ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ტურისტების მოზღვავების ფონზე, როგორ შეხვდა სარესტორნო ბიზნესი ზაფხულის სეზონს?
04 ივლისი, 2022

აჭარაში ტურისტული სეზონი 15 ივნისს ოფიციალურად გაიხსნა. თუმცა რეგიონში დამსვენებლების სიმრავლე მანამდეც შეინიშნებოდა, განსაკუთრებით რუსი, ბელარუსი და უკრაინელი ტურისტები სჭარბობენ.

„კომერსანტი“ დაინტერესდა ტურისტების სიმრავლის ფონზე, რა ვითარებაა რეგიონში სარესტორნო სექტორში და როგორ ხვდება პანდემიის შემდეგ გაზრდილ მოთხოვნას განახევრებული სფერო.

რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი შოთა ბურჯანაძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ ტურისტულ სეზონის კიდევ უფრო გააქტიურების შემდეგ, სარესტორნო სექტორში კადრების დეფიციტის გამო, აჭარაში რესტორნებთან რიგები და დაგვიანებული შეკვეთები ჩვეულებრივი მოვლენა იქნება.

„15 ივლისიდან როდესაც ზაფხულის ტურიზმი აქტიურ ფაზაში შედის, ყველაზე დატვირთული აჭარა და კონკრეტულად ბათუმი იქნება. როგორც ადგილობრივ ასევე ჩამოსულ ტურისტებს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებიდან ტრადიციულად ყოველ წელს არიან, დაემატებათ მიგრანტები რუსეთიდან, ბელარუსიიდან და უკრაინდან და ნაკადი ძალიან დიდი იქნება. ჩვენი ინფრასტრუქტურა კი ასეთი დიდი რაოდენობისთვის მზად ნამდვილად არ არის. პრობლემა რომელიც დღევანდელ დღეს ყველაზე მეტად უდგას სარესტორნო სფეროს ეს არის კადრების სიმცირე, რომელიც დიდ პრობლემას შექმნის, მოსალოდნელია რიგები რესტორნებთან და დაგვიანებული შეკვეთები. ეს სამწუხაროდ დღევანდელი აჭარის რეალობაა.

აჭარაში ხარისხის პრობლემა ადრეც იყო და დღევანდელი რეალობიდან ეს კიდევ უფრო შესამჩნევი გახდება. იმდენად დიდი და მოჭარბებული იქნება წელს ტურისტების რაოდენობა არსებული ინფრასტრუქტურის ფონზე, რომ ყველა სეგმენტზე გათვლილი რესტორანი იმუშავებს, ასე რომ წელს ვერ გამოვყოფ უფრო მოთხოვნადი ძვირადღირებულ თუ საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანებისთვის გათვლილი კაფე-ბარი იქნება“, — ამბობს ბურჯანაძე.

ბათუმის რესტორანის „დელირიას“ მფლობელი ნინო გაბუნიაც „კომერსანტთან“ კადრების დეფიციტის გადაუჭრელ პრობლემაზე საუბრობს.

„მომხმარებლების რაოდენობა საკმაოდ დიდია, სეზონის დასაწყისიდან ზრდა აშკარად შეინიშნება. უფრო მნიშვნელოვანი საკითხია როგორ მუშაობს და რა პრობლემებით ხვდება ტურისტულ სეზონს სარესტორნო ბიზნესი აჭარაში, კოვიდის პერიოდში თითქმის ყველა ინსტანციაში ვიყავი მისული და ვეუბნებოდი, რომ კოვიდი გაივლის და ეს სფერო პერსონალის გარეშე დარჩება, მაგრამ ყურადღება არავინ მომაქცია. ნახევარზე მეტი რესტორანი თავს ვერ ვართმევთ, რადგან პერსონალი არ გვყავს და ვერც ვპოულობთ ახალ კადრებს, მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ კარგ ანაზღაურებას ვთავაზობთ და უკვე არც დიდ პროფესიონალიზმს ვითხოვთ მათგან, უბრალოდ საჭირო კადრი არ არის. სამუშაო ბაზარზე დეფიციტის არსებობამ და ინფლაციამ გამოიწვია ის, რომ გვიწევს მეტი ხელფასი შევთავაზოთ უკვე არსებულ კადრებს და ეს ხარჯი მენიუს ფასების ზრდით დავაკონპენსიროთ. შემიძლია ვივარაუდო რომ ზაფხულის სეზონი კატასტროფულად ჩაივლის, კადრების დეფიციტის გამო ბევრი სტუმრის მომსახურებას ვერ შევძლებთ, იგივე ხარისხის ფონზე კი ფასების ზრდა მოგვიწევს“, -აღნიშნავს ნინო გაბუნია.

ცნობისთვის, საქართველოში 5 თვეში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 906 670 იყო, რაც 2019 წელთან შედარებით 54.8%-იანი აღდგენაა.

commersant.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.