„რეისები იქნება ან ევროპაში ან იქნება რუსეთში“, - რა გავლენა აქვს პოლიტიკურ პროცესებს ბიზნესზე
„რეისები იქნება ან ევროპაში ან იქნება რუსეთში“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ ქართული ავიაკომპანიის „Air Georgia“-ს დამფუძნებელმა გიორგი კოდუამ განუცხადა. ბიზნესმენი მედიაჰოლდინგთან ქვეყანაში შექმნილ რთულ ეკონომიკურ - პოლიტიკურ მდგომარეობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ქვეყანა სწორად უნდა განვითარდეს და ევროპული პროექტებით კიდე უფრო უნდა მიუახლოვდეს დასავლეთს.
„შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ დღეს გვაქვს ნულოვანი ეკონომიკა. როდესაც გერმანიამ მეორე სამამულო ომი წააგო და ეკონომიკის ნიშნული 0-ს ჩამოსცდა, ამან გერმანიას მისცა შანსი, რომ ახალ ფუნდამენტზე აეშენებინა ის ეკონომიკა, რომელიც დღეს თავის სიძლიერით ევროკავშირში ლიდერია. როცა პლატფორმა გაქვს გასწორებული, ნულიდან აშენება უფრო ადვილია. ჩვენ ეკონომიკა არ გვაქვს, ტურიზმი ჩამოიშალა, არანაირი წარმოებაც არ გვაქვს, მეგა პროექტები შეჩერებულია, გაჩერდა ანაკლია, ყველა პროექტი გაჩერდა. იქედან გამომდინარე, რომ ეს არის მოცემულობა, საჭიროა ეკონომიკის მშენებლობისთვის სწრაფი რეფორმების გატარება. მინდა, რომ უფრო მეტი პროექტი განვახორციელო, მეტი ევროპული ფული შემოვიდეს და უფრო ახლოს ვიყო ამერიკასთან, თუ ეს არ მოხდა მაშინ მე, ბიზნესს მომიწევს გადავეწყო რუსულ რეისებზე და რუსეთის ინვესტიციებზე. რეისები იქნება ან ევროპაში ან იქნება რუსეთში“, - განაცხადა გიორგი კოდუამ.
გიორგი კოდუა აცხადებს, რომ სტაბილური გარემოს ბიზნესისთვის გადამწყვეტი მნიშველობა აქვს, პოლიტიკურ ჭრილში კი მისი თქმით, საქართველოში სულ რყევებია. „ეარ ჯორჯიას“ დამფუძნებელი თბილისი - ნიუ - იორკის რეისის დანიშვნას გეგმავდა. როგორც იგი გვიყვება, საუბარი ჰქონდა ამერიკის საელჩოსთან, მათი დახმარებით დაუკავშირდა American ariline - ს და ამერიკის საავიაციო ადმინისტრაციასაც, თუმცა მალევე მას ამერიკელ პარტნიორებთან რამდენიმე წერილის გაგზავნა დასჭირდა, რათა დაერწმუნებია, რომ ქვეყანაში არსებული რყევები რეისების შეფერხებას არ გამოიწვევდა. მისი განმარტებით, როდესაც ქვეყანაში ასეთი პოლიტიკური გაუგებრობაა, ეს ინვესტორებს ძალიან ბევრ კითხვას უჩენს. მცდელობის მიუხედავად მოლაპარაკებები შეჩერდა, თუმცა როგორც კოდუა აცხადებს, არ გაჩერებულა და მაინც შუალედურ ფაზაშია. მისი განცხადებით დღეს საქართველოში ბიზნესის კეთება რთულია.
„ჩვენი მოლაპარაკებებიც ამერიკასთან დაპაუზდა. საქართველო „IASA“ სტანდარტებით ოპერირებს, რაც ევროპაში ფრენების უფლებას გულისხმობს, არც ერთ ავია კომპანიას ამერიკაში ფრენების უფლება არ გვაქვს, რადგან ჩვენ „FA“ რეგულაციები არ გვაქვს, არც აეროპორტს აქვს გატარებული აუდიტი ამერიკის FA- თან, აქედან გამომდინარე აეროპორტმა, ავიაკომპანიამ და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომაც 160 დღიანი აუდიტი უნდა ჩაატაროს. მოლაპარაკებებში შუამავლად Airbus ჩავრთე, რადგან ჩვენ Airbus industrie - ში გავწევრიანდით. რეგიონალური დირექტორი ჩამოვიყვანეთ და მინისტრს შევახვედრეთ, ევროპა სრულად გვიჭერს მხარს, რომ თბილისიდან ამერიკის კონტინენტზე Airbus -ით მოხდეს ოპერირება. ეს იყო ხიდი, თუმცა ახლა ვიზიტი ევროპამაც გადადო, ამერიკა პასუხებს მთხოვს, ბიზნეს გეგმაში ხომ არაფერი შეიცვალა, რა თქმა უნდა ბიზნესის კუთხით პოლიტიკური პროცესები ცხოვრებას მირთულებს, მეტი კითხვები ჩნდება, მეტი დარწმუნება გვჭირდება, სტაბილურობის გარანტი სახელმწიფო უნდა იყოს, არა მარტო სიტყვებით, არამედ საქმით. არ არის საჭირო, სახელმწიფოს მოხელე ჩემ ბიზნეს პარტნიორს ესაუბროს, როდესაც სახელმწიფოში არის სტაბილური სიტუაცია, ეს ხომ ჩანს? თუ ქვეყანაში არის სტაბილური მდგომარეობა, უკვე შემდეგ, ინვესტორებთან საუბარი შეიძლება“, - აცხადებს გიორგი კოდუა.
