ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რესტორანი კვამლი „მწვანე პასპორტების“ ამოქედების შემდეგ მომხმარებლების გარეშე დარჩა
20 დეკემბერი, 2021

მწვანე პასპორტის ამოქმედების შემდეგ, ქუთაისში მდებარე ცნობილი რესტორანი “კვამლი“ თითქმის გაჩერებულია. როგორც „კომერსანტს“ რესტორნის მენეჯერმა ქრისტინე ქავთარაძემ უთხრა, რესტორანს მომხმარებლები ფაქტობრივად აღარ ჰყავს და დაკეტვის პირასაა.

„მწვანე პასპორტების ამოქმედება რესტორნების მუშაობაზე საშინლად აისახა, ეს რეგულაცია ფაქტობრივად რესტორნების გაჩერებას ნიშნავდა. მომხმარებელი უბრალოდ აღარ გვყავს, განა ძალიან შეგვიმცირდა ან განახევრდა ადამიანები უბრალოდ აღარ მოდიან, რადგან იციან რომ მწვანე პასპორტის გარეშე ვერ შემოვუშვებთ. გარდა ამისა რესტორანში ერთი ან ორი ადამიანი ხომ არ დადის, ჯგუფებად დადიან და ათი კაციდან თუნდაც ორს რომ არ ჰქონდეს მწვანე პასპორტი ყველა იძულებულია რომ რესტორანზე უარი თქვას“, - აღნიშნა ქრისტინე ქავთარაძემ.

ქავთარაძე ამბობს, რომ რესტორანს მუშაობისთვის მომხმარებელი სჭირდება, მისივე თქმით რაღაც უნდა შეიცვალოს, რადგან ამ მდგომარეობაში რესტორნების არსებობა წარმოუდგენელია.

„პირველ დეკემბრამდე რესტორანი მუშაობდა, ყოველ შემთხვევაში ასეთ ან ამაზე ცოტა უკეთესი მდგომარეობა არ გვქონია, ვმუშაობდით და ხალხიც დადიოდა, ახლა რატომ ვამუშაოთ არ ვიცი, გატანის სერვისზეც არ გვაქვს შეკვეთები, გვქონდა დახურვაზეც საუბარი, მაგრამ ამას ჩემი მხრიდანაც პროტესტი მოყვა, მე ხომ ვიცი ჩემი თანამშრომლების მდგომარეობა, ზოგს ოჯახი ჰყავს სარჩენი, ზოგს ბანკის სესხი აქვს და ა.შ. დღეს რესტორნის დახურვა ამ ადამიანების ლუკმა პურის გარეშე დატოვებას ნიშნავს. სადამდეც გავქაჩავთ ვიქნებით და შემდეგ უკვე იძულებულები ვიქნებით რაღაც გადაწყვეტილება მივიღოთ“, - აღნიშნა ქრისტინე ქავთარაძემ.

საქართველოში „მწვანე პასპორტი“ 1-ლი დეკემბრიდან მოქმედებს. „მწვანე პასპორტის“ გარეშე მომხმარლები კაფეებისა და ბარების ღია და დახურული სივრცეებში, რესტორნებში, კინოთეატრებში,  მუზეუმებში, ოპერაში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებში, სპა-ცენტრებში, ფიტნესდარბაზებში, სასტუმროებსა და სამთო კურორტების საბაგირო გზებზე არ დაიშვებიან.  

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.