ამ დღეებში სოხუმს რუსეთის ფედერალური საგადასახადო სამსახურის უფროსის მოადგილე იულია შეპელიოვა ესტუმრა. ვიზიტის დროს აფხაზეთის და რუსეთის ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის შექმნის საკითხი განიხილებოდა.

აფხაზეთის გადასახადების მინისტრმა ჯანსუღ ნანბამ განაცხადა, რომ საგადასახადო კანონმდებლობის ჰარმონიზაციაზე საუბარი ნაადრევია, რადგანაც რუსეთი ამ კუთხით აფხაზეთზე ბევრად შორსაა წასული.

თუმცა, რატომ უნდა შეცვალოს აფხაზეთმა რამე მაშინ, როდესაც რუსეთი ვალდებულია,  არჩინოს აფხაზეთი (აფხაზების აზრით) თუნდაც იმის გამო, რომ მათ ტერიტორიაზე რუსული ბაზებია განთავსებული?

ოფიციალური მონაცემებით, 12 წლის მანძილზე აფხაზეთმა რუსეთისგან 45 მლრდ. რუბლის დახმარება მიიღო, თანაც, ეს მხოლოდ ოფიციალურად - სხვადასხვა ფონდებიდან ნაჩუქარი სახსრების გათვალისწინებით, ეს მაჩვენებელი მინიმუმ მესამედით მეტია.

გარდა ამისა, აფხაზეთი ფაქტობრივად უფასოდ მოიხმარს რუსულ ელექტროენერგიას და ამ კუთხით დავალიანებამ 1 მლრდ. რუბლს გადააჭარბა, - ეს მაშინ, როდესაც ენერგოტარიფი რესპუბლიკაში თითქმის ნულოვანია.

აფხაზეთის ბიუჯეტის თითქმის 80% რუსეთი ავსებს.

აფხაზები მიიჩნევენ, რომ რუსეთს უფრო მეტი მართებს და ამიტომაც ცხოვრობენ ისე, როგორც შეუძლიათ  და არანაირ რეკომენდაციებს თუ რჩევებს არ ასრულებენ. მეტიც, აფხაზები მიიჩნევენ, რომ რუსეთთან საკანონმდებლო ჰარმონიზაცია მათ სუვერენიტეტს ლახავს და ამ გზით მოსკოვი მათ მიერთებას გეგმავს.

„ჩვენ ამდენი ხანი ქართველებს იმისთვის არ ვეომეთ, რომ რუსეთს შეუერთდეთ,“ - ასეთია ყველა აფხაზის აზრი, გამონაკლისის გარეშე. ამიტომაც არც უძრავი ქონების უცხოელებისთვის მიყიდვის უფლების დაკანონებას გეგმავენ.

ერთი სიტყვით, თავიდანვე ცხადი იყო, რომ რუსეთს და აფხაზეთს შორის ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცე  უტოპიური იდეა იყო. მეტიც, ვინმეს ამ იდეის რეალიზება რომ დაეწყო, მას მალევე ჩამოაგდებდნენ, მით უმეტეს, რომ აფხაზეთს სახელმწიფო გადატრიალებების დიდი გამოცდილება გააჩნია.

საერთო აფხაზური პოზიცია რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ჩამოაყალიბა.

„რუსეთთან ერთიანი სივრცე უნდა იყოს ევროკავშირის მსგავსი გაერთიანება, რომელიც მონაწილეთა სუვერენიტეტის შეზღუდვის გარეშე იმოქმედებს. გლობალურ გამოწვევებს და საერთაშორისო არენაზე ეროვნული ინტერესების ასეთი გზით დაცვა გაცილებით უფრო მარტივი იქნება,“ - განაცხადა მან.

აფხაზეთის საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი ინალ არძინბა თავის მთავარ ამოცანად რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას, და შემდგომი საერთაშორისო აღიარების მიღწევისთვის ქმედებების გააქტიურება დაასახელა.

თუმცა, აფხაზეთს დღეს აღიარებისთვის საჭირო არც ერთი კომპონენტი არ გააჩნია. რომელ აღიარებაზე და საერთაშორისო ნორმების შესრულებაზე შეიძლება იყოს საუბარი მაშინ, როდესაც აფხაზეთი რუსული კაპიტალისთვისაც კი არაა მიმზიდველი, არც კრიმინალის, არც კანონების აღსრულების და არც ეფექტური სახელმწიფო მმართველობის კუთხით.

აფხაზეთში დღეს მძიმე პერიოდია. ყველაზე მწვავეა ენერგოკრიზისი სეზონური აცივების ფონზე. სოხუმის ელექტროქსელების სამმართველოს უფროსმა ტიმურ ჯინჯოლიამ განაცხადა რომ ცოტა ხამში მდგომარეობა გაუარესდება.

„შეზღუდვები დაკავშირებულია ტრანსფორმატორების გადატვირთულობასთან და აღჭურვილობის გაუმართაობასთან. თუ ადრე ზამთარში ძაბვა ქსელში 180-200 ვოლტი იყო, დღეს ხშირ შემთხვევაში 120-მდეც კი ვერ ადის. ასეთი ძაბვის პირობებში სახლებში საყოფადცხოვრებლო ტექნიკა არ მუშაობს, თუმცა, სხვა არაფრის შეთავაზება არ შეგვიძლია,“ - განაცხადა მან.

მოკლედ, აფხაზეთმა მიიღო ის, რისთვისაც იბრძოდა, ისევე,  როგორც რუსეთმა, რომელიც მეწველი ძროხის როლში გამოდის.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.