საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ინფრასტრუქტურული სამუშაოები რამდენიმე თვეში დასრულდება.
ბოტანიკურ ბაღში რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. დაწყებულია ბოტანიკური ბაღის ცენტრალურ ნაწილში მდებარე სკვერის რეკონსტრუქცია და ახალი ადაპტირებული საპირფარეშოს მოწყობა. პროექტის ეს ნაწილი 179 600 ლარი ჯდება და მას თბილისის მერია აფინანსებს.
ბაღში ასევე, მოეწყობა ველობილიკები, რასაც ფონდი „ქართუ“ სრულად აფინანსებს.
„მნიშვნელოვანია, ბაღის ცენტრში მდებარე ლაბორატორიის შემოსასვლელში გადატანა, რათა ბაღის ტერიტორიაზე ავტომანქანების შესვლა აიკრძალოს. ბაღის მოვლა-პატრონობასა და მოწესრიგებაში ფონდი „ქართუ“ გვეხმარება. დაიწყება მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, რომელიც მთლიანად წავკისის ხეობას გაჰყვება. ეს არის საფეხმავლო და ველობილიკები, რომელიც ბაღში ვიზიტორების რაოდენობას კიდევ უფრო მეტად გაზრდის“, - განაცხდა კახა კალაძემ.

ბოტანიკური ბაღის დირექტორის თამაზ დარჩიძის განცხადებით, ინფრასტრუქტურული სამუშაოების ნაწილი სექტემბრის ბოლომდე დასრულდება. მისი თქმით, იგეგმება ვიზიტორთა ინფრასტრუქტურის მოწესრიგება - ეს არის გზები, სკვერები და ბილიკები. სამუშაოები მუნიციპალური დაფინანსებით ხორციელდება, რომლის ოდენობა ნახევარ მილიონ ლარს აჭარბებს. სამუშაოების ნაწილი დასკვნით ეტაპზეა, ნაწილი კი, სექტემბრის ბოლომდე დასრულდება“, - განაცხადა თამაზ დარჩიძემ.
ორი კვირის ვადაში, ბოტანიკური ბაღის ცენტრალურ ტურისტულ მარშრუტზე დეკორატიული მოაჯირებისა და მდინარის ხეობის საყრდენი კედლის მოწყობა დასრულდება, რომლის ღირებულება 87 000 ლარს შეადგენს. ასევე, ორ კვირაში დასრულდება სოლოლაკის ხეივნისა და ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის დამაკავშირებელი კიბეების მოწყობის სამუშაოების პირველი ეტაპი, რომლისთვისაც 29 500 ლარია გამოყოფილი.
თბილისის მერიის ცნობით, ორი კვირის ვადაში ბოტანიკური ბაღის ახალი ადმინისტაციული და ლაბორატორიული კორპუსის ესკიზისა და შესაბამისი პროექტის შესყიდვის მიზნით კონკურსი, ხოლო ერთი თვის ვადაში, საერთაშორისო ბოტანიკური ბაღის ლანდშაფტური განვითარების გენერალური გეგმის შექმნის მიზნით ტენდერი გამოცხადდება, რომელიც ბაღის ინფრასტრუქტურის, დეკორატიული უბნებისა და მცენარეთა კოლექციების განვითარების უზრუნველსაყოფად, გრძელვადიანი სამოქმედო, კონცეპტუალური გეგმა იქნება.
ბოტანიკური ბაღის განვითარების მიზნით, წლის ბოლომდე არაერთი საინტერესო პროექტის განხორციელება იგეგმება, რომელთა შორის ბონსაის საგამოფენო სივრცის მოწყობაა. დედაქალაქის მერიის დაფინანსებით, ბოტანიკური ბაღის კოლექციაში ბონსაის 15-მდე ეგზემპლარი უკვე შეტანილია.
www.travelingeorgia.ge