ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რის გაკეთება იგეგმება ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალში
21 აგვისტო, 2018

ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის სარეაბილიტაციო-საკონსერვაციო სამუშაოები 2020 წელს დასრულდება. რეაბილიტაციის მე-2 ეტაპი გულისხმობს გვირაბის, რკინის ხიდის, საფორტიფიკაციო ნაგებობების, სასახლეებისა და უნიკალური წყალსაცავის მოწესრიგებასა და სრულ კონსერვაციას.

კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს ცნობით, სამხატვრო აკადემიის მხატვარ-რესტავრატორთა ჯგუფის ხალისხმევით დასრულდა ორმოცმოწამეთა ტაძრის კედლის მხატვრობის კონსერვაციის პირველი ეტაპი. დასრულებულია ტაძრის ავთენტური ფორმის ახალი კრამიტით გადახურვა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ახალი ეტაპი ნაქალაქარის ინფრასტრუქტურული ნაწილის მოწესრიგებას მოიცავს. მოეწყობა სავალი ბილიკები, მისასვლელი გზები და საინფორმაციო ბანერები. დასრულდება ნაქალაქარის ფერდობისა და ციტადელის პროექტირებაც. პროექტის ფარგლებში ასევე იგეგმება ახალი სამუზეუმო სივრცის მოწყობა, სადაც ექსპოზიციის სახით ნოქალაქევის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არტეფაქტები გამოიფინება.

ახალ მუზეუმში განთავსდება თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქიმიურ-სარესტავრაციო ლაბორატორია, რომელიც დასავლეთ საქართველოში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მიმდინარე არქეოლოგიურ მისიებს მოემსახურება.

2016 წელს დაწყებული კომპლექსური სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება - 4 წლის განმავლობაში 14 მლნ ლარით.

ცნობისთვის: ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორია ძვ.წ. VIII-VII საუკუნეების კოლხეთის სამეფოს ერთ-ერთ ცენტრს წარმოადგენდა. ძვ.წ. IV-III საუკუნეებში მასზე განთავსებული იყო ერისთავ ქუჯის რეზიდენცია. IV-VIII საუკუნეებში კი ნოქალაქევი ეგრისის (დასავლეთ საქართველოს) სამეფოს დედაქალაქ ,,ციხეგოჯს", ,,არქეოპოლისს" წარმოადგენდა. ეგრისის სამეფო რეზიდენცია განლაგებული იყო 20 ჰექტარზე და სამი ნაწილისგან შედგებოდა: ქალაქი გარშემორტყმული იყო IV, V და VI საუკუნეებში აგებული სამი მტკიცე კედლით. სხვადასხვა დროს წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად, ნოქალაქევის ტერიტორიზე აღმოჩენილია გალავან-სამზღუდი, ანტიკური ხანის ციტადელის ეგრისის მეფეთა სასახლეების ნაშთები (IV-VI სს.), სამეფო და სამოქალაქო აბანოები, წყალსაცავი (IV-VI სს.), მდინარეზე გამავალი საიდუმლო გვირაბი, IV-VI საუკუნეთა ეკლესიების არქეოლოგიურად გამოვლენილი ნაშთები, XVI-XVIII სს. მხატვრობით შემკული ,,ორმოც მოწამეთა" გუმბათიანი ტაძრი (VI ს.). 

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.