სანამ ქვეყანაში პრემიერ-მინისტრი შეიცვლებოდა, ბიზნესმენს პრობლემები მანამდე შეექმნა. ეკონომიკის სამინისტროში მიმდინარე საკადრო ცვლილებებმა „Air Georgia“-ს საქმიანობა კიდევ უფრო გაურთულა:
„სანამ პრემიერი შეიცვლებოდა მანამდე ჩემთან მოხდა ცვლილება, ხელახლა მომიწევს მემორანდუმის განხილვა, რადგან მინისტრის მოადგილე, აკაკი საღირაშვილი რომელიც ასევე იყო ტრანსპორტის მიმართულების კურატორი და ჩემთან მეორე მხრიდან ხელის მომწერი იუსტიციის სამინისტროში გადავიდა. ჩვენ შორის მოლაპარაკება ძალიან პოზიტიურად მიდიოდა და ეს იყო ეკონომიკის სამინისტროდან ჩვენთვის ძალიან კარგი კადრი, რომელიც გვეხმარებოდა ამ პროექტის განხორციელებაში, მაგრამ უცებ სხვა სამინისტროში გადაიყვანეს. დღემდე ტრანსპორტის საკითხებში ეკონომიკის სამინისტროს კურატორი დღემდე არ ჰყავს, ეს ჩვენი მემორანდუმი ისევ ჰაერში გამოეკიდა , ველოდებით როდის დაინიშნება მოადგილე და ტრანსპორტის საკითხებში კურატორი. ეკონომიკის მინისტრთან კომუნიკაცია კი გვაქვს მაგრამ, ნათია თურნავა მაინც პოლიტიკას განკარგავს და არ არის მენეჯმენტში ჩართული, ამაში ჩართული უფრო მინისტრის მოადგილე იყო, ვისთანაც ყველა დრაფტს განვიხილავდით“, - განმარტავს კოდუა.
მემორანდუმის გაფორმებას, თბილისში 50 მლნ დოლარის ღირებულების „Airbus 330“ - ის შემოიყვანა უნდა მოჰყოლოდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ კუთხით მოლაპარაკებები დაპაუზებული ინვესტორი კომპანია უკან დახევას არ გეგმავს:
„ეს 50 მილიონის ხელშეკრულება ერთადერთია, რომელიც მე კბილებით მიჭირავს და არ არის დაპაუზებული. ამის მიზეზი არის ის, რომ ეს ვისი თვითმფრინავიც არის ძალიან სერიოზული გუნდია, მართალია ჩვენი მთავრობიდან დაპაუზდა, მაგრამ თვითონ დაუკავშირდნენ ჩვენ სახელმწიფოს. ეს არის ებრაელების ჯგუფი, რომელიც ისრაელში კომპანია „el al“ - ის მეწილეები არიან. როდესაც ჩვენი მხრიდან პროექტი დაპაუზდა, მათ მთავრობასთან მოლაპარაკებებში ისრაელის ელჩი ჩართეს, ეგონათ რომ ეს ჩვენი, კერძო კომპანიის ბრალი იყო, არადა როდესაც ქვეყანაშია პრობლემები მე რა შუაში ვარ. 50 მილიონიანი თვითმფრინავის შემოყვანა კვლავ აქტუალურია, მიდის მოლაპარაკება, რადგან მეპატრონეები ებრაელები არიან და მათი სურვილია, რომ მათი ინვესტიციები იყოს დაცული და სახელმწიფოსთან პირდაპირ კონტაქტზე გადიან. უბრალოდ დამატებით რგოლები დაემატა და ვნახოთ სადამდე მივალთ. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ Airbus 330 შემოვიდეს და ვვარაუდობთ რომ კონტრაქტს ხელი მარტში მოეწერება. ეს თვითმფრინავი რომ შემოვა, უნდა დადგეს თბილისი- ნიუ იორკის, თბილისი ტორონტო, თბილისი -ბანკოკი, თბილისი - სეულის რეისებზე, ასეთ შორ მანძილებზეა საუბარი, რადგან თვითმფრინავი სამას კაციანია და გათვლილია შორ მანძილზე ფრენებისთვის“, - აცხადებს გიორგი კოდუა.
commersant.ge