ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„რესტორნები ისედაც 30 %-იანი დატვირთვით მუშაობენ, გაძვირებული ფასები მენიუზე კიდევ ერთი კრახი იქნება“ - გურამ ბაღდოშვილი
05 აპრილი, 2021

„რესტორნები ისედაც 30 %-იანი დატვირთვით მუშაობენ, გაძვირებული ფასები მენიუზე კიდევ ერთი კრახი იქნება“ , - ამის შესახებ „კომერსანტს“ სარესტორნო ქსელ „ჩვენის“ დამფუძნებელმა, გურამ ბაღდოშვილმა განუცხადა. ცნობილი შეფ-მზარეული აცხადებს, რომ ლარის გაუფასურება მთელ ჰორეკა სექტორს იძულებულს ხდის ფასები გაზარდოს, თუმცა ბაღდოშვილი ამბობს, რომ ის მაქსიმალურად შეეცდება, რომ მენიუზე ფასი შეინარჩუნოს. სარესტორნო ქსელ „ჩვენის“ დამფუძნებელს იმედი აქვს, რომ ახალი ფინანსთა მინისტრი და ეკონომიკის მინისტრი ეკონომიკის გადასარჩენად ქმედით ნაბიჯს გადადგამენ.

„ლარის გაუფასურებას პირველ რიგში გავლენა იმპორტირებულ პროდუქტებზე ექნება. შექმნილი ვითარება მთელ ჰორეკა სექტორს იძულებულს გახდის ფასები გაზარდოს. წელიწად-ნახევარია ფასისთვის ხელი არ მიხლია, კომუნალური გადასახადების ზრდამ ჩვენი შემოსავალი ისედაც დააზიანა, თუმცა ვეცდებით, რომ ფასები დავარეგულიროთ, მაგრამ სანამდე შევძლებთ გაძლებას არ ვიცით.

ვისაც რესტორანი მხოლოდ ბიზნესის თვალსაზრისით აქვს გახსნილი ის ფასებს აუცილებლად გაზრდის, რაც სტუმრების რაოდენობაზე აუცილებლად აისახება. ეკონომიკური სიტუაცია ქვეყანაში ისეთი მძიმეა, რომ რესტორნები ისედაც 30 %-იანი დატვირთვით მუშაობენ, გაძვირებული ფასები მენიუზე კიდევ ერთი კრახი იქნება. მაქსიმალურად ვეცდები შევინარჩუნო ფასები, მაგრამ სანამ არ დაიდება რეალური სურათი, თუ როგორ აისახება ლარის გაუფასურება პროდუქტზე, კონკრეტული დეტალების თქმა რთული იქნება. იმედია სახელმწფო ამ პრობლემას მოაგვარებს, ფინანსთა მინისტრი ტყუილად არ გადადგებოდა, ფიქრობ, რომ ეკონომიკის და ახალი ფინანსთა მინისტრი რაღაცას მოიმოქმედებენ. მხოლოდ დოლარის გაყიდვა გამოსავალი არ არის, პირველ რიგში საჭიროა ქვეყნის გახსნა და კომენდანტის საათის გადაწევა, რათა ჩვენ შევძლოთ ამ კრიზისის გადატანა“, - განუცხადა კომერსანტს გურამ ბაღდოშვილმა.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.