რატომ ვერ შეასრულა თბილისი-ბათუმის რეისი Georgian Wings-მა – კომპანიის განმარტება
Georgian Wings-ი, რომელმაც თბილისის აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით რეისი ვერ შეასრულა, განცხადებას ავრცელებს და მიზეზს ხსნის. კომპანიის განმარტებით, ფრენა ტექნიკური ხარვეზის გამო გადაიდო.
“28 ივლისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეისზე ნომრით D4 301/302, გაფრენის წინა უსაფრთხოების შემოწმების რეგულარული პროცედურის დროს, დაფიქსირდა საჰაერო ხომალდის ტექნიკური ხარვეზი, Georgian Wings-მა კონტრაქტორი ავიაკომპანია JumpAir-ის ინჟინერებთან ერთად (ავიაკომპანია JumpAir არის ლიეტუვური, ევროპული სტანდარტების კომპანია, რომელიც ახორციელებს ფრენების ოპერაციულ უზრუნელყოფას) მიიღეს გადაწყვეტილება ფრენის უსაფრთხოების დამატებითი შემოწმებების ჩატარების შესახებ აღმოჩენილი საჰაერო ხომალდის ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით.
იქიდან გამომდინარე, რომ, დამატებითი შემოწმებების შედეგად დადგინდა, რომ შეუძლებელი იყო საჰაერო ხომალდის ტექნიკური ხარვეზის დაუყოვნებლივი აღმოფხვრა, ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა, პროცედურების შესაბამისად, ორგანიზება გაუკეთეს მგზავრების დაბრუნებას ქალაქ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ადგილობრივი ფრენების ტერმინალში, სადაც მგზავრებს შესთავაზეს გამაგრილებელი, ცხელი სასმელები და კვება.
თავის მხრივ, Georgian Wings-ისა და ავიაკომპანია JumpAir-ის ინჟინრები აგრძელებენ საჰაერო ხომალდზე ტექნიკური სამუშაოების პროცედურებს, რომელთა დასრულების თაობაზე დამატებით გავავრცელებთ ინფორმაციას.
საჰაერო ხომალდის და მგზავრის უსაფრთხოების მაღალი საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, Georgian Wings-ი მიუღებლად მიიჩნევს ფრენების განხორციელებას, თუნდაც დაშვებული ნორმიდან უმნიშვნელო გადახრით.
ვწუხვართ, მგზავრთათვის შექმნილი დისკომფორტის გამო და თითოეულ მგზავრს შეთავაზებული აქვს, როგორც ავიაბილეთის სხვა სასურველ თარიღზე გადაცვლა, ასევე სრულად ავიაბილეთის საფასურის დაბრუნება”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
avianews.ge