ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„რეალიზაცია 70%-ით შემცირდა, ფასი კი - 25%-ით“ - "რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობა"
24 მარტი, 2021

"რუისპირის დინამიური მეურნეობის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ამბობს, რომ პანდემიამ მცირე მარნის საქმიანობასა და ღვინის რეალიზაციაზე უარყოფითად იმოქმედა. როგორც BM.GE-სთან საუბრისას გიორგი ალადაშვილი განმარტავს, რეალიზაციის კლება, როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზრებზე დიდია, რაც მცირე მეწარმისთვის სერიოზული დარტყმაა.  

"2020 წელს ღვინის რეალიზაცია 70%-ით შემცირდა. ტურიზმი გათავისუფლებული რომ იყოს მარწუხებისგან, რაც "კომენდანტის საათის" მოხსნას გულისხმობს, ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნა იქნებოდა; რაც მეტ ღვინოს გავყიდი ადგილზე, მით მეტი ფინანსური რესურსი რჩება ქვეყანაში. ამასთან, შეკვეთები უცხოელების მხრიდან ძალიან დაბალ ფასში მოდის. ღვინის ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია, ძირითადად, ტურისტებზე მოდიოდა. რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს, ჩვენ მივდიოდით და ქართული ღვინის დეგუსტაცია-პრეზენტაციას ქართულ სამზარეულოსთან ერთად ვახდენდით. გვესმის, რომ ქვეყნებს შორის გადაადგილების პრობლემაა, მაგრამ "კომენდანტის საათი" არსად არაა“, - აღნიშნავს გიორგი ალადაშვილი და დასძენს, რომ უცხოელი ვიზიტორები ქვეყანაში მოქმედი "კომენდანტის საათის" გამო ვერ ჩამოდიან.

შვეიცარია, ბელგია, აშშ, სინგაპური, გერმანია, იტალია, საფრანგეთი, უკრაინა - "რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობა" ღვინის რეალიზაციას ამ ქვეყნებში ახდენს. გიორგი ალადაშვილის ინფორმაციით, 2020 წელს მეწარმემ მხოლოდ 2 700 ბოთლის ექსპორტზე გატანა მოახერხა.

„ექსპორტზე მუშაობა გრძელდება, თუმცა იძულებულები ვართ ამ მიმართულებით ფასები, ფაქტობრივად, გავანახევროთ. თუ 1 ბოთლ ღვინოს 32 ევროდ ვყიდდით, დღეს ღვინის რეალიზაცია ნახევარ ფასად ხდება. ღვინის გაყიდვა უცხოურ ბაზრებზე მნიშვნელოვნად დამოკიდებულია პროდუქტის წარდგენაზე. ყოველთვის, როდესაც სხვადასხვა ქვეყანაში პირადად ვესწრები ღვინის წარდგენას, ამ პერიოდში გაყიდვები გაათმაგებულია ხოლმე, 2020 წელს კი სამწუხაროდ, გადაადგილების შეზღუდვების გამო ვერსად წავედი. მაგალითისთვის გეტყვით, რომ შვეიცარიაში სამ იმპორტიორთან ვთანამშრომლობთ, მაშინ როდესაც, პანდემიამდე, ერთ იმპორტიორს მხოლოდ ერთი სახეობის 1 800 ბოთლი ღვინო გაჰქონდა, ახლა ამ მოცულობით 5 სახეობის ღვინო მიაქვთ, ეს დარტყმაა ჩვენთვის. გარდა ამისა, ღვინოზე ფასები, დაახლოებით, 25%-ით შემცირდა“, - აცხადებს მცირე მარნის მფლობელი.

მისივე თქმით, ქვეყანაში არსებული შეზღუდვები უნდა მოიხსნას. „დღეისთვის ყველაზე კარგი გადაწყვეტილება არსებული შეზღუდვების მოხსნა იქნება, რათა ხელ-ფეხი გაგვეხსნას და ჩვენს თავს მოვუაროთ“, - აღნიშნა ალადაშვილმა.

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.