ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რატომ ვერ გახდა აფხაზეთი შავი ზღვის მარგალიტი?
25 მაისი, 2021

სტატია მომზადებულია „.rosbalt.ru“ -ზე დაყრდნობით. მასში გამოთქმული მოსაზრებები და ტერმინები ეკუთვნის მასალის ავტორს არ გამოხატავს „კომერსანტის“ შეხედულებებს.

აფხაზეთი, რომელიც საბჭოთა პერიოდში საკავშირო ელიტის საყვარელი დასასვენებელი ადგილი იყო, დღეს გაპარტახებულია. ტურისტების კატეგორიების მრავალფეროვნება წარსულს ჩაბარდა, კარგი სასტუმროები სულ რამდენიმეა.

და ეს მაშინ, როდესაც ტურიზმი რესპუბლიკის ეკონოკიკის ერთადერთი მეტ-ნაკლებად ცოცხალი დარგია როგორც ბიუჯეტისთვის, ასევე რიგითი მოქალაქეებისთვის.

იმის მიუხედავად, რომ რუსეთი აფხაზეთს ფაქტიურად არჩენს, რუსული ბიზნესი აფხაზეთის საკურორტო სამოთხედ ქცევას არ ჩქარობს. რატომ?

პირველი ისაა, რომ აფხაზეთს საერთაშორისო აღიარება არ გააჩნია და მის ტერიტორიაზე საქმიანობა უკანონოდ ითვლება. ამიტომაც ბევრი მსხვილი კომპანია, უცხოურიც და რუსულიც, აფხაზეთში მუშაობის დაწყებას ერიდება. თუმცა, ეს ერთადერთი შემაფერხებელი გარემოება არაა.

საინვესტიციო აქტიურობას თავად აფხაზეთი აფერხებს - პირველ რიგში საკუთრების თუნდაც მინიმალური დაცვის არარსებობით. მოსკოვს ეს ვითარება დიდად არ მოსწონს და აფხაზეთის კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას ითხოვს - პირველ რიგში უცხოელებისთვის მიწების და უძრავი ქონების ყიდვის უფლების მინიჭებას.

თუმცა, წლები გადის, აფხაზეთი კი ამ გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს. რუსების აფხაზეთში უძრავი ქონების ყიდვა დღესაც შეუძლიათ, ოღონდ იმ პირობით, რომ ის ადგილობრივზე გაფორმდება, ეს კი ფულის დაკარგვის ძალიან მაღალ ალბათობას ქმნის.

ასე რომ რუსული ბიზნესი აფხაზეთში შესვლას ერიდება, ეს კი ეკონომიკურ კრიზისს აღრმავებს.

ერთი შეხედვით, აფხაზეთში ინვესტირებისთვის საუკეთესო სფერო ტურიზმია - იდეალური კლიმატის და წარმოუდგენლად ლამაზი ბუნების გათვალისწინებით. თუმცა, რეალურად ტურისტულ ინდუსტრიაში მოსახლეობის მცირე ნაწილი მუშაობს, რადგანაც აფხაზეთში ძირითად ღარიბი რუსები ჩადიან და ამ სფეროში დიდი ფული არ ტრიალებს.

აფხაზეთს ნაკლებად მიმზიდველად ასევე მძიმე კრიმინოგენური ვითარება, წყლის და ელექტროენერგიის მომარაგებაში არსებული გადაუჭრელი პრობლემები ქმნიან.

მაისში აფხაზეთი მორიგი ტურისტული ფორუმი ჩატარდა, რომელზეც, როგორც ყოველთვის, ითქვა, რომ ამ სეზონზე რესპუბლიკაში მილიონზე მეტი ტურისტი ჩავა. მათ იტანენ ფულის გამო, თუმცა, რუსების ჩასვლა საცხოვრებლად არ სურთ.

„რუსების აქ დიდი რაოდენობით ჩამოსვლა სუვერენიტეტის და ენის დაკარგვით დასრულდება“ - ამბობენ აფხაზები.

სხვა პრობლემებთან ერთად ტურიზმს ადგილობრივი კურორტების წარსული დიდების აღდგენა და ელემენტარული სერვისი აკლია. აფხაზებმა სტუმრების მომსახურება, მიმტანების, ბარმენების, მენეჯერების და ტურიზმის გამართული მუშაობისთვის აუცილებელი სხვა პროფესიების მომზადება ჯერაც ვერ ისწავლეს.

ტურისტების ნაკადს ასევე აფერხებს სატრანსპორტო პრობლემები - მაგალითად, საზღვრის გადაკვეთა მდინარე ფსოუზე ბევრ სირთულეებთან არის დაკავშირებული, ხოლო ავიამიმოსვლა არ არსებობს და მისი აღდგენის პერსპექტივები ჯერჯერობით არ ჩანს.

თანაც საბჭოთა პერიოდში განთქმული კურორტი ფაქტიურად არ არსებობს - არ არის არც ინფრასტრუქტურა, არც აღჭურვილობა და არც კადრები.

კიდევ ერთი პრობლემა საბანკო ბარათები, რომლებსაც ბევრ ადგილას საერთოდ არ იღებენ, ხოლო სასტუმროების, რესტორნების და სხვა ტურისტული ობიექტების უმრავლესობა მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორებით მუშაობს.

მოკლედ, აფხაზეთი თანამედროვე ცივილიზაციას დიდწილად უიმედოდ ჩამორჩება, ამიტომაც, როგორც ადგილობრივები წუწუნებენ, იქ „მხოლოდ ღარიბები ჩადიან“. მეტიც, ტურისტების მნიშვნელოვანი ნაწილი სოჭიდან, 1-დღიანი ექსკურსიით ჩადის და აფხაზეთისთვის თითქმის არანაირ მოგება არ მოაქვს.

გარდა ამისა, აფხაზეთში „იაფი დასვენება“ - ამ წელს არც თუ ისე იაფია - ყოველ შემთხვევაში თურქეთში დასვენება უფრო იაფია, რომ არაფერი ვთქვათ კომფორტზე.

ასე რომ, აფხაზეთი კვლავ დარჩება ლამაზი ბუნების და ცუდი სერვისის კურორტად, რომელიც ძირითადად, ღარიბ და ნაკლებად პრეტენზიულ რუს ტურისტებს კიდევ დიდხანს მიიზიდავს.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.