რესტორნების თანამშრომლებისთვის საშვების გაცემის საკითხის გადაწყვეტა დაწყებულია - თურნავა
8 დეკემბერს საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა, ბიზნეს-ომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი და მთავრობის სხვა წარმომადგენლები რესტორატორებს შეხვდნენ. რამდენიმე სხვა საკითხთან ერთად, რესტორატორებმა მინისტრთან დააყენეს საკითხი საშვების შესახებ ე.წ. კომენდანტის საათის დროს. კერძოდ, როგორც ისინი ამბობენ, რესტორნებს ღამით საშვის მიღება მხოლოდ ე.წ. დელივერის თანამშრომლებისთვის შეუძლიათ, ხოლო მზარეულებისთვის და მძღოლებისთვის - არა, რადგან ეს დაშვებული არ არის. რესტორატორების ინფორმაციით, ხშირად მზარეულებს დილამდე სკამებზე სძინავთ, ვინაიდან მუშაობას ღამის 1-2 საათზე ამთავრებენ, მაგრამ დილის 5 საათამდე სახლებში წასვლა არ შეუძლიათ.
ნათია თურნავამ საკითხის გადასაწყვეტად 1 კვირიანი ვადა ითხოვა, ხოლო დღეს bm.ge-მ მას ჰკითხა - დაუშვებს თუ არა მთავრობა რესტორნების პერსონალისთვის საშვებს:
„ერთ-ერთი საკითხი, რომელიც რესტორნებმა ჩემთან შეხვედრისას დააყენეს, ეს იყო საშვების თემა. დიახ, მათ აქვთ შესაძლებლობა ღამითაც ამუშაონ მზარეულები, სწორედ ამ მიმართულებით ითხოვდნენ საშვებს; გარდა ამისა, მათ ბევრი საკითხი დააყენეს, რომელიც დადებითად გადაწყდა; მაგალითად, ბანკის სესხის სუბსიდირების საკითხი, გადასახადების გადავადება და ქონების გადასახადის საკითხიც. რაც შეეხება საშვების თემას, იმ დღესვე შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელშიც მეც ვარ, ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს კომუნიკაცია და ამ საკითხის გადაწყვეტა უკვე დაწყებულია“, - განაცხადა თურნავამ.
www.bm.ge