ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რესტორნების ქსელი „ძველი როიალი“ მუშაობას გაზაფხულიდან განაახლებს
28 იანვარი, 2022

საავტორო, კონცეპტუალური რესტორნების ქსელი ,,ძველი როიალი“, თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ, მომხმარებლებს გაზაფხულიდან უმასპინძლებს. დახურვის გადაწყვეტილება რესტორნის მფლობელმა, ბიზნესმენმა დავით ბეგიაშვილმა კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მიიღო. როგორც ბიზნესმენი ,,კომერსანტთან“ ამბობს,  ახლა პანდემიას სხვა მოცემულობა აქვს, ამიტომ სასურველი იქნება ბიზნესთან დაკავშირებით პროტოკოლი შეიცვალოს.

დავით ბეგიაშვილი ფიქრობს, რომ დღესდღეობით სხვა მექანიზმია შესამუშავებელი, ვიდრე ეს ,,მწვანე პასპორტია“, რამაც სარესტორნო ბიზნესს რეალურად ვერ უშველა და სიტუაცია ისევ მძიმეა.

,,პანდემიისას რესტორანი 15%-იანი დატვირთვით მუშაობდა. ამიტომ ჩავთვალეთ, რომ უნდა დაგვეკეტა, სხვა შემთხვევაში, ზარალი გარდაუვალი იქნებოდა.  ცხადია, სარესტორნო მომსახურებაზე პანდემიისას ის დატვირთვა არ არის, რაც 2020 წლამდე იყო, ამიტომ მუშაობამ აზრი დაკარგა. ამ ეტაპზე საქმიანობა დროებით შეჩერებული გვაქვს, გახსნას გაზაფხულიდან ვგეგმავთ. ვიხსნებით იმ იმედით, რომ რაღაც შეიცვლება უკეთესობისკენ, ჯერჯერობით ვაკვირდებით სიტუაციას, ძალებს ვიკრებთ. თანაც, გაზაფხული ის პერიოდია, როცა სარესტორნო ბიზნესისთვის ხარჯი (მათ შორის, გათბობასთან დაკავშირებით) მცირდება და ამანაც შეიძლება შეამსუბუქოს მდგომარეობა“, - აცხადებს ბიზნესმენი ,,კომერსანტთან“.

დავით ბეგიაშვილის თქმით, ,,მწვანე პასპორტის“ გავლენა სარესტორნო ბიზნესზე ნეგატიური აღმოჩნდა, ამიტომ შესაძლებელია ამ გამოცდილების გათვალისწინებით, სხვა მექანიზმი შემუშავდეს.

„დროა, პროტოკოლი შეიცვალოს, ახლა სხვა მოცემულობის წინაშე ვდგავართ, ომიკრონის  ფორმულაც განსხვავებულია. აცრასაც ბევრ შემთხვევაში არ ეგუება და ამიტომ უფრო მოქნილი მექანიზმია შესამუშავებელი. მთავარია, დარგს ეშველოს და უსაფრთხოებაც იყოს დაცული, ოქროს შუალედია მოსაძებნი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჰორეკა სექტორში ბევრი კომპანია გაკოტრდება. ჩვენ გვიშველა იმანაც, რომ საკუთარი ფართი გვაქვს, მაგრამ ამავე დროს ბევრია იჯარით მომუშავე რესტორნები, რომლებიც შეიძლება გაკოტრდნენ ამ სიტუაციაში“, - დასძენს ბეგიაშვილი.

მისი ინფორმაციით, პანდემიამდე ,,ძველ როიალში“ 25 ადამიანი იყო დასაქმებული. ეს კადრი თითქმის სრულად შენარჩუნებულია პარალელური ბიზნესის საშუალებით. ნაწილმაც  კომპენსაცია მიიღო და როგორც კი რესტორანი მუშაობას განაახლებს, თანამშრომლებიც საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ.

შეგახსენებთ, რომ  საქართველოში „მწვანე პასპორტი“ 1-ლი დეკემბრიდან მოქმედებს. „მწვანე პასპორტის“ გარეშე მომხმარებლები კაფეებისა და ბარების ღია და დახურული სივრცეებში, რესტორნებში, კინოთეატრებში,  მუზეუმებში, ოპერაში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებში, სპა-ცენტრებში, ფიტნესდარბაზებში, სასტუმროებსა და სამთო კურორტების საბაგირო გზებზე არ დაიშვებიან.  

რაც შეეხება პანდემიური კრიზისის გავლენას, რესტორატორთა ასოციაციის მონაცემით, კორონავირუსის გამო სარესტორნო ბიზნესში დასაქმებულთა რაოდენობა განახევრებულია.

commersant.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.