ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რით დასტურდება, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა? - კვლევის შედეგები
15 ნოემბერი, 2017

მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებამ აღიარა, რომ მეღვინეობის უძველესი კვალი სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე იქნა აღმოჩენილი, საიდანაც ის მთელ მსოფლიოში გავრცელდა და უდიდესი გავლენა იქონია სოფლის მეურნეობის, ხალხთა კულტურის, ბიოლოგიის, მედიცინისა და, ზოგადად, ცივილიზაციების ჩამოყალიბებაზე. 

ღონისძიება, რომელიც აღნიშნული საკითხის განხილვას მიეძღვნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გახსნა. 

„2013 წელს ღვინის მწარმოებელთა ასოციაცია შევიკრიბეთ და საქართველოს მაშინდელ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს შევხვდით. შეხვედრაზე ვისაუბრეთ, რომ საქართველოს ძლიერი მხარე არის მრავალწლიანი, უწყვეტი ღვინის კულტურა და ეს არის ის მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც კარგად უნდა იყოს შესწავლილი და მსოფლიოს საქართველომ დასაბუთებული სამეცნიერო თვალსაზრისით აჩვენოს, რომ მართლაც არის ღვინის სამშობლო, არის ის ქვეყანა, სადაც პირველად მოხდა ვაზის მოშინაურება, პირველად მოხდა ღვინის წარმოება და რომ საქართველოს აქვს აგროკულტურის ძალიან დიდი ისტორია. ყოველივე ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი იდენტობისთვის, ქართული კულტურის საერთაშორისო დონეზე კომუნიკაციისთვის. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ყოფილ პრემიერ-მინისტრს, რომელმაც მხარი დაუჭირა ამ ინიციატივას და ღვინის სააგენტომ შეძლო ასეთი მასშტაბის პროექტის განხორციელება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. 

მოწვეულ სტუმრებს „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სახელმწიფო სამეცნიერო პროექტის“ დასრულებისა და მიღებული მსოფლიო მნიშვნელობის შედეგების შესახებ ინფორმაცია სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორმა, დავით ლორთქიფანიძემ და ასოციაციის „ქართული ღვინო“ თავმჯდომარემ, თინა კეზელმა გააცნეს. 

აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამეცნიერო ჟურნალში PNAS (მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული სამეცნიერო ჟურნალი) გამოქვეყნდა სტატია სახელწოდებით „Early Neolithic wine of Georgia in the South Caucasus“ („საქართველოს ადრეული ნეოლითური ღვინო სამხრეთ კავკასიიდან“). ქართველ მეცნიერებთან ერთად, სტატიის ავტორები არიან მეცნიერები აშშ-დან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, კანადიდან, დანიიდან და ისრაელიდან. 

სტატიაში საუბარია საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალის ახლადჩატარებული მულტიდისციპლინარული კვლევის შესახებ, რომელიც ადასტურებს, რომ აქ მოსახლე ტომები ღვინოს ჯერ კიდევ ძვ.წ. 6000-5800 წლებში, ე.ი. 8000 წლის წინ აყენებდნენ. 

2014 წლიდან, ასოციაციის „ქართული ღვინო“ ინიციატივით და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ღვინის ეროვნული სააგენტო ხელმძღვანელობს საერთაშორისო მულტიდისციპლინარულ პროექტს „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევა“. პროექტში, ქართველ მეცნიერებთან ერთად, მონაწილეობენ პენსილვანიის, მონპელიეს, მილანის, კოპენჰაგენის, ტორონტოს უნივერსიტეტების, ისრაელის ვაისმანის ინსტიტუტისა და მონპელიეს აგრარული კვლევების ეროვნული ინსტიტუტის (INRA) თანამშრომლები. 
პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი დავით ლორთქიფანიძე, ხოლო კოორდინატორი − ღვინის ეროვნული სააგენტოს მეცნიერი, საქართველოს მევენახეობის დარგის პროფესორი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი დავით მაღრაძე. 

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის ექსპედიციების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ნეოლითური ხანის (ძვ.წ. VI ათასწლეული) ძეგლების კვლევა მე-20 საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო. სხვადასხვა დროს მას ხელმძღვანელობდნენ ალექსანდრე ჯავახიშვილი, ოთარ ჯაფარიძე და თამაზ კიღურაძე. ამჟამად გათხრებს ხელმძღვანელობს არქეოლოგი მინდია ჯალაბაძე. უკანასკნელ წლებში საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიციების მხარდამჭერები არიან ღვინის ეროვნული სააგენტო, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი და ტორონტოს უნივერსიტეტი. 

პროექტის ფარგლებში პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორის პატრიკ მაკგოვერნის ხელმძღვანელობით ჩატარებული ბიომოლეკულარული კვლევების შედეგად მარნეულის რაიონში მდებარე ნეოლითის პერიოდის „გადაჭრილი გორის“ და „შულავერის გორის“ არქეოლოგიურ ძეგლზე უკანასკნელი პერიოდის გათხრების დროს აღმოჩენილი თიხის ჭურჭლის კედლებზე ღვინისათვის დამახასიათებელი ორგანული მჟავების (ღვინის მჟავა, ვაშლმჟავა, ქარვამჟავა და ლიმონმჟავა) არსებობა დადასტურდა, რაც Vitis vinifera-ს ვაზის ჯიშისგან დამზადებული ღვინის მარკერია. 

საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერების, ელისო ყვავაძისა და ნანა რუსიშვილის მიერ მუზეუმში ჩატარებულმა პალეობოტანიკურმა კვლევებმა ცხადყო, რომ ადრეული ნეოლითის ხანაში ამ რეგიონში ვაზის კულტურა ფართოდ იყო გავრცელებული. მილანის უნივერსიტეტის მკვლევრებმა, ოსვალდო ფაილას ხელმძღვანელობით, აღადგინეს ძვ.წ. VI ათასწლეულის კლიმატი და დაადასტურეს, რომ ქვემო ქართლში 8000 წლის წინ ვაზის კულტივირებისთვის შესაბამისი პირობები იყო. ისრაელის ვაისმანის ინსტიტუტში, ელიზაბეტა ბოარეტოს ხელმძღვანელობით განხორციელებული ლაბორატორიული კვლევების შედეგად, C14-ის დათარიღების მეთოდით ნიმუშების ასაკი განისაზღვრა ძვ.წ. 6000-5800 წლებით, რაც 600 - 1000 წლით უფრო ძველია, ვიდრე აქამდე უძველესად მიჩნეული ღვინის კვალი ზაგროსის მთიანეთიდან (ირანი). 

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა დოკუმენტური ფილმის „საქართველო-ღვინის სამშობლო“ ჩვენება. ფილმი გადაღებულია ღვინის ეროვნული სააგენტოს დაკვეთით, „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სახელმწიფო სამეცნიერო პროექტის“ ფარგლებში „სინემანის ფილმსის“ მიერ. 

#სოფლისმეურნეობა2017

www.bm.ge




© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.