ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
"რეგიონში მიმდინარე ომმა ტურისტული ინდუსტრია ძალიან დააზარალა" - თრუსო
12 თებერვალი, 2024

გუდაურში მდებარე სასტუმრო ‘’თრუსოს“  დირექტორი ლევან კარიჭაშვილი ‘’ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ რეგიონში მიმდინარე ომმა ტურისტული ინდუსტრია ძალიან დააზარალა და ვიზიტებმა  მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან იკლო.

მისი შეფასებით ზედიზედ მეორე წელია, გუდაურში სეზონი ვერ ამართლებს.

,,შარშან თოვლი არ იყო და ამიტომ არც ტურისტები იყვნენ. ახლა ამინდი ხელსაყრელია, მაგრამ მაინც პასიურობაა. შაბათ-კვირას საბაგიროებზე რიგი იდგა, ახლა ძალიან ცოტა ადამიანია და ეს ყველა სეგმენტში იგრძნობა. პროდუქტი და მომსახურებით ,,თრუსო“ ყოველთვის სასურველი იყო სტუმრებისთვის, მაგრამ არის გარემოებები, რაც ტურისტების მხრიდან ინტერესს ანელებს. ამას აქვს რამდენიმე მიზეზი, თუმცა მთავარი ფაქტორი რეგიონში მიმდინარე ომია. რუსეთ-უკრაინის ომმა და ისრაელში მიმდინარე კონფლიქტმა ფაქტობრივად მთელ მსოფლიოზე მოახდინა გავლენა. ასეა ევროპაშიც.  მომხმარებლების 70%-ს ისრაელის მოქალაქეები შეადგენდნენ, მაგრამ ომია და სხვა ქვეყნებში დასვენებისგან მაქსიმალურად იკავებენ თავს, რაც ჩვენს საქმიანობაზეც ადეკვატურად აისახება“, - აცხადებს ლევან კარიჭაშვილი.

მისი თქმით, ანალოგიური ვითარებაა სხვა ქვეყნებიდანაც, ხოლო მაღალმხარჯველი ვიზიტორი უკვე დეფიციტს წარმოადგენს.

"აღმოსავლეთ ევროპის მოქალაქეებს განსაკუთრებით უყვარდათ გუდაურში ჩამოსვლა, ომის გამო უკვე ესეც პრობლემაა. ასეთ პირობებში გაფართოებაზე საუბარი წარმოუდგენელია. არ გამოვრიცხავთ, სასტუმროს გაყიდვაზეც ვიფიქროთ, იმდენად დიდი პრობლემაა გლობალური მასშტაბით. ეს კრიზისი დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გაღრმავდეს. ასეთ ფონზე უხერხულია, რომ გუდაურში ტურისტების შემცირების მიზეზად მაღალ  ტარიფებს მიიჩნევენ. მეტიც, ამასთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაცია გავრცელდა.. ჩვენს შემთხვევაში, საკმაოდ მისაღები ფასებია და იმაზე ნაკლებიც, ვიდრე ვთქვათ, ათი წლის წინ იყო, მაგრამ ხალხი მაინც არ არის“, - აცხადებს ‘’თრუსოს“ დირექტორი.

ცნობისთვის, სასტუმრო ‘’თრუსო’’ 1999 წელს აშენდა. თავდაპირველად სასტუმრო  „გესთჰაუსის“ ტიპის სახლს წარმოადგენდა, მომდევნო წლებში (2004-2005) კი, სასტუმრო გაფართოვდა და კლიენტებს ნომრების რაოდენობის გაზრდასთან ერთად განახლებული ინფრასტრუქტურა შესთავაზა. სასტუმრო 2006 წლიდან მუშაობს, თუმცა 2020 წელს, პანდემიური კრიზისის პერიოდში მცირე ხნით დაკეტილი იყო.

აქტიური საქმიანობა ,,თრუსომ“ მომდევნო 2021 წელს განაახლა.

ამ ეტაპზე  სასტუმრო 10 ადამიანს ასაქმებს.

bp.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